რამაზ საყვარელიძე  „ოცნების“  სიაში თემურ აბაზოვის შესაძლო ჩასმაზე - სარისკო ვერსიაა, თუ გადაწყვეტილება მიიღეს

პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძის შეფასებით, „ქართული ოცნება“ გარკვეულწილად რისკზე წავა, თუ მარნეულის ყოფილი მერი, თემურ აბაზოვი პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ პროპორციულ სიაში იქნება.

როგორც რამაზ საყვარელიძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, თუ მმართველი გუნდი შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს, ეს შესაძლოა, პოლიტიკური თვალსაზრისითაც წამგებიანი აღმოჩნდეს.

„ეს დამოკიდებულია იმაზე, მარნეულში როგორი მდგომარეობა აქვს. ალბათ, დიდად სახარბიელო არა. ვფიქრობ, სარისკო ვერსიაა, თუ გადაწყვეტილება მიიღეს. თუმცა, ეჭვი მეპარება, საკითხი გადაწყვეტილი იყოს. ყველა პარტია ცდილობს, სიაში ისეთი ადამიანი ჩართოს, რომელიც შემდეგ რეგიონიდან სიისთვის მაქსიმალურად ბევრი ხმის მოტანაზე იზრუნებს. ამიტომ, ასეთი ლოგიკა ყველა საარჩევნო პროცესს ახლავს თან. თუმცა, არ არის გამორიცხული, წარსულის მიუხედავად, ამ ადამიანს თავის გარშემო მხარდამჭერების დიდი რაოდენობა ჰყავდეს და ამ თვალსაზრისით პარტიისთვის მისი გამოყენება ხელსაყრელი იყოს. მაგრამ, საკითხავია, ეს ხელსაყრელობა რამდენად არის გააზრებული. შესაძლოა, ადამიანების გარკვეული რაოდენობის მობილიზაცია მოახდინოს, ან შესაძლოა, გაცილებით მეტი ადამიანისთვის „საფრთხობელის“ ფუნქცია შეასრულოს და ამომრჩევლებისთვის „ქართული ოცნებისთვის“ ხმის მიცემაზე უარი ათქმევინოს.

ასეთი გადაწყვეტილება მინიმუმ სარისკო იქნება. უფრო ღრმად თუ შევაფასებთ, თავისი პოლიტიკური ნიუანსებით, წამგებიანიც არის, რადგან როცა ადამიანი, რომლის მორალი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას და შენი არჩევით არის დაყენებული სიაში, მერე ყველა ის პრეტენზია, რაც ამ ადამიანის მიმართ არის, შენზე გადმოდის და შენ ხდები პასუხისმგებელი“, - აცხადებს საყვარელიძე.

ცნობისთვის, მარნეულის ყოფილი მერი თემურ აბაზოვი აცხადებს, რომ პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ პროპორციულ სიაში იქნება. რომელ ნომრად იქნება სიაში აბაზოვი, ჯერ გადაწყვეტილი არაა. მარნეულის ყოფილი მერი თემურ აბაზოვი 2018 წლის 13 ივნისს დააკავეს. გამოძიება მას ელჩინ ალახვერდიევის მიმართ არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობას ედავებოდა. რუსთავის საქალაქო სასამართლომ მარნეულის ყოფილი მერის თემურ აბაზოვის მიმართ აღნიშნულ საქმეზე გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა. 2019 წლის თებერვალში თემურ აბაზოვმა მარნეულის მერის თანამდებობა დატოვა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს