ბიზნეს ასოციაციაში ელექტროგენერაციის წამახალისებელი სქემები განიხილეს

საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში წევრი კომპანიების, ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლების მონაწილეობით ელექტროენერგიის ობიექტების მშენებლობის იმ წამახალისებელი გარემოს შექმნაზე იმსჯელეს, რომელიც ამ ინდუსტრიაში ინვესტიციების მოზიდვისა და ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად აუცილებელია. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს ბიზნეს ასოციაციიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, შეხვედრაზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მინისტრის მოდგილე დავით თვალაბეიშვილი, ხოლო ფინანსთა სამინისტროს მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ გაგუა წარმოადგენდნენ.

ასოციაციის წევრი კომპანიებისა და ენერგეტიკულ ინდუსტრიაში ჩართულ დაინტერესებულ მხარეებს ჰქონდათ შესაძლებლობა, საკუთარი ხედვა წარმოედგინათ საქართველოს მთავრობის მიერ 2 ივლისს დამტკიცებული განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების მხარდაჭერის სქემის (ჰიდროელექტროსადგურები) შესახებ.

„აღნიშნულ დადგენილებასთან დაკავშირებით, კომპანიებმა გამოთქვეს წუხილი, რომ დადგენილებით განსაზღვრული ელექტროენერგიის წამახალისებელი ტარიფები ჰიდროელექტროსადგურების გარკვეული კატეგორიებისთვის, პროექტის ეკონომიკური მიზანშეწონილობის დასასაბუთებლად საკმარისი არ იქნება. ასევე, გამოითქვა სურვილი, რომ წახალისების სქემები გავრცელდეს 5 მეგავატამდე სიმძლავრის ელექტროსადგურებზეც. საუბარი შეეხო ქარის და მზის ელექტროსადგურების მშენებლობის საკითხებსაც, რადგან არსებული დადგენილება მხოლოდ ჰიდროელექტროსადგურებისგან შესასყიდი ელექტროენერგიის ტარიფებს არეგულირებს.

თავის მხრივ, საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებმა ხაზი გაუსვეს იმ ფისკალურ რისკებს, რასაც ელექტროენერგიის შესყიდვის ვალდებულებები საზოგადოდ აჩენს. ასევე, ხაზი გაესვა იმ აუცილებელი ოპტიმალური პირობების შექმნას, როცა, ერთი მხრივ, დაცულია მომხმარებლებისთვის ელექტროენერგიის მიწოდების უსაფრთხოება, ხოლო მეორე მხრივ, არ იქმნება სახელმწიფო ბიუჯეტზე ჭარბი ვალდებულებების დაწოლის საფრთხე“,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

„საქართველოს ბიზნეს ასოციაცია მუდმივად წარმოადგენს გარკვეულ ხიდს ბიზნესსა და ხელისუფლებას შორის და, ამასთან, საუკეთესო პლატფორმაა მსგავსი დიალოგის გასამართად. დღევანდელ შეხვედრაზე დავრწმუნდით, რომ არსებობს განსხვავებული ხედვები და მოსაზრებები ენერგეტიკულ სექტორში წარმოდგენილ მხარეებს შორის, შესაბამისად, ვფიქრობ, აუცილებელი იქნება მსგავსი დიალოგის შემდგომი წარმართვა იმისთვის, რომ მოხდეს პოზიციების დაახლოება და ოპტიმალური გამოსავლის მოძიება,“- განაცხადა ასოციაციის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა