მამა ილია ნასიძე - შვილებს უნდა ვასწავლოთ შენდობა, დანდობა, პატიება, პატივისცემა და სხვისი სიცოცხლის მოფრთხილება

უნდა ვასწავლოთ შვილებს შენდობა, დანდობა, პატიება, სხვისი პატივისცემა და სხვისი სიცოცხლის მოფრთხილება. მაგრამ ჯერ ამისთვის მშობლებმა უნდა ვისწავლოთ ქრისტეს სიყვარულით ცხოვრება , - ამის შესახებ სამების საკათედრო ტაძრის წინამძღვარმა მამა ილია ნასიძემ საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მამა ილიამ ცოდვებს მიტევების საჭიროებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მიტევება და სიმდაბლე სულაც არ ნიშნავს, რომ დამარცხებული ხარ.

„მოყვასს რომ ჩვენს მიმართ ჩადენილი ცოდვები მივუტევოთ, ეს საკუთრივ ჩვენი საჭიროებაა. მოყვასის ცოდვების მიტევება იმას ნიშნავს, რომ ღვთის სულმა დაიმკვიდრა ჩვენში, მეუფეებს ჩვენზე და წარმართავს ჩვენს ნებელობას. მოყვასზე ძვირის თქმა, მოყვასის შეურაცხყოფა განკითხვა დაფუძნებულია სიამაყეზე, რომელიც ღვთისგან რჩეულ ადამიანებშიც კი ბუდობს. თავმდაბლობა ბოროტის წინააღმდეგ ბრძოლის მძლავრი იარაღია.

თუმცა, მიტევება არ არის ადვილი. ადამიანი შეიძლება იყოს ეკლესიის წევრი, მაგრამ იგი თუ არ ებრძვის ვნებას, მაშინ მისი სულიერი მდგომარეობა ვერცერთი საფეხურით წინ ვერ წაიწევს. მიტევება და სიმდაბლე სულაც არ ნიშნავს, რომ დამარცხებული ხარ. პირიქით, მიმტევებელი ადამიანი საკუთარ ქედმაღლობაზეც იმარჯვებს და იმ ადამიანსაც სწორ გზას უჩვენებს, ვისაც შეუნდობს და აპატიებს, ამავდროულად სულის ცხონებასაც მოიხვეჭს.

მათეს სახარებიდან სიტყვები „მარჯვენა ლოყაზე რომ შემოგარტყამენ, მეორე ლოყაც მიუშვირეო“ პირდაპირი მნიშვნელობით არ უნდა მივიღოთ. ეს ფიზიკურ ტკივილს არ ნიშნავს, მაცხოვარი იმას გვეუბნება, რომ შეურაცხყოფის, წყენის, უთანხმოების და ჩხუბის შემთხვევაში ყველაფერი უნდა გააკეთო იმისთვის, რომ დაუსრულებელ შურისძიებას გასაქანი არ მისცე“, - განაცხადა მამა ილია ნასიძემ.

როგორც მამა ილიამ აღნიშნა, „თანამედროვე ყოფაში სხვა წესებით და კანონებით ცხოვრობენ ადამიანები, ძალადობითა და საქმიანი მოგვარებებით, რაც არასწორი და დამღუპველია“.

„სამაგიეროს გადახდის გარეშეც შეგვიძლია კონფლიქტის თავიდან აცილება. როდესაც რაიმე ცოდვა იჩენს თავს, მის გასაბათილებლად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ. ცეცხლზე ნავთს თუ დაასხამთ, ის უფრო აალდება. ხედავთ, რა მდგომარეობაა დღეს. უნდა ვასწავლოთ შვილებს შენდობა, დანდობა, პატიება, სხვისი პატივისცემა და სხვისი სიცოცხლის მოფრთხილება. მაგრამ ჯერ ამისთვის მშობლებმა უნდა ვისწავლოთ ქრისტეს სიყვარულით ცხოვრება. შურისძიება, ღვარძლი, სამაგიეროს გადახდა არის საშინელება. დღეს, როცა ახალგაზრდა ადამიანი გარდაიცვალა, მისი მშობელი დედა და ბებია დაიჩოქა გარდაცვალებული შვილის წინაშე და თქვა: შეუნდე უფალო ჩემი შვილის მკვლელსო. ეს დიდი სულიერებაა. რისთვის ვიღწვით ადამიანები, რომ მარადიულ სასუფეველში მოვხვდეთ, დავითმინოთ ეს განსაცდელები. დაცემული ბუნება გვაქვს, მიდრეკილი ვართ ცოდვებისკენ, როგორ შეიძლება რომ გადავრჩეთ? - მხოლოდ ასე! ქრისტეს სიყვარულით გაზრდილი შვილები არასდროს გაიმეტებენ სხვის სიცოცხლეს. ქრისტეს სიყვარულია ყველაზე უმთავრესი. როცა ქრისტეს სიყვარულით მოქმედებ, ცხოვრობ და ზრდი შვილებს, ე.ი. სწორი გზით მიდიხარ და ცხონების გზას ადგიხარ. უფალმა გაგვაძლიეროს, შეგვაძლებინოს სწორად ცხოვრება. ღმერთმა შეგვინდოს ჩვენ, სრულიად საქართველოს და მთელ მსოფლიოს“, - განაცხადა მამა ილია ნასიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო