გიორგი კანდელაკი - თუ ქვეყანაში ყაზახი ბიზნესმენები უკარანტინოდ შემოდიან, რა დააშავეს საქართველოს მოქალაქეებმა?

თუ ქვეყანაში ყაზახი ბიზნესმენები უკარანტინოდ შემოდიან, რა დააშავეს საქართველოს მოქალაქეებმა? ,- ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" წევრმა გიორგი კანდელაკმა განაცხადა.

მან დღევანდელ ბრიფინგზე ხელისუფლებას მოუწოდა, საქართველოს მოქალაქეთათვის „დისკრიმინაციული და ანტიკონსტიტუციური კარანტინი“ გააუქმოს.

„დღეს ოფიციალურად დადასტურდა, რომ სასტუმრო “რედისონ ბათუმის” სტუმრებს ყაზახეთიდან კორონავირუსი დაუდგინდათ. გავრცელებული ინფორმაციით, სტუმრები ყაზახეთიდან ჩარტერული რეისით ჩამოფრინდნენ ბათუმში. “ევროპული საქართველოს” სახელით მსურს საქართველოს მთავრობას მივმართო კითხვით, თუ როგორ მოახერხეს ყაზახეთიდან ამ რეისის მგზავრებმა საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლა მაშინ, როცა ყაზახეთი არ შედის „გამწვანებული“ ქვეყნების რიცხვში და მათი საქართველოში შემოსვლის მომენტში აღნიშნულ პირებს აუცილებლად უნდა გაევლოთ კარანტინი?

საქართველოს მთავრობამ შექმნა მდგომარეობა, რომელშიც საქართველოს კეთილსინდისიერი მოქალაქეები, მაშინაც კი თუ ისინი მოდიან გამწვანებული, ე.ი. უსაფრთხო ქვეყნებიდან უნდა ისხდენენ ორკვირიან კარანტინში, ხოლო მთავრობასთან კავშირების მქონე პირებს „გაუმწვანებელი“ ქვეყნებიდან შეუძლიათ ქვეყანაში დაუბრკოლებლად შემოსვლა. ბუნებრივად ჩნდება კორუფციის ეჭვი. საკუთარი მოქალაქეების ასეთი დისკრიმინაციით გამოწვეული აღშფოთება კი, სრულიად სამართლიანია“, - განაცხადა კანდელაკმა.

მან მთავრობას მოუწოდა, „გამწვანებულ“ ქვეყნებთან შეუფერხებელი მიმოსვლა გახსნას.

„ამასთან, საქართველოს მთავრობის სიჯიუტე, რეგულარული ფრენები არ გახსნას „გამწვანებულ“ ქვეყნებთან და არ შეიყვანოს ასეთი ქვეყნების სიაში კარგი ეპიდემიოლოგიური სურათის მქონე ქვეყნები (მაგალითად პოლონეთი და საბერძნეთი), ათეულ ათასობით ჩვენს თანამოქალაქეს ტოვებს ყოველგვარი შემოსავლის შანსის გარეშე. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ მთავრობას, გახსნას შეუფერხებელი მიმოსვლა „გამწვანებულ“ ქვეყნებთან და მოხსნას დისკრიმინაციული და ანტიკონსტიტუციური კარანტინი საქართველოს მოქალაქეთათვის“, - განაცხადა კანდელაკმა.

ცნობისთვის, არსებული ინფორმაციით, ბათუმის „რედისონის“ ერთ-ერთ უცხოელ სტუმარს კორონავირუსი დაუდასტურდა.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს