კურტ ვოლკერი - „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონში ცვლილებები საკმაოდ გონივრულია, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, როგორ აღსრულდება კონკრეტულ შემთხვევებში

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონში ცვლილებები საკმაოდ გონივრულია, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, როგორ აღსრულდება ის კონკრეტულ შემთხვევებში , - ამის შესახებ ამერიკელმა დიპლომატმა, აშშ-ის პრეზიდენტის ყოფილმა სპეციალურმა წარმომადგენელმა უკრაინასა და ყოფილმა წარმომადგენელმა ნატო-ში, კურტ ვოლკერმა „ინტერპრესნიუსთან“ განაცხადა.

მან ისაუბრა „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონში ცვლილებების შესახებ და აღნიშნა, რომ კანონმდებლობის მიღმა ძალიან გონივრულ მიზნებს ხედავს.

„ერთ-ერთი მათგანია ის, რომ როდესაც თქვენ გაქვთ სტრატეგიული აქტივები, რომლებიც განიხილება, როგორც მნიშვნელოვანი საქართველოს ეროვნული უსაფრთხოებისთვის, ისინი არ უნდა გაიყიდოს კერძო კომპანიებზე მთავრობის ნებართვის გარეშე, ასევე, როდესაც კერძო კომპანიაა მფლობელი, სხვა მხარისთვის არ უნდა შეეძლოს მიყიდვა მთავრობის ნებართვის გარეშე - სწორედ ასეა შესაძლებელი იმის თავიდან არიდება, რომ საკუთრება რუსეთი ან ჩინეთის ხელებში არ გადავიდეს ან რაიმე მსგავსი. ამის გაკეთება საკმაოდ გონივრულია. მეორე, რასაც, ჩემი აზრით, კანონმდებლობა აკეთებს, ისაა, რომ ის ცდილობს, რეგულატორების ადმინისტრაციული საშუალებები გააძლიეროს, რათა კომპანიებმა შეასრულოს მთავრობის გადაწყვეტილებები, რაც ასევე ძალიან გონივრულია. ასე რომ, ვფიქრობ, თავად კანონმდებლობას საკმაოდ გონივრული მიზნები აქვს“, - აღნიშნა ვოლკერმა.

ის ასევე გამოეხმაურა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ყოფილი მოადგილის, მეთიუ ბრაიზას ინტერვიუს „ინტერპრესნიუსთან“, სადაც ყოფილი დიპლომატმა ისაუბრა „კავკასუს ონლაინსა“ და კომუნიკაციების კომისიას შორის არსებულ პრობლემებზე და ვარაუდი გამოთქვა, რომ შესაძლოა, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონში ცვლილებები სწორედ ამ ერთ კონკრეტულ კომპანიას უკავშირდებოდეს.

„სხვა საკითხია, როგორ იქნება გამოყენებული კანონმდებლობა კონკრეტულ შემთხვევებში, და თქვენ გაქვთ განსაკუთრებული შემთხვევა, დაკავშირებული ამ კომპანიასთან, რომელიც ცდილობდა, განემარტა სიტუაცია რეგულატორთან ერთად. როგორც ვიცი, ახლაც საუბრობენ რეგულატორთან, მაგრამ რამდენიმე საკითხი უკავშირდება იმას, თუ როგორ შეიძლება, იქნას ეს კანონმდებლობა გამოყენებული. გაყიდვა უკვე მოხდა და როგორც მესმის, რეგულატორი ამბობს, რომ კომპანიამ არ შეასრულა მოთხოვნა რეგულატორის წინასწარი ნებართვის მიღების ნაწილში. მაგრამ ვფიქრობ, მთავრობა უბრალოდ, ფრთხილად უნდა იყოს, რომ იმდენად შორს არ წავიდეს, რომ გამოჩნდეს, თითქოს ადმინისტრატორის პოზიციას ასრულებს ან კერძო ინვესტიციას იგდებს ხელში, რადგან შეიძლება, ამას უცხოურ ინვესტიციების შენელების ეფექტი ჰქონდეს. თუ ხდება იმის გაცნობიერება, რომ საქართველოში ინვესტიციას ახორციელებს და რისკავს, რომ მთავრობამ უკუაგდოს ეს ინვესტიცია, ან კომპანიის მენეჯმენტი ჩაიგდოს ხელში, პოტენციურად, გაათავისუფლოს დირექტორები ან გაასხვისოს კომპანია, ეს ისეთი რამეებია, რის საშუალებასაც იძლევა კანონმდებლობა და უმნიშვნელოვანესია, როგორ აღსრულდება ის კონკრეტულ შემთხვევებში, - ეს მაქსიმალურად სამართლიანად, გამჭვირვალედ და გონივრულად მოხდეს. იმედი მაქვს, მთავრობა და კომპანია შეთანხმებას მიაღწევენ“, - განაცხადა კურტ ვოლკერმა „ინტერპრესნიუსთან“.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა