ბრმა ტყვიით დაღუპული ქალის სიძე - 20 წელი პოლიციაში რომ მუშაობ, კარანტინის დროს გამოხვალ და გასროლა აზრად მოგივა, ეს უკვე დანაშაულია

20 წელი პოლიციაში რომ მუშაობ, კარანტინის დროს გამოხვალ და გასროლა აზრად მოგივა, ეს უკვე დანაშაულია, - ამის შესახებ პოლიციელის მიერ გასროლის შედეგად მოკლული თამარ ანთელავას ოჯახის წევრმა, თემო პირველაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ის განმარტავს, გამოძიება სწორი მიმართულებით მიმდინარეობს.

"პროცესი ადვოკატებმა ისეთი დეტალებით გახსნეს, ცოტა ცუდი მოსასმენი იყო, მექანიკურ და ელემენტარულ შეცდომებზე საუბრობდნენ, ასეთ დროს ოჯახის მდგომარეობაც უნდა გაითვალისწინონ. მერე გირაო მოითხოვეს, ვეღარ გავძელი და გამოვედი პროცესიდან, ძალიან ცუდი მოსასმენია ეს. როცა ადვოკატი ამბობს, 3 შვილი ჰყავს, პოლიციაში ამდენი წელი მუშაობდაო, მაშინ მეორე მხარესაც შეხედოს. თუ გამოშვება უნდათ, გამოუშვან, უბრალოდ გამაღიზიანენებელია ეს ფაქტი. როცა ის ოჯახი მოდის და ამბობს, არანაირი პრობლემა არ გვაქვსო, მაშინ მის ადვოკატებს უთხრან, რომ ასეთი რაღაცები არ ილაპარაკონ. გასაგებია რომ ეს დანაშაული განზრახ არ ჩაუდენია, პირადად არ იცნობდა, მაგრამ 20 წელი პოლიციაში რომ მუშაობ, კარანტინის დროს გამოდიხარ და აზრადაც მოგივა გასროლა, ეს უკვე დანაშაულია. რაც შეეხება ჩვენ მოლოდინს, ზუსტად ვიცი გამოძიება სწორად წარიმართება და მიესჯება. წესით, თვითონაც ეს უნდა უნდოდეს, ამას სუფთა ადამიანური კუთხით ვუდგები, სხვა არაფერი მაინტერესებს. თუ თვითონ ვერ აცნობიერებს რა ჩაიდინა, რა გააკეთა, მაშინ ეს მისი პრობლემაა", - განაცხადა პირველაშვილმა.

ცნობისთვის, შემთხვევა 2020 წლის 19 აპრილს მოხდა. ნუცუბიძის ქუჩაზე, ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის აივნიდან პოლიციელის მიერ გასროლილ ტყვიას თამარ ანთელავას სიცოცხლე ემსხვერპლა. გასროლილმა ტყვიამ 600 მეტრით დაშორებულ კორპუსამდე მიაღწია. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს განზრახ მკვლელობას ჩადენილს არაპირდაპირი განზრახვით.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო