აშშ-ის ზეწოლის შემდეგ საქართველომ შეცვალა გადაწყვეტილება ამერიკული ნავთობისა და გაზის კომპანიასთან კონტრაქტის შეწყვეტასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ ნათქვამია სტატიაში სახელწოდებით: „ვაშინგტონის ზეწოლის შემდეგ, საქართველომ აშშ-ს ენერგეტიკულ კომპანიასთან დაკავშირებით კურსი შეცვალა“, რომელსაც გამოცემა Eurasianet-ი აქვეყნებს.
ავტორი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ გუშინ გავრცელებულ განცხადებაზე საუბრობს, სადაც აღნიშნულია, რომ საქართველოს მთავრობა კომპანია Frontera Resources-სთან კონტრაქტს აღარ შეწყვეტს. სტატიაში აღნიშნულია, რომ საქართველომ კომპანია Frontera Resources-სთან ხელშეკრულება აპრილში, მას შემდეგ შეწყვიტა, რაც საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლომ დაადგინა, რომ კომპანიამ დაარღვია კონტრაქტი საქართველოს სახელმწიფო ენერგეტიკულ ფირმასთან.
,,Frontera-ს საქართველოში ცოტა დაცმველი ჰყავს; მას პოლიტიკურ სპექტრში ფართოდ განიხილავენ, როგორც არასანდოსა და არაკეთილსინდისიერს. კონტრაქტის დარღვევის გარდა, კომპანია მრავალი თვის განმავლობაში არ აძლევდა თანამშრომლებს ანაზღაურებას. ივლისის დასაწყისში, Frontera-ს თანამშრომელმა თავი მოიკლა, რადგან ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში არ ჰქონდა მიღებული ანაზღაურება, მაგრამ Frontera-მ მოახერხა აშშ-ს კონგრესში რამდენიმე მხარდამჭერის მოპოვება, რომლებიც რამდენიმე თვეა აწარმოებენ კამპანიას თბილისის მოსათაფლად კომპანიასთან თანამშრომლობის გაგრძელებასთან დაკავშირებით. კონგრესის წევრები (რომელთაგან ბევრმა კომპანიისგან კამპანიის შემოწირულობები მიიღო) ამტკიცებდნენ, რომ საქართველოს მთავრობის საქმე Frontera-ს წინააღმდეგ მმართველ პარტია „ქართულ ოცნებაზე“ კრემლის გავლენის შედეგი იყო. მიუხედავად იმისა, რომ ეს პრეტენზიები დაუსაბუთებელია, მათ გარკვეული მხარდაჭერა მიიღეს ვაშინგტონში. 9 ივლისს, წარმომადგენელთა პალატის ასიგნებების კომიტეტმა მიიღო კანონპროექტი, რომელიც 15 პროცენტით შეამცირებს აშშ-ს დახმარების პაკეტს საქართველოსთვის, თუ თბილისი ვერ შეასრულებს რამდენიმე მოთხოვნას, მათ შორის, „უცხოური ბიზნესის უფლებების დაცვას, რათა მათ შევიწროვების გარეშე მუშაობის შესაძლებლობა მიეცეთ”, - ნათქვამია სტატიაში.
ცნობისათვის, გუშინ, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, აღარ მოშალოს „ფრონტერა რისორსიზ ჯორჯია კორპორეიშენთან“ კონტრაქტი და შესაძლებლობა მისცეს კომპანიას, საქმიანობა განაგრძოს საწყისი საკონტრაქტო ტერიტორიის იმ ნაწილში, სადაც ნავთობის მოპოვება ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდიდან მიმდინარეობდა.