“კეკელიძე 61“- ის დამფუძნებელი მშენებლობასთან დაკავშირებულ შესაძლო თაღლითურ სქემაში მონაწილეობაში სინოდის ერთ-ერთ წევრს და იუსტიციის სამინისტროს მაღალჩინოსანს ადანაშაულებს

“კეკელიძე 61“-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი დემურ გიორხელიძე მშენებლობასთან დაკავშირებულ შესაძლო თაღლითურ სქემაში მონაწილეობაში სინოდის ერთ-ერთ წევრსა და იუსტიციის სამინისტროს ერთ-ერთ მაღალჩინოსანს ადანაშაულებს. როგორც მან დღევანდელ პრესკონფერენციაზე განმარტა, საუბარია 155 ოჯახზე, რომლებიც შესაძლოა, დაზარალებულად ჩაითვალონ, რადგან ისინი ყადაღის გამო 3 წელია ბინაში შესვლას ვერ ახერხებენ.

როგორც დემურ გიორხელიძე განმარტავს, ბინა გადაყიდულია და რამდენიმე კვადრატული მეტრი ფართობი უკანონოდ არის მითვისებული.

„საქმე ეხება 155 ოჯახს, რომელიც ამჟამად შეიძლება, დაზარალებულად ჩავთვალოთ. როგორც ათასობით ჩვენი თანამოქალაქე. ბინის პრობლემის მოგვარების გამო, ერთ-ერთი ამხანაგობის დამფუძნებელი ვიყავი, ჩემი ფუნქცია მქონდა ფინანსების მოზიდვის თვალსაზრისით და ა.შ. მოხდა ისე, რომ აღმასრულებელი პირი, თავმჯდომარე გარდაიცვალა, დავრჩი მე ერთადერთი დამფუძნებელი და ახლა ვცდილობ, რომ საკითხები მოვაგვარო. 18 სართულიანი შენობა აშენებულია, ეს არის „კეკელიძე 61“, რომელიც ჩვენი ამხანაგობის მიერ დამოუკიდებლად აშენებულია უცხოეთში მოქმედი ცნობილი ქართველი ბიზნესმენის დახმარებით, რომლის წარმომადგენლობითი ფირმა საქართველოშია. 3 წელია სახლში ვერავინ შედის, რადგან დაყადაღებულია. მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს. როგორც ჩანს, იქ დარღვევები ფიქსირდება. საუბარია იმაზე, რომ რამდენიმე ბინა არის გადაყიდული, მაგრამ პრობლემა ისაა, რომ სახელმწიფო სტრუქტურა, საჯარო რეესტრი არეგისტრირებს 1200 კვ მეტრ ფართობს უკანონოდ, სასამართლოს გადაწყვეტილების საწინააღმდეგოდ, რისი არანაირი უფლებაც არ ჰქონდა“, - აცხადებს დემურ გიორხელიძე.

მისი თქმით, საქმეზე გამოძიება 4 წელია მიმდინარეობს, ხოლო ბინას გადაყიდვების შედეგად ყადაღა ადევს და სახლის გაფორმება შეუძლებელია. ის შესაძლო თაღლითურ სქემაში მონაწილეობაში იუსტიციის სამინისტროს ერთ-ერთ მაღალჩინოსანსა და სინოდის ერთ-ერთ წევრს ადანაშაულებს.

„იუსტიციის სამინისტროს ერთ-ერთი მაღალჩინოსანია ჩარეული, საქმეში ასევე ფულთან დაკავშირებით ჩარეულია მაღალი სასულიერო პირი, სინოდის წევრი. რამდენადაც ვიცი, საჩივარში საუბარია, მილიონ 350 ათას დოლარზე, რომელიც წაღებული აქვს ამ სასულიერო პირს. ჩვენ ერთადერთი თხოვნა გვაქვს, პრობლემებს მოვაგვარებთ, ამის პასუხისმგებლობას ვიღებ, მაგრამ არ შემიძლია, მოვაგვარო ის უსამართლობები, რომელიც ხდება. არ შემიძლია მაღალჩინოსნებს დავავალო რაიმეს გამოძიება ან საჯარო რეესტრზე მქონდეს რაიმე ზეგავლენა. მოვითხოვ, რომ გამოძიება დასრულდეს. კახა კალაძესთან ერთადაც ვიყავი და ვთხოვე, რომ მხოლოდ კანონის ფარგლებში დაგვჭირდება მისი ყურადღება. მან მითხრა, რომ როგორც კი ჩამოვყალიბდებით, ამას გავაკეთებთო. მოგვცენ საშუალება, რომ დავარეგისტრიროთ ეს შენობა და ყველა წესიერ მყიდველს ბინა მივცეთ“ ,- აცხადებს გიორხელიძე.

იურისტი როინ გელაშვილი, რომელიც ამავდროულად აღნიშნული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ერთ-ერთი მობინადრეცაა, აცხადებს, რომ საქმეში მეუფე ანტონი ფიგურირებს.

„ამ მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ერთ-ერთი მობინადრეც გახლავართ. ჯერ კიდევ 2014 წელს ამხანაგობას მიმართული აქვს საჩივრით მთავარი პროკურატურისთვის იმის გამო, რომ მილიონ 350 ათასი დოლარი მეუფე ანტონმა წაიღო ამხანაგობიდან. 2014 წლის შემდგომ, 2019 წლამდე, მისი მოწმის სახითაც გამოკითხვა არ განუხორციელებია სამართალდამცავ ორგანოს. დიდი ძალისხმევა დაგვჭირდა, რომ საჩივრები და განცხადებები შეგვეტანა. ძიება ფინანსურ პოლიციაში მიდის, მაგრამ მეუფე ანტონის გამოკითხვა ვერ მოხერხდა. როდესაც ჩვენ ეს დოკუმენტები მოვიძიეთ, ნაწილი თანხა ვანი-ბაღდადის ეპარქიაზე არის გადარიცხული, უნაღდო ანგარიშსწორებით, ნაწილი კი, სალაროდან „ქეშად“ არის წაღებული. ამ დოკუმენტებზე მეუფე ანტონის ხელმოწერა ფიქსირდება. ეს დოკუმენტები ფინანსურ პოლიციაში წარვადგინეთ და ფინანსური პოლიციის ერთ-ერთი გამომძიებელი იძულებული გავხადეთ, რომ მინიმუმ გამოკითხვა განხორციელებულიყო. 2019 წელს მივაღწიეთ, რომ მეუფის გამოკითხვის საკითხი დღის წესრიგში დამდგარიყო. მეუფისგან საბოლოოდ ასეთი პასუხი მივიღეთ, რომ მას ეკუთვნოდა წილი ამხანაგობიდან, მისი მოყვანილი იყო ინვესტორი და მისი კუთვნილი იყო ეს თანხა. თუმცა, მეუფე ანტონის კუთვნილება რომ არ არის, ეს დასტურდება იმ დოკუმენტებიდან, რომ არასდროს ამხანაგობის წევრი არ ყოფილა“,-აცხადებს იურისტი.

მისი თქმით, გამოკითხვის დროს მეუფემ დაადასტურა თანხის მიღება და განმარტა, რომ მას ეს თანხა, როგორც მეწილეს ეკუთვნოდა. იურისტის განმარტებით, საქმეზე გამოძიება თანხის მითვისება-გაფლანგვის, დოკუმენტების გაყალბებისა და სამოხელეო დანაშაულის მუხლით მიმდინარეობს.

როგორც იურისტი აღნიშნავს, მათ აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით საპატრიარქოსთან კომუნიკაციაც ჰქონდათ.

„საპატრიარქოსთან პირადი შემხებლობა მქონდა. წარვადგინე ყველა დოკუმენტი, საპატრიარქოში დამპირდნენ, რომ სიტუაციაში გაერკვეოდნენ და მეუფე ანტონს გაესაუბრებოდნენ, თუ რა ხდებოდა ამ საკითხთან მიმართებით. ბოლოს პასუხად მივიღეთ, რომ მეუფე ანტონმა ეს თანხა კი წაიღო, მაგრამ ბორჯომის ეპარქიას დაეხმარაო. ახლა პასუხს აღარ გვცემენ, ტელეფონზეც არ გვპასუხობენ. ინვესტორმა დაფინანსებასთან მიმართებით ყოველგვარი დაფინანსება შეაჩერა და სასამართლო დავა დაიწყო. ინვესტორმა დაუყოვნებლივ მოითხოვა ამხანაგობისგან მის მიერ განხორციელებული ინვესტიციის უკან დაბრუნება“, - აცხადებს იურისტი.

იხილეთ ვიდეო: "1 300 000 დოლარი მეუფე ანტონმა წაიღო ამხანაგობიდან" - თაღლითურ სქემაში მონაწილეობაში სინოდის წევრს და იუსტიციის სამინისტროს მაღალჩინოსანს ადანაშაულებენ

ვაჟა ბერიძე -  „ნაციონალებს“ და მის მოკავშირეებს ელექტორატის ნახევარზე მეტი არ უჭერს მხარს, ხოლო 50%,  ვისაც არჩევანი გაკეთებული არ აქვს, „ოცნების“, დასავლელი პარტნიორებისა და საზოგადოების მთავარი პრობლემაა
ქართული პრესის მიმოხილვა 14.08.2020
აგვისტოს ომიდან 12 წლის შემდეგაც საქართველო დგას რუსული აგრესიის წინაშე
ირმა ინაშვილი საქართველოსა და აშშ-ის ხელისუფლებას მოუწოდებს, IRI-სა და NDI-ს საქართველოში კვლევების ჩატარება და გამოქვეყნება აეკრძალოთ
„თიბისის" პერსონალური საბანკო მომსახურება ტრანსფორმაციის ეტაპზე გადავიდა
Wolt და Mastercard ბათუმში გელიან!