მცხეთის სამედიცინო ცენტრში კორონავირუსით ინფიცირებული 54 პაციენტი მკურნალობს, ერთის მდგომარეობა კრიტიკულია

მცხეთის სამედიცინო ცენტრის კლინიკური დირექტორის ლიკა მუმლაძის განცხადებით, ამჟამად კლინიკაში 54 კოვიდინფიცირებული მკურნალობს.

როგორც მან დღევანდელ პრესკონფერენციაზე განმარტა, ბოლო 24 საათში კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 2 ახალი პაციენტი მოათავსეს, რომელთაგან ერთი სატვირთო ავტომობილის მძღოლია, ხოლო მეორე ე. წ.ლილოს კლასტერს უკავშირდება.

მისი თქმით, პაციენტების უმრავლესობის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე და საშუალო სიმძიმისაა, თუმცა როგორც ლიკა მუმლაძე განმარტავს, კლინიკაში ერთი კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი 80 წლის პაციენტია, რომელსაც თანხმლები დაავადებებიც აქვს.

"ამ ეტაპზე ჩვენს კლინიკაში მკურნალობას გადის 54 კოვიდინფიცირებული პაციენტი. ბოლო 24 საათის განმავლობაში შემოვიდა 2 ახალი პაციენტი დადასტურებული შემთხვევით. ჩვენთან მყოფი პაციენტების მდგომარეობა ფასდება, როგორც მძიმე და საშუალო სიმძიმის პაციენტები. თუმცა, მათ შორის გვყავს ე. წ უსიმპტომო პაციენტებიც დაავადების მსუბუქი მიმდინარეობით. გვყავს რამდენიმე მძიმე პაციენტი, რომლებიც გადიან მკურნალობას რეანიმაციულ განყოფილებაში, თუმცა მათგან ერთ-ერთი არის კრიტიკული პაციენტი. ქალბატონი ჩვენთან უკვე ხანგრძლივი დროის განმავლობაში მკურნალობს, ივნისის თვიდან. მისი მდგომარეობა მძიმეა და მართვით სუნთქვაზე იმყოფება. ქალბატონი კორონავირუსულ ინფექციასთან ერთად შემოვიდა მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტით და ბევრი თანხმლები ქრონიკული დაავადებით, მას აქვს მძიმე ქრონიკული გულის უკმარისობა, სარქლოვანი პათოლოგია, გულის რითმის მოშლა და ორმხრივი მწვავე პნევმონია"-აცხადებს მუმლაძე.

როგორც ის განმარტავს, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება ასაკთან ერთად, თანდართულმა დაავადებებმა განაპირობა.

" ეს კონკრეტული ქალბატონი საბურთალოს მცხოვრებია. თუმცა, ახლა ძირითადად ჩვენს კლინიკაში არიან ე. წ იმპორტირებული შემთხვევები, სატვირთო ავტომობილის მძღოლები, რამდენიმე პაციენტი არის ე. წ ლილოს კლასტერიდან, ლილოს ბაზრობის თანამშრომლები და მათი ოჯახის წევრები", - აცხადებს მუმლაძე.

მისი თქმით, ბოლო პერიოდში ინფიცირებულთა რაოდენობის რიცხვის გაზრდა მიუთითებს იმაზე, რომ მოსახლეობა დადგენილ რეკომენდაციებს სათანადოდ არ იცავს.

იხილეთ ვიდეო:მცხეთის სამედიცინო ცენტრში კორონავირუსით ინფიცირებული 54 პაციენტი მკურნალობს, ერთის მდგომარეობა კრიტიკულია

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს