ხათუნა ბურკაძე - აშშ, როგორც სტრატეგიული მოკავშირე საქართველოს წინსვლას მტკიცედ უჭერს მხარს

საქართველო-ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიული თანამშრომლობის საკითხებზე „ინტერპრესნიუსი“ „ჯეოქეისის“ მკვლევარს, საერთაშორისო სამართლის დოქტორს, პროფესორს, ფლეტჩერის სამართლისა და დიპლომატიის სკოლის კურსდამთავრებულს, ჰარვარდის მოლაპარაკებების პროგრამის მონაწილეს ხათუნა ბურკაძეს ესაუბრა.

- ქალბატონო ხათუნა, გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივან მაიკლ პომპეოსა და საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას შორის სატელეფონო საუბარი შედგა.

იმის გათვალისწინებით, თუ რა ხდება მსოფლიოში, თავად აშშ-ი და თუნდაც ჩვენთან, ვგულისხმობ წინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკურ ძალებს შორის დაპირისპირებას, ვაშინგტონთან ურთიერთობაში კონკურენციას, ფაქტია, რომ ეს სატელეფონო საუბარი ბევრი თვალსაზრისით იყო მნიშვნელოვანი.

თქვენ როგორ შეაფასებდით პომპეო-გახარიას სატელეფონო კავშირსა და მის სავარაუდო შედეგებს?

- ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიული ინტერესია ხელი შეუწყოს საქართველოს მეტად განვითარებას, რასაც ადასტურებს აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, მაიკლ პომპეოსა და საქართველოს პრემიერ-მინისტრ, გიორგი გახარიას შორის გამართული სატელეფონო საუბარი.

მისი მთავარი მიზანი გახლდათ ამერიკა-საქართველოს თანამშრომლობის საკვანძო საკითხების განხილვა. მხარეებმა განიხილეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული უმძიმესი ვითარება.

ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიული ინტერესია ხელი შეუწყოს საქართველოს მეტად განვითარებას, რასაც ადასტურებს აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, მაიკლ პომპეოსა და საქართველოს პრემიერ-მინისტრ, გიორგი გახარიას შორის გამართული სატელეფონო საუბარი

ამერიკის შეერთებული შტატები კვლავ მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას დაიცვას საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპები. საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ხელშეუხებლობის დაცვის თვალსაზრისით ამერიკა წარმოადგენს ჩვენი ქვეყნის ძლიერ მოკავშირეს.

ასევე, მხარეების მიერ განხილულ იქნა გლობალური კრიზისის, პანდემიის თანმდევი გამოწვევები და მათი დაძლევის საშუალებები. ამასთანავე, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მაიკლ პომპეო მიესალმა საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას, რადგან აღნიშნული ცვლილებები ხელს უწყობენ საპარლამენტო პლურალიზმის განვითარებას. ასევე, მან ხაზი გაუსვა, საარჩევნო რეფორმის იმპლემენტაციის მნიშვნელობას.

საკვანძო თემებზე ორმხრივ დონეზე საუბარი მიანიშნებს იმაზე, რომ ამერიკის შეერთებული შტატები აგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას როგორც უსაფრთხოებისა და თავდაცვის, ისე დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების, ეკონომიკური განვითარების მიმართულებებით.

- გასულ კვირას ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატამ დაამტკიცა სახელმწიფო დეპარტამენტისა და საგარეო ოპერაციების მრავალმილიარდიანი ბიუჯეტი.

დოკუმენტი ითვალისწინებს საქართველოსთვის ფინანსური დახმარების გაწევას. თუმცა აღნიშნული დახმარების 15%-ის გაცემა დამოკიდებულია იმაზე, თუ რა ტიპის ანგარიშს წარადგენს სახელმწიფო მდივანი საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლისა და უცხოელი ბიზნესმენების უფლებების დაცვის თვალსაზრისით.

როგორ შეაფასებდით წარმომადგენელთა პალატის ამ გადაწყვეტილებას და რა გავლენა ექნება ამას ამერიკა-საქართველოს სტრატეგიულ თანამშრომლობაზე?

- ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის კანონპროექტი ითვალისწინებს საქართველოსთვის არანაკლებ $132,025,000-ის მოცულობის დახმარების გამოყოფას.

რაც შეეხება 15%-ის ოდენობის ფინანსური მხარდაჭერის გაცემაზე გარკვეული დათქმის გაკეთებას, ვფიქრობ, ეს მიზნად ისახავს საქართველოში დემოკრატიული და ბიზნეს გარემოს მეტად გაუმჯობესებას და კორუფციასთან ბრძოლის პროცესის კიდევ უფრო გაძლიერებას.

რაც შეეხება 15%-ის ოდენობის ფინანსური მხარდაჭერის გაცემაზე გარკვეული დათქმის გაკეთებას, ვფიქრობ, ეს მიზნად ისახავს საქართველოში დემოკრატიული და ბიზნეს გარემოს მეტად გაუმჯობესებას და კორუფციასთან ბრძოლის პროცესის კიდევ უფრო გაძლიერებას

საბოლოო ჯამში, რეფორმების გაგრძელება, უწყვეტობა ემსახურება საქართველოს თანამედროვე პოლიტიკური, ეკონომიკური და სამართლის სისტემის ფორმირების წარმატებით დასრულებას. ეს პროცესი კი კიდევ უფრო განამტკიცებს ამერიკასა და საქართველოს შორის სტრატეგიულ თანამშრომლობას.

ამავდროულად, გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ აღნიშნული დოკუმენტი არ წარმოადგენს საბოლოო ვარიანტს. მიუხედავად იმისა, რომ კანონპროექტი დამტკიცებულია ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის მიერ, საკითხი განხილულ უნდა იქნას საკანონმდებლო ორგანოს ზედა პალატაში - სენატში.

საკანონმდებლო პროცესის წარმართვის თვალსაზრისით მნიშვნელოვანია ამერიკის შეერთებული შტატების საკანონმდებლო ორგანოს ორივე პალატის - წარმომადგენელთა პალატისა და სენატის როლი.

კერძოდ, აუცილებელია კანონპროექტის კენჭისყრა კონგრესის ორივე პალატაში და მხოლოდ ამის შემდეგ ეგზავნება ის ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს ხელმოსაწერად. როგორც წესი, პრაქტიკაში იშვიათია, როდესაც ორივე პალატის კანონპროექტის ტექსტის ფრაზეოლოგია ემთხვევა.

კერძოდ, აუცილებელია კანონპროექტის კენჭისყრა კონგრესის ორივე პალატაში და მხოლოდ ამის შემდეგ ეგზავნება ის ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს ხელმოსაწერად. როგორც წესი, პრაქტიკაში იშვიათია, როდესაც ორივე პალატის კანონპროექტის ტექსტის ფრაზეოლოგია ემთხვევა

შესაბამისად, განსხვავებულ პოზიციებთან დაკავშირებით შეთანხმების მისაღწევად შესაძლოა საჭირო გახდეს ერთობლივი კომიტეტის მოწვევა, რომელიც კომპლექტდება საკანონმდებლო ორგანოს ორივე პალატის წევრებისგან.

კომიტეტის წევრები შეიმუშავებენ საერთო ანგარიშს კანონპროექტის საბოლოო ვერსიისთვის და აღნიშნულ დოკუმენტს თითოეული პალატა კვლავ დაამტკიცებს. ამ პროცედურების დასრულების შემდეგ კანონპროექტი ეგზავნება პრეზიდენტს, რომელმაც შესაძლოა ვეტოს უფლება გამოიყენოს, არ მოაწეროს ხელი კანონპროექტს და დაუბრუნოს კონგრესს.

ამასთანავე, განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებენ ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის ხსენებულ დოკუმენტში გაკეთებული მნიშვნელოვანი ჩანაწერები, რომლებიც წარმოადგენენ გარანტს არაღიარების პოლიტიკის წარმატებით გაგრძელებისთვის. შესაბამისად, აღნიშნული დოკუმენტი კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ურყევ მხარდაჭერას.

განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებენ ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის ხსენებულ დოკუმენტში გაკეთებული მნიშვნელოვანი ჩანაწერები, რომლებიც წარმოადგენენ გარანტს არაღიარების პოლიტიკის წარმატებით გაგრძელებისთვის. შესაბამისად, აღნიშნული დოკუმენტი კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ურყევ მხარდაჭერას

კერძოდ, კანონპროექტის მიხედვით, დოკუმენტით გათვალისწინებული დაფინანსებით ვერ ისარგებლებს ვერც ერთი ქვეყნის ცენტრალური მთავრობა, თუ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი დაადგენს და ასიგნებების კომიტეტს წარუდგენს ანგარიშს იმის შესახებ, რომ ხსენებულმა სახელმწიფომ აღიარა რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობა, მათთან დაამყარა დიპლომატიური ურთიერთობები ან რაიმე ფორმით გამოვლინდა ოკუპაციისადმი მხარდაჭერა.

მეტიც, წარმომადგენელთა პალატის კანონპროექტის თანახმად, ამერიკის შეერთებული შტატების ხაზინის დეპარტამენტმა უნდა შეიმუშავოს შესაბამისი ინსტრუქცია საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების აშშ-ის აღმასრულებელი დირექტორებისთვის, რათა მათ მხარი არ დაუჭირონ ნებისმიერი იმ პროგრამის დაფინანსებას, რომელიც ხელყოფს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.

ნიშანდობლივია, რომ კანონპროექტი, „რუსეთის ზეგავლენის წინააღმდეგ ბრძოლის ფონდის“ ფარგლებში, ითვალისწინებს არანაკლებ 290 მლნ აშშ დოლარის გამოყოფას ევროპისა და ევრაზიის ქვეყნებისთვის, მათ შორის, საქართველოსთვის.

ნიშანდობლივია, რომ კანონპროექტი, „რუსეთის ზეგავლენის წინააღმდეგ ბრძოლის ფონდის“ ფარგლებში, ითვალისწინებს არანაკლებ 290 მლნ აშშ დოლარის გამოყოფას ევროპისა და ევრაზიის ქვეყნებისთვის, მათ შორის, საქართველოსთვის

ამ თანხის გამოყოფის მიზანია რეგიონის სახელმწიფოების სამართალდამცავი და უსაფრთხოების ძალების შესაძლებლობების განვითარება, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მიერ ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების შეთანხმების ეფექტიანად შესრულებისთვის ხელის შეწყობა, რუსეთის ფედერაციის მხრიდან პოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლის შემცირება.

ამასთანავე, გასულ კვირას ამერიკელმა კონგრესმენმა, საქართველოს ჯგუფის თანათავმჯდომარემ ადამ კინზინგერმა შემდეგი განცხადება გააკეთა - „რეალობა კი ისაა, რომ საქართველო გვიყვარს, ეს ქვეყანა ჩვენთვის მნიშვნელოვანია, გვსურს, რომ მისი გაძლიერება ვიხილოთ და მომავალშიც ასე იქნება. ბრძოლაში მხარე არ გვიჭირავს იმ კუთხით, თუ ვინ გაიმარჯვებს“.

ამდენად, ამერიკის შეერთებული შტატები, როგორც სტრატეგიული მოკავშირე საქართველოს წინსვლას მტკიცედ უჭერს მხარს.

აშშ-ს ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტი განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტის მიერ ჩრდილოატლანტიკური ალიანსისა და მრავალეროვნული წვრთნების სიხშირისა და მასშტაბის ზრდის აუცილებლობაზე შავი ზღვის რეგიონში საქართველოს მონაწილეობით

- 21 და 23 ივლისს ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატამ და სენატმა ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტი მიიღო.

რა საკითხებს მოიცავს ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტი საქართველოსთან მიმართებით და ითვალისწინებს თუ არა რაიმე ტიპის დათქმას?

- ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატისა და სენატის მიერ მიღებული ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტი მხარს უჭერს მტკიცე სტრატეგიულ პარტნიორობას ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის.

აღნიშნული დოკუმენტი გამოხატავს ურყევ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონი დღემდე ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ.

ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტის თანახმად, ამერიკის შეერთებული შტატები გააგრძელებს საქართველოს მრავალმხრივ დახმარებას უსაფრთხოების სფეროში არსებული საფრთხეების დაძლევისთვის მდგრადობის განმტკიცებით, რეგიონში სტაბილურობის ხელშეწყობით, თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებით, ნატო-ს ძალებთან თავსებადობის გაუმჯობესებით და საქართველოსა და შავი ზღვის რეგიონის პარტნიორებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებით.

აშშ-ს ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტი განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტის მიერ ჩრდილოატლანტიკური ალიანსისა და მრავალეროვნული წვრთნების სიხშირისა და მასშტაბის ზრდის აუცილებლობაზე შავი ზღვის რეგიონში საქართველოს მონაწილეობით.

აშშ-ს ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტი მოიცავს საქართველოსა და ამერიკას შორის სტრატეგიული თანამშრომლობის საკვანძო მიმართულებებს... ის გამოხატავს საქართველოს მიმართ მრავალმხრივი დახმარების გაგრძელების მტკიცე მზაობას ყოველგვარი დათქმის, პირობის გარეშე

დოკუმენტი ხაზს უსვამს ნატო-ს ღია კარის პოლიტიკისადმი მხარდაჭერას. ასევე, ის მიუთითებს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტმა უნდა გაზარდოს ფოკუსირება სამხედრო ბალანსის შეცვლისთვის შავი ზღვის რეგიონში.

შეიძლება ითქვას, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტი მოიცავს საქართველოსა და ამერიკას შორის სტრატეგიული თანამშრომლობის საკვანძო მიმართულებებს, კერძოდ, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ნატო-ში ინტეგრაციის პროცესისადმი მხარდაჭერას, საქართველოს თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებას.

ასევე, დოკუმენტი მოიხსენიებს საქართველოს შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების გაძლიერების კონტექსტში. ასევე, აღსანიშნია, რომ ის გამოხატავს საქართველოს მიმართ მრავალმხრივი დახმარების გაგრძელების მტკიცე მზაობას ყოველგვარი დათქმის, პირობის გარეშე.

აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის 10 წლის იუბილეზე მიღებული ერთობლივი დეკლარაცია ისტორიული მნიშვნელობის დოკუმენტია, რომელიც აყალიბებს ორი ქვეყნის სტრატეგიული თანამშრომლობის საკითხებს შემდგომი წლებისათვის

საქართველო არის ამერიკის შეერთებული შტატებისთვის ღირებული მეგობარი როგორც ორმხრივ, ისე საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფის კონტექსტში, მით უფრო, რომ საქართველო აქტიურად არის ჩართული სამშვიდობო ოპერაციებში და მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს გლობალურ უსაფრთხოებაში.

- საერთო ჯამში, როგორ შეაფასებდით საქართველო-ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიული თანამშრომლობის დინამიკას ბოლო წლებში, განსაკუთრებით პანდემიის ფონზე?

- საქართველო-ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიული თანამშრომლობის დინამიკაზე საუბრისას გამოვყოფდი 2019 წლის 11 ივნისს, როდესაც აღინიშნა აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის 10 წლის იუბილე.

აშშ-მა და საქართველომ კიდევ ერთხელ დაადასტურეს ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობისადმი ერთგულება და მეგობრობის მთავარი პრინციპები. ასევე, მიღებულ იქნა აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ერთობლივი დეკლარაცია.

აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის 10 წლის იუბილეზე მიღებული ერთობლივი დეკლარაცია ისტორიული მნიშვნელობის დოკუმენტია, რომელიც აყალიბებს ორი ქვეყნის სტრატეგიული თანამშრომლობის საკითხებს შემდგომი წლებისათვის.

სამხედრო სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის მთავარ მიმართულებებად ჩამოყალიბდა საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამა (GDRP), საბრძოლო მომზადების ცენტრის (CTC) განვითარება და საქართველოს გადასროლის პროგრამა (მტკიცე მხარდაჭერის მისია) (RSM)

აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ერთობლივი დეკლარაცია ასახავს და მიმოიხილავს ყველა ძირითად მიმართულებას, თავდაცვას, უსაფრთხოებას, ეკონომიკურ თანამშრომლობას, დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებას, ხალხთაშორის ურთიერთობებს, მიანიშნებს იმაზე, რომ საქართველოს თანამშრომლობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან თვისობრივად ახალ დონეზე გადადის.

ამასთანავე, აღსანიშნია, 2019 წლის 22 ოქტომბერს აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მიერ დამტკიცებული საქართველოს მხარდამჭერი ორპარტიული კანონპროექტი (Georgia Support Act).

განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის თანამშრომლობა თავდაცვის სფეროში. მისი მიზანია საქართველოს თავდაცვისუნარიანობისა და მდგრადობის განმტკიცება. ამ თვალსაზრისით 2016 წლის 6 ივლისს, აშშ-სა და საქართველოს შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში პარტნიორობის გაღრმავების შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.

აღნიშნულის საფუძველზე, 2016 წლის 6 დეკემბერს, საქართველომ და აშშ-მ ხელი მოაწერეს უსაფრთხოების სფეროში 2016-2019 წლებისთვის თანამშრომლობის ჩარჩო ხელშეკრულებას, რომელიც 2019 წლის 21 ნოემბერს განახლდა.

სამხედრო სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის მთავარ მიმართულებებად ჩამოყალიბდა საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამა (GDRP), საბრძოლო მომზადების ცენტრის (CTC) განვითარება და საქართველოს გადასროლის პროგრამა (მტკიცე მხარდაჭერის მისია) (RSM).

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გამოხატა მზაობა მხარი დაუჭიროს საქართველოს მავნე კიბერ აქტორებთან ბრძოლაში, საჯარო ინსტიტუტების განმტკიცებაში, შესთავაზოს დამატებითი შესაძლებლობების განვითარება და ტექნიკური დახმარება მსგავსი ქმედებებისგან თავდასაცავად

აღნიშნული პროგრამები და ხელშეკრულებაში მოცემული სხვა აქტივობები მხარს უჭერენ თავდაცვის შესაძლებლობების განვითარებას, ინსტიტუციური რეფორმების განხორციელებასა და მზადყოფნის დონის გაუმჯობესებას. საბოლოო ჯამში, ეს ემსახურება საქართველოს საბრძოლო მზადყოფნის არსებით განვითარებას.

ნიშანდობლივია, ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს თანამშრომლობა კიბერუსაფრთხოების გაძლიერების კონტექსტშიც. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა 2019 წლის 28 ოქტომბერს საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის მიერ განხორციელებული კიბერშეტევა დაგმო.

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღინიშნა: „ამერიკის შეერთებული შტატები მოუწოდებს რუსეთს, შეწყვიტოს მსგავსი ქმედებები საქართველოში და სხვაგან.

კიბერსივრცის სტაბილურობა დამოკიდებულია სახელმწიფოების პასუხისმგებლიან ქცევაზე. ჩვენ საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთად გავაგრძელებთ მუშაობას, რომ დავიცვათ სახელმწიფოს პასუხისმგებლიანი ქცევის საერთაშორისო სისტემა კიბერსივრცეში“.

ამასთანავე, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გამოხატა მზაობა მხარი დაუჭიროს საქართველოს მავნე კიბერ აქტორებთან ბრძოლაში, საჯარო ინსტიტუტების განმტკიცებაში, შესთავაზოს დამატებითი შესაძლებლობების განვითარება და ტექნიკური დახმარება მსგავსი ქმედებებისგან თავდასაცავად.

ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს ეკონომიკის აღდგენას, განსაკუთრებით მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების, სოფლის მეურნეობისა და ტურიზმის სექტორის მიმართულებებით

კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლის პროცესშიც, მიუხედავად არაერთი გამოწვევისა, ამერიკის შეერთებული შტატები სტრატეგიული პარტნიორის მიმართ მტკიცე მხარდაჭერას გამოხატავს. კერძოდ, საქართველოს პარლამენტში მოხდა საქართველოს მთავრობასთან USAID–ის საგრანტო განხორციელების ხელშეკრულების ცვლილებების რატიფიცირება.

აღნიშნული ცვლილებების თანახმად, USAID/საქართველო 64 მილიონზე მეტ დოლარს გამოყოფს, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს ეკონომიკურ განვითარებასა და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს.

ამერიკის შეერთებული შტატები თანამშრომლობს საქართველოს მთავრობასთან, რათა ხელი შეუწყოს საჭირო საჯარო სერვისების გაძლიერებას, ასევე, ვირუსის გავრცელების შემცირების მიზნით, მხარს უჭერს მეწარმეებს ინოვაციური მიდგომების დანერგვაში. ამასთანავე, ამერიკული მხარე ურთიერთობს კერძო კომპანიებთან სამედიცინო საშუალებების მიწოდების უზრუნველსაყოფადაც. ის ეხმარება ადგილობრივ სამოქალაქო საზოგადოებას, განსაკუთრებით რისკის ქვეშ მყოფ თემებს, ხანდაზმულ და შშმ პირებს, ეთნიკურ უმცირესობებს.

ამერიკის სავაჭრო პალატამ მილიონობით ლარი გადარიცხა COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლის ფონდში. ამერიკის სავაჭრო პალატის წევრმა კომპანიებმა გადაავადეს სესხები, საჩუქრად გადასცეს ტესტის კომპლექტები, პერსონალური დამცავი აღჭურვილობა და ტექნოლოგიები დისტანციური სწავლების პლატფორმებისთვის.

ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს ეკონომიკის აღდგენას, განსაკუთრებით მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების, სოფლის მეურნეობისა და ტურიზმის სექტორის მიმართულებებით.

ისტორიულად გლობალური გამოწვევა ყოველთვის არის ბიძგი დიდი ცვლილებების. შესაბამისად, დროა არაორდინალური გადაწყვეტილებების, მოქმედებების, რათა მსოფლიომ უფრო ეფექტიანად შეძლოს გამკლავება იმ საერთო საფრთხეებთან, რომლებიც თანაბრად ყველა ჩვენთაგანს შეიძლება შეეხოს, მიუხედავად საზღვრებისა

კოვიდ-19-ის პანდემიის შედეგების დასაძლევად ამერიკის მიერ საქართველოსთვის გაწეული დახმარება ცხადყოფს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს გვერდით დგას და შეაქვს მნიშვნელოვანი წვლილი პანდემიის თანმდევი ჯანდაცვითი, ეკონომიკური, სოციალური და სხვა გამოწვევების დასაძლევად.

ამერიკის დახმარების პაკეტი მოიცავს ყველა მოწყვლად ჯგუფს, რაც კიდევ უფრო ხელშესახებს ხდის მის მხარდაჭერას უშუალოდ საქართველოს მოსახლეობისთვის. ცნობისთვის, უკანასკნელი 26 წლის განმავლობაში ამერიკელი ხალხის მიერ USAID-ის მეშვეობით საქართველოს პროგრამებისთვის გაღებული დაფინანსება 1.5 მილიარდ აშშ დოლარს აღემატება.

USAID-ის პროექტები მიზნად ისახავენ საქართველოს დახმარებას თავისუფალი და წარმატებული დემოკრატიის მშენებლობაში; ეკონომიკური შესაძლებლობების შექმნაში; ჯანდაცვისა და განათლების გაუმჯობესებაში. ყოველივე ეს მიანიშნებს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერა საქართველოს მიმართ ურყევია როგორც მშვიდობიან, ისე კრიზისის პერიოდშიც.

- პანდემიის ფონზე მკაფიოა, რომ თანამედროვე საერთაშორისო სისტემა არაერთი გამოწვევის წინაშეა. ასევე, საგრძნობლად დაიძაბა ურთიერთობა ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ჩინეთს შორის.

პოსტ-პანდემიურ საერთაშორისო სისტემაში როგორ უნდა განავითაროს საქართველომ სტრატეგიული თანამშრომლობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან და რა ტიპის საკითხების წამოწევა იქნება აუცილებელი?

- გლობალური კრიზისის ფონზე ზოგიერთი მკვლევარი ახალი „ცივი ომის“ ტენდეცნიებზე საუბრობს. თუმცა, აქვე, აღსანიშნია, რომ გლობალურ მსოფლიოში სახელმწიფოები ერთმანეთზე ურთიერთდამოკიდებულნი არიან, რაც, თავისთავად, გულისხმობს სერთაშორისო სისტემის ისე ტრანსფორმაციას, რომ ძალთა ბალანსი შენარჩუნდეს.

ასევე, ტრანსფორმირებულ საერთაშორისო სისტემაში შესაძლოა, თანამშრომლობის ახალი ფორმების გამოყენებით, სახელმწიფოებს შორის შეიქმნას ახალი ფორმატები ორმხრივ, მრავალმხრივ დონეებზე ან მოხდეს მოქმედი ფორმატების განახლება.

ისტორიულად გლობალური გამოწვევა ყოველთვის არის ბიძგი დიდი ცვლილებების. შესაბამისად, დროა არაორდინალური გადაწყვეტილებების, მოქმედებების, რათა მსოფლიომ უფრო ეფექტიანად შეძლოს გამკლავება იმ საერთო საფრთხეებთან, რომლებიც თანაბრად ყველა ჩვენთაგანს შეიძლება შეეხოს, მიუხედავად საზღვრებისა.

როგორც მე-20 საუკუნეში, ისე 21-ე საუკუნეში ამერიკის შეერთებული შტატები არ შეეგუება რუსეთის მიერ საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების ხელყოფას, მათ შორის სახელმწიფოთა სუვრენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობაზე შეტევას

რაც შეეხება საქართველო-ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიული თანამშრომლობის მომავალში მეტად გაღრმავებას, როგორც პანდემიის, ისე პოსტ-პანდემიის პერიოდში ამერიკის შეერთებული შტატების როლი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ხელშეუხებლობის დაცვის თვალსაზრისით გამორჩეული იქნება.

გასულ კვირას უელესის დეკლარაციის 80 წლისთავი აღინიშნა. ცნობისთვის, 1940 წლის 23 ივლისს აშშ-ს იმდროინდელმა მოქმედმა სახელმწიფო მდივანმა, სამნერ უელესმა მიიღო დეკლარაცია, რომლითაც საბჭოთა კავშირის მიერ ბალტიისპირეთის ქვეყნების, ლიეტუვას, ესტონეთისა და ლატვიის ოკუპაცია დაგმო.

ამ დოკუმენტით ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საფუძველი ჩაუყარა ამერიკის მხრიდან ბალტიის სამი სახელმწიფოს საბჭოთა ოკუპაციის არაღიარების პოლიტიკას.

უელესის დეკლარაციის მიღებიდან 80 წლის გასვლის პერიოდთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებაში, სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის მიუღებლობაზე საუბრობს.

ამდენად, როგორც მე-20 საუკუნეში, ისე 21-ე საუკუნეში ამერიკის შეერთებული შტატები არ შეეგუება რუსეთის მიერ საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების ხელყოფას, მათ შორის სახელმწიფოთა სუვრენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობაზე შეტევას.

ამასთანავე, პოსტ-პანდემიურ საერთაშორისო სისტემაში საქართველომ ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერით უნდა შეძლოს გლობალურ ეკონომიკასთან კიდევ უფრო მეტად ინტეგრირება, გააძლიეროს ენერგოუსაფრთხოება და საბოლოოდ ჩამოყალიბდეს, სატრანზიტო და ლოგისტიკურ ჰაბად ფართომასშტაბიანი ეკონომიკური პროექტების განხორციელებით.

ვფიქრობ, ამ სტრატეგიული ამოცანების მისაღწევად აუცილებელია საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების დასადებად მოლაპარაკებების დაწყება. საქართველო დასავლეთისა და აღმოსავლეთის გზაგასაყარზე მდებარეობს, რაც ქვეყნის სტრატეგიულ მდებარეობაზე მიანიშნებს.

თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება ხელს შეუწყობს საქართველოში როგორც ამერიკული ინვესტიციების, ისე ამერიკელი ტურისტების ზრდას. ეს პროცესი კი კიდევ უფრო გააძლიერებს საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობას.

პოსტ-პანდემიურ საერთაშორისო სისტემაში საქართველოს სტრატეგიული როლის მეტად გამოკვეთა და ამერიკის შეერთებულ შტატებთან მრავალმხრივი თანამშრომლობა ხელს შეუწყობს საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების წარმატებით განხორციელებას.

ინტერპრესნიუსი

კობა ბენდელიანი

თორნიკე ჯანაშვილი - ქვეყანა ღრმა ეკონომიკურ კრიზისშია  და მომავალ წელს უფრო მძიმე  კრიზისის  წინაშე  შეიძლება აღმოვჩნდეთ
ვიქტორ ყიფიანი - როგორიც არ უნდა იყოს რეგიონალური თუ საერთაშორისო კონიუქტურა, რისკების ასაცილებლად და შესაძლებლობების გამოსაყენებლად გზები დამოუკიდებლად უნდა ვეძებოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 10.08.2020
სევრის ხელშეკრულების 100 წლისთავი
„მოედანი“ - პროექტი, რომელიც ავლაბარს ახალ სიცოცხლეს შესძენს
ამერიკული სტეიკის მასტერკლასი ბათუმში