მოძრაობა „ხალხისთვის“ - მოვუწოდებთ ხელისუფლების ყველა შტოს, დაიწყოს მუშაობა შრომის პოლიტიკის ფუნდამენტურ ცვლილებებზე

ტყიბულში, მეშახტის მიერ დირექტორის კაბინეტში თვითდაზიანების მიყენების ფაქტს მოძრაობა „ხალხისთვის“ ეხმიანება და საქართველოს მთავრობის ადამიანის უფლებების უწყებათაშორისი საბჭოს თავმჯდომარეს გიორგი გახარიას, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარეს სოფიო კილაძეს და სახალხო დამცველს ნინო ლომჯარიას მიმართავს. „ინტერპრესნიუსი“ მიმართვის ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:

„საქართველოში მეშახტეების ტრაგიკული გარდაცვალება, გაფიცვები და საპროტესტო აქციები უკვე არავის უკვირს, საზოგადოებამ ისიც გააცნობიერა, რომ შახტებში დასაქმებულთა პრობლემები ხელისუფლებისთვის პრიორიტეტული არ არის. თუმცა, 21 ივნისს, ქალაქ ტყიბულში მომხდარმა ფაქტმა კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რომ ქვეყნის მმართველებისთვის საკუთარი მოქალაქეების სიცოცხლე ბევრს არაფერს ნიშნავს. ერთ-ერთმა მეშახტემ დირექტორის კაბინეტში პროტესტის ნიშნად ვენები გადაიჭრა. მიზეზი ხელფასის 900 ლარიდან 300 ლარამდე შემცირება გახლდათ. ელემენტარული საარსებო საშუალების დაკარგვამ ადამიანი თვითმკვლელობის მცდელობამდე მიიყვანა, თუმცა, დარწმუნებულნი ვართ, ეს ფაქტი, რომელიც სულ მცირე სისხლის სამართლის დანაშაულად (თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით - სსსკ 115) უნდა დაკვალიფიცირებულიყო, ისევ მორიგ ფაქტად დარჩება.

ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში ტყიბულის ფაქტზე ხელისუფლების ყველა შტოში სრული მობილიზაცია გამოცხადდებოდა და სისტემურ რეფორმაზე დაიწყებდნენ მსჯელობას. საქართველოში კი ამ შემთხვევას მმართველი გუნდიდან, ფაქტობრივად, სიტყვიერი შეფასებებიც არ მოჰყოლია.

ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ქვეყანაში არ არსებობს ეფექტური და დასაქმებულზე ორიენტირებული შრომის პოლიტიკა, რომელიც უნდა იყოს თითოეულ მოქალაქეზე ორიენტირებული. ამის გამო დასაქმებულები (აღარაფერს ვამბობთ უმუშევრებზე) ყოველდღიურად ებრძვიან მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ პრობლემებს, რასაც კიდევ უფრო ართულებს მათ მიმართ შრომითი უფლებების მასობრივი დარღვევის შემთხვევები.

მიუხედავად უამრავი მცდელობისა, როგორც ჩვეულებრივი მოქალაქეების, ასევე სამოქალაქო აქტივისტების მხრიდან, ეს საკითხი დღესაც მოუგვარებელია და არც გადაჭრის გზებზე მუშაობის მცდელობა ჩანს.

მოძრაობა „ხალხისთვის“ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია შრომის პოლიტიკის ფუნდამენტური ცვლილება. აქედან გამომდინარე მიგვაჩნია, აუცილებელია სახელმწიფომ გაიაზროს, რომ ადამიანების სიცოცხლე არ არის მხოლოდ მშრალი სტატისტიკა, ჩვენ გვჭირდება სახელმწიფო, სადაც მთავარი ღირებულება არის ადამიანი და მისი სიცოცხლე.

მოვუწოდებთ, ხელისუფლების ყველა შტოს, აიღოს პასუხისმგებლობა, იმ პრობლემის მოგვარებაზე, რომლის დაცვასაც მას კონსტიტუცია ავალდებულებს და დაუყოვნებლივ დაიწყოს მუშაობა შრომის პოლიტიკის ფუნდამენტურ ცვლილებებზე, რაც გულისხმობს, როგორც საკანონმდებლო, ასევე აღსრულების მექანიზმების შემუშავებას“, - აღნიშნულია მოძრაობა ხალხისთვის“ გავრცელებულ მიმართვაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო