სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა რეგიონული შეხვედრები დაიწყო

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა ქვეყნის მასშტაბით საჯარო უწყებებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრების ციკლი დაიწყო. პირველი შეხვედრა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკაში მოქმედ უწყებებთან და ორგანიზაციებთან ქალაქ ბათუმში გაიმართა. ღონისძიება სახელმწიფო ინსპექტორმა, ლონდა თოლორაიამ გახსნა.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ინფორმაციით, შეხვედრების მიზანი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის შესახებ მონაწილეთა ინფორმირება, არსებულ გამოწვევებზე მსჯელობა და რეგიონებში არსებულ სახელმწიფო უწყებებთან და ადგილობრივ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის გაღრმავებაა.

ბათუმში გამართულ შეხვედრებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს, მთავრობის, სამინისტროების, ადგილობრივი თვითმმართველობის, უმაღლესი საარჩევნო კომისიის, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს, სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის, სოციალური მომსახურების სააგენტოს, სახალხო დამცველის აპარატისა და ათამდე ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

„ღონისძიების ფარგლებში, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის თანამშრომლებმა სტუმრებს მიაწოდეს ინფორმაცია სამსახურის მიერ წლის განმავლობაში განხორციელებული ღონისძიებების, ტენდენციებისა და სტატისტიკური მონაცემების შესახებ. შეხვედრაზე აქტიურად განიხილეს ის ძირითადი გამოწვევები, რომლებსაც სამსახური თავისი საქმიანობის პროცესში აწყდება. თავის მხრივ მონაწილე საჯარო უწყებებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა დასვეს კითხვები და გამოთქვეს მოსაზრებები მათთვის აქტუალურ საკითხებზე. შეხვედრის დასასრულს განხილული იქნა სამომავლო, ეფექტიანი თანამშრომლობის პერსპექტივები“ , - ნათქვამია ინფორმაციაში.

უწყების ცნობით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური მსგავსი ტიპის შეხვედრებს საქართველოს კიდევ 6 რეგიონში გამართავს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა