დიმიტრი ცქიტიშვილი - ქვეყნის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია როგორ ჩაივლის 2020 წლის არჩევნები

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატის, დიმიტრი ცქიტიშვილის განცხადებით, დიპლომატიაში მუქარა და გაფრთხილებები არ არის, თუმცა, ის ფაქტი, რომ აშშ- ის სახელმწიფო დეპარტამენტი აქცენტს არჩევნების დემოკრატიულად ჩატარებაზე ამახვილებს, შესაძლოა, მიანიშნებდეს იმას, რომ წინასაარჩევნო გარემო მათთვის კითხვებს აჩენს.

როგორც დეპუტატმა ჟურნალისტებთან გიორგი გახარიასა და მაიკ პომპეოს საუბრის კომენტირებისას განაცხადა, შესაძლოა, მთავრობის ადმინისტრაციის აქცენტი სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში გაკეთებული აქცენტებისგან განსხვავდება, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვინმეს რაიმეს დამალვის მცდელობა ჰქონდა, რადგან ასეთი შეფასებები არ იმალება.

„უბრალოდ, ალბათ, მთავრობის ადმინისტრაციის ყურადღება გამახვილდა იმ პოზიტიურ შეფასებებზე, რომელიც იქნა ნახსენები სავარაუდოდ საუბარში, თუმცა, ფაქტია, რომ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი და მისი ხელმძღვანელი განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს დაგეგმილ არჩევნებზე და სამართლიან გარემოში მის ჩატარებაზე, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ შესაძლოა, არსებული წინასაარჩევნო გარემო მათთვის კითხვის ნიშნებს აჩენს. ამას სჭირდება ძალიან ინტენსიური მუშაობა ხელისუფლების მხრიდან, რომ არჩევნები ერთი მხრივ, იყოს სამართლიანი, გამჭვირვალე და ამან მიიღოს ძალიან მაღალი საერთაშორისო ლეგიტიმაცია.

დიპლომატიაში გაფრთხილებები და მუქარები არ არის, უბრალოდ არის საკითხები, რაზეც პარტნიორები მიანიშნებენ. ქვეყნის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია როგორ ჩაივლის 2020 წლის არჩევნები, მითუმეტეს, ასეთი პოლიტიკური ტურბულენტური პერიოდის შემდეგ, ამიტომ ქვეყნაში რომ უფრო სტაბილური გახდეს გარემო, მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგები აღიაროს ყველამ - შიდა მოთამაშემაც და გარე დამკვირვებლებმაც. შიდაში შესაძლოა გაჩნდეს სპეკულაცია, მაგრამ საერთაშორისო დამკვირვებლები ძალიან ყურადღებით დააკვირდებიან, რომ ქვეყანაში დემოკრატიისკენ იქნას კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგმული და არც ერთ შემთხვევაში უკან არ წავიდეთ,"- განაცხადა ცქიტიშვილმა.

ცნობისათვის, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ გიორგი გახარიასთან საუბრისას მაიკ პომპეომ ხაზი გაუსვა საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარების აუცილებლობას.

"ის მიესალმა კონსტიტუციური ცვლილებების მიღებას, რომელიც ნაწილობრივ პროპორციულ საარჩევნო სისტემას ითვალისწინებს და ხაზი გაუსვა ბოლო დროს მიღებული საარჩევნო რეფორმების ზედმიწევნით ზუსტად განხორციელების მნიშვნელობას. სახელმწიფო მდივანმა ასევე ხაზი გაუსვა საქართველოს სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის გასაძლიერებლად ძალისხმევის გაგრძელების, როგორც უცხოური ინვესტიციების მოზიდვის აუცილებელი ნაბიჯის მნიშვნელობას,“- აღნიშნულია სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს