საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის კელი დეგნანის განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია ის მეგობრობა და თანამშრომლობა, რომელიც აშშ-სა და საქართველოს აკავშირებს. როგორც მან კენ ვოლკერის სამედიცინო რეაბილიტაციის საუნივერსიტეტო კლინიკის გახსნის თაობაზე გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს საშუალებით საქართველოს მხარდაჭერას გააგრძელებს.
„ძალიან მნიშვნელოვანია ის მეგობრობა და თანამშრომლობა, რომელიც აშშ-სა და საქართველოს აკავშირებს. პრემიერ-მინისტრმა , პარლამენტის თავმჯდომარემ, ყველამ აღიარა თავიანთ გამოსვლებში თუ რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოსა და აშშ-ს შორის თანამშრომლობა. როდესაც კერძო სექტორი, სამოქალაქო საზოგადოება იკრიბება და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საზოგადოების საჭიროებები დაკმაყოფილდეს. საქართველოს მთავრობასთან, სამედიცინო დარგის წარმომადგენლებთან, კერძო სექტორთან ჩვენი თანამშრომლობის საუკეთესო მაგალითია აღნიშნული ობიექტი და პროგრამა, რომელსაც დღეს ვიწყებთ. როგორც სხვებმა ბრძანეს, ეს არის ოცნება, რომელიც კენ ვოლკერს ჰქონდა 25 წლის წინ და ატლანტიდან თბილისში შეიქმნა თანამშრომლობა საგანმანათლებლო და სამედიცინო სფეროებში. პარტნიორობა ამ ერთი ობიექტის გარდა სხვა ბევრი მიმართულებით გვაქვს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოში ჯანდაცვის სისტემის ხარისხის გაუმჯობესებაში და ეს არის საუკეთესო ნიმუში იმისა, თუ რამდენად კარგად რეაგირებს საქართველოს მთავრობა ამ გამოწვევებზე, მათ შორის, ახალი კორონავირუსის პანდემიაზე. EMORY-ის უნივერსიტეტი გადასცემს ფიზიკური რეაბილიტაციის პროგრამის მემკვიდრეობას ქართველ პარტნიორებს.
საქართველოსა და აშშ-ს საერთო პრიორიტეტები გააჩნია. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ საზოგადოების ყველა წევრი ამ პროცესში სრულად ჩაერთოს. ძალიან ვამაყობ, რომ ბევრი ინიციატივა, რომელიც აშშ-ის საერთაშორიოს განვითარების სააგენტოს ინიციატივით ხორციელდება, ასეთ მნიშვნელოვან პრიორიტეტებს ემსახურება. საქართველომ მნიშვნელოვანი წინსვლა განიცადა, განსაკუთრებით შშმ პირების უფლებების დაცვის კუთხით.
მნიშვნელოვანია, რომ შშმ პირების შესახებ კანონი დამტკიცდა. ისინი თანაბარი პირობებით ისარგებლებენ და მონაწილეობას მიიღებენ საზოგადოების განვითარებაში. ეს ნამდვილად არის პირველი ნაბიჯი ინკლუზიურობისკენ და კვლავ ბევრია გასაკეთებელი.
თუმცა, აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს საშუალებით გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას. ჩვენ ვეხმარებოდით სამინისტროს იმისთვის, რომ საპილოტე სახელმწიფო პროგრამის შემუშავებასა და ბიუჯეტირებაში გარკვეული ძალისხმევა ყოფილიყო რეაბილიტაციის მიმართულებით. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ზოგიერთ ადამიანს, რომელსაც ასეთი სერვისები სჭირდებოდა, ამ ძალიან მიშვნელოვან მიმართულებაზე წვდომა არ ჰქონდა. ვისაც რეაბილიტაცია სჭირდება, ყველას უნდა ჰქონდეს ამის საშუალება. კარგია, რომ საქართველოს მთავრობამ ეს პრიორიტეტად აიარა. ვიმედოვნებ, შშმ პირები ამ მომსახურებით სრულად ისარგებლებენ“,-განაცხადა დეგნანმა.
მისი თქმით, საქართველოს მთავრობასთან, სამედიცინო დარგის წარმომადგენლებთან და კერძო სექტორთან თანამშრომლობის საუკეთესო მაგალითია კენ ვოლკერის სამედიცინო რეაბილიტაციის საუნივერსიტეტო კლინიკის გახსნა.