ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტო - „ფრონტერამ“ უსაფუძვლო და ცილისმწამებლური განცხადება გაავრცელა

საქართველოს ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტო „ფრონტერას“ მიმართავს, გაასაჯაროვოს არბიტრაჟის გადაწყვეტილება. ამის შესახებ ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს განცხადებაშია აღნიშნული. განცხადების თანახმად, სახელმწიფოს მხრიდან კეთილი ნების გამოვლენის მიუხედავად, „ფრონტერამ“ უსაფუძვლო და ცილისმწამებლური განცხადება გაავრცელა, რომლის მიზანი რეალობის დამახინჯება და ფაქტების მიჩქმალვა იყო.

„ინტერპრესნიუსი“ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, 2020 წლის 17 აპრილს საერთაშორისო არბიტრაჟმა მიიღო საბოლოო გადაწყვეტილება „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ და სსიპ „ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს“ მიერ 2018 წლის 15 იანვარს ჰააგის მუდმივმოქმედ საარბიტრაჟო სასამართლოში აღძრული საარბიტრაჟო დავის თაობაზე, რომელიც უკავშირდებოდა კომპანია „ფრონტერა რისორსიზ ჯორჯია კორპორეიშენის“ მხრიდან „კონტრაქტით“ დაკისრებული ვალდებულებების შეუსრულებლობას, რითიც დადგინა კონტრაქტის არსებითი დარღვევა კომპანიის მხრიდან. აღნიშნული კი, უპირობო უფლებას ანიჭებდა სააგენტოს შეეწყვიტა კონტრაქტი.

მიმდინარე წლის 27 აპრილს, ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტომ გააგზავნა შეტყობინა „ფრონტერასთან“ ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე. კონტრაქტის თანახმად, ამ შეტყობინების გაგზავნიდან 90 დღის გასვლის შემდეგ ანუ მიმდინარე წლის 27 ივლისს, კონტრაქტი ძალას კარგავდა და შესაბამისად, „ფრონტერას“ საკონტრაქტო ტერიტორიაზე ნავთობისა და გაზის ოპერაციების განხორციელების უფლება აღარ ექნებოდა, თუმცა საქართველოს მთავრობის მიერ გამოვლენილი კეთილი ნების საფუძველზე, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება კონტრაქტის შეწყვეტის შეჩერების თაობაზე.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობის ამ გადაწყვეტილებას მიესალმა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი კელი დეგნანი.

სახელმწიფოს მხრიდან კეთილი ნების გამოვლენის მიუხედავად, კომპანია „ფრონტერამ“ გაავრცელა აბსოლუტურად უსაფუძვლო და ცილისმწამებლური განცხადება, რომლის მიზანი კვლავაც რეალობის დამახინჯება და ფაქტების მიჩქმალვა იყო.

სააგენტო რჩება საერთაშორისო არბიტრაჟისა და საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებების ერთგული და კიდევ ერთხელ მიმართავს კომპანია „ფრონტერას“, შემდგომი ინსინუაციების აღსაკვეთად, გაასაჯაროვოს არბიტრაჟის გადაწყვეტილება. იმ შემთხვევაში, თუ კომპანია, აღმასრულებელი მენეჯმენტის მხრიდან გაკეთებული არაერთი საჯარო განცხადების მიუხედავად, თავად არ გაასაჯაროვებს არბიტრაჟის გადაწყვეტილებას, კომპანიის ზემოხსენებული განცხადებები ჩვენს მიერ ჩაითვლება თანხმობად, რის გამოც სააგენტო იტოვებს უფლებას, თავად გაასაჯაროვოს გადაწყვეტილება.

მივმართავთ კომპანია „ფრონტერას“, ისარგებლოს საქართველოს მთავრობის მიერ გამოვლენილი კეთილი ნებით და განაგრძოს მოპოვებითი სამუშაოები ათვისების ფართობზე ჯერ კიდევ საბჭოთა დროში აღმოჩენილ საბადოებზე, კონკრეტულად მირზაანის (17.2 კმ2), ტარიბანის (17.66 კმ2), პატარა შირაქის (1.96 კმ2), ბაიდას (3.71 კმ2), ნაზარლების (0.49 კმ2) და მწარეხევის(1.59 კმ2) საბადოებზე (სულ 42.61 კმ2, რაც შეადგენს XII ბლოკის საერთო ფართობის (5060 კმ2 ) 0.84 %-ს ), რომლებიც ლიცენზიის მიხედვით ასევე სიღრმით არის შეზღუდული.

ასევე, მოვუწოდებთ კომპანია „ფრონტერას“, პატივი სცეს და აღასრულოს არბიტრაჟის გადაწყვეტილება, გაისტუმროს ყველა ფინანსური ვალდებულება, პირველ რიგში, სოციალური და პასუხისმგებლობით მოეკიდოს მასზე დაკისრებული მოვალეობების შესრულებას“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა