მირიან ნიკოლაძე - გიორგი შაქარაშვილს დაედევნენ „ტოიოტა ქამრიდან“ გადმოსული პირები, მოაქციეს ალყაში, ფიზიკურად გაუსწორდნენ და ჩაახრჩვეს მდინარეში

გიორგი შაქარაშვილს დაედევნენ „ტოიოტა ქამრიდან“ გადმოსული პირები, მოაქციეს ალყაში, ფიზიკურად გაუსწორდნენ და ჩაახრჩვეს მდინარეში, - ამის შესახებ გარდაცვლილი ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის ბიძამ, ოჯახის ადვოკატმა, მირიან ნიკოლაძემ განაცხადა.

მან "ინტერპრესნიუსთან" ისაუბრა ახვლედიანისა და ამირხანაშვილის ჩვენებებზე და აღნიშნა, რომ არანაირი გაურკვევლობა გიორგის ეპიზოდთან დაკავშირებით არ არსებობს.

მირიან ნიკოლაძის განცხადებით, როგორც კი სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა დაიდება, ოჯახი კიდევ ერთხელ ძალიან მკაცრ პოზიციას დააფიქსირებს აღნიშნული პირების განზრახ მკვლელობის მუხლით დასჯასთან დაკავშირებით.

„ოჯახი საბოლოოდ დარწმუნდა, რომ ძალიან სწორი პოზიცია ჰქონდა, როდესაც სახალხოდ არ ლანძღავდა ზოგიერთებივით ამ მოწმეებს. პირიქით, ჩვენ გვქონდა იმედი, რომ რაღაც ეტაპზე ისინი მიიღებდნენ გადაწყვეტილებას, რომ ხელი შეეწყოთ გამოძიებისთვის და დღეს ეს ყველაფერი რა თქმა უნდა, განხორციელდა. ახვლედიანისა და ამირხანაშვილის ჩვენებების ურთიერთთანხვედრით არანაირი გაურკვევლობა გიორგის ეპიზოდთან დაკავშირებით არ არსებობს. აქ უკვე გამოიკვეთა სურათი, თუ რა მოხდა რეალურად, ჩვენ ეს ისედაც ვიცოდით, მაგრამ მტკიცებულებების დონეზე ეს აქამდე არ იყო განხორციელებული. კერძოდ ეს არის ის ფაქტი, რომ გიორგის და მასთან თანმხლებ პირებს დაედევნენ „ტოიოტა ქამრიდან“ გადმოსული პირები, აქედან 3 მათგანი გადმოყვათ ხიდზე და გადმოკვეთეს მაგისტრალი, ხოლო 2-მა მათგანმა ჩაუხვია იმავე მხრიდან მდინარე არაგვის ხიდების მიმართულებით ქვემოთ, სადაც ხიდის ბურჯებია განთავსებული და როდესაც გიორგიმ ჩაირბინა, მას წინ დახვდნენ იქითა მხრიდან ჩამოსული 2 პირი, მოაქციეს ალყაში და ბავშვი იძულებული იყო გაქცეულიყო უკვე არაგვისკენ მიმავალ ფერდობზე. შესაბამისად ეს მხეცები, არაადამიანები ჩაყვნენ, ფიზიკურად გაუსწორდნენ იქ ბავშვს და ჩაახრჩვეს მდინარეში. აი ეს არის რეალობა, რომელიც უკვე მტკიცებულებებით არის დადასტურებული და მე დარწმუნებული ვარ, რომ ყველა დამნაშავე დაისჯება. როგორც კი სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა მოვა და კიდევ სხვა დასკვნები შემოვა ჩვენ კიდევ ერთხელ ძალიან მკაცრ პოზიციას დავაფიქსირებთ ამ ხალხის განზრახ მკვლელობის მუხლით დასჯასთან დაკავშირებით“, - განაცხადა მირიან ნიკოლაძემ.

გარდაცვლილი ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის საქმის ერთ-ერთი მთავარი მოწმის, დაზარალებულ ვახტანგ ახვლედიანის ახალი ჩვენების მიხედვით, შაქარაშვილს ბოლომდე მორაგბე არჩილ გაგნიძე და ბრალდებული ნიკოლოზ რევაზიშვილი არ გაკიდებიან. აღნიშნული ჩვენება, რომელიც საქმის მასალების ახალ, 22-ე ტომშია, „ინტერპრესნიუსმა“ მოიპოვა. ჩვენებაში ახვლედიანი საუბრობს, რომ მან დაინახა თუ როგორ მისდევდა ფეხბურთელს სამი, თხელი აღნაგობის ახალგაზრდა, რომლებიც მას მანამდე ნანახი არ ჰყავდა.

ვახტანგ ახვლედიანი წინა ჩვენებებისგან განსხვავებით, ამჯერად დეტალურად იხსენებს მომხდარს და განმარტავს, რომ წინა გამოკითხვებისას, ის აღელვებული იყო, რის გამოც დეტალების გახსენება უჭირდა. ის დაწვრილებით ჰყვება იმ ეპიზოდის შესახებ, საიდანაც გიორგი შაქარაშვილის კვალი დაიკარგა. ასევე საუბრობს, თუ როგორ გაჩერდა არაგვის ხიდის მიმდებარედ „ტოიოტას“ მარკის ავტომობილი. ახვლედიანის ჩვენებით, მან გარკვეული პირები სატელევიზიო რეპორტაჟებიდან ამოიცნო.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო