კოტე ზეიკიძე განცხადებას ავრცელებს

ხორცპროდუქტების მწარმოებელი კომპანია „ლიდერფუდის“ 50%-იან წილთან დაკავშირებულმა დავამ, რომლის დეტალების მხარეთა მიერ განხილვის პროცესმაც, მეორე თვეა რაც მედიაში გადაინაცვლა, დრამატული ხასიათი შეიძინა. რამდენიმე დღის წინ ირაკლი დუმბაძემ, გავრცელებული განცხადებით მორიგჯერ დაადანაშაულა დავით ზეიკიძე 90-იანი წლების მეთოდებით მოქმედებასა და უზენაეს სასამართლოზე ზეწოლის მცდელობაში. მის ვაჟებს კი ხელმოცარულები, ბოღმით დაბრმავებულები, არაფრის შემქმნელები და მისი ნაშრომის ხარჯზე მილიონების შოვნის იდეით შეპყრობილები უწოდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „კლიპარტიდან“ აცნობეს.

დავით ზეიკიძის ვაჟმა, ვიტალი (კოტე) ზეიკიძემ საპასუხო განცხადებაში ირაკლი დუმბაძეს კონკრეტულ კითხვებზე პასუხები მოსთხოვა. განცხადებას „ინტერპრესნიუსი“ უცვლელად გთავაზობთ:

„ვწუხვარ, რომ მიხდება ირაკლი დუმბაძის მიერ ჩაფიქრებული ავანტიურის არდასაშვებად საჯარო პასუხი მის წრეგადასულ ბოდვასა და ცინიზმზე. ის სწორედ ამ ბოდვით ცდილობს შენიღბოს რეალობა, დაფაროს თავისი დანაშაულებრივი საქმიანობა, სიტუაცია წარმოაჩინოს იმგვარად, რომ წამებულის მანტია მოირგოს და ამ გზით გაექცეს სამართლებრივ პასუხისმგებლობას, რომელიც მას ელოდება. რეალობა ერთია, - ჩვენი ოჯახი მის მიერ არის გაძარცვული. ეს აღიარებული აუდიტორული კომპანიების დასკვნების საფუძველზე დამდგარი ფაქტია, რომელსაც ვერავინ და ვერაფერი შეცვლის.

მე აქამდე თავს ვიკავებდი ამ ძალიან უსიამოვნო პოლემიკაში ჩართვისგან, მაგრამ დუმბაძის პროვოკაციული მომართვის ფონზე, თავშეკავება ძნელიცაა და არც შეიძლება. ცხადია, მას სურს ჩვენი წონასწორობიდან გამოყვანა და რაიმე კანონსაწინააღმდეგო ქმედებაზე პროვოცირება. მაგრამ უნდა გავაწბილო და მშვიდად მინდა ვუთხრა - ტყუილად ნუ იწვალებს, ვერ მოახერხებს ჩვენს პროვოცირებას. იმაზე გაცილებით მშვიდად დავასრულებთ მისი ტყუილების და დანაშაულებების გამოაშკარავებას, ვიდრე მას ამის წარმოდგენა შეუძლია.

ახლა კი, მისი ზოგადი მიდებ-მოდების საპასუხოდ, საჯაროდ მინდა დავუსვა მას კონკრეტული კითხვები და კეთილი ინებოს და ასევე საჯაროდ გამცეს მათზე პასუხი. საქმეც ის არის, რომ ვერ შეძლებს ამ კითხვებზე მისთვის ხელსაყრელი პასუხების გაცემას, რომლებიც ფაქტებით იქნება გამყარებული, რადგან მისთვის სასურველი ფაქტები და მტკიცებულებები ბუნებაში არ არსებობს. და მანდვე დასრულდება მისი, როგორც ვითომ ბიზნესმენის და იურისტის ნაძალადევად მორგებული იმიჯი. შემდგომში კი, როცა საქმე საქალაქო სასამართლოს არსებითი განხილვისთვის დაუბრუნდება, ამ და კიდევ ბევრ სხვა კითხვაზე მოუწევს სასამართლოში პასუხის გაცემა. კაცმა რომ თქვას, ერთგვარი ფორა ეძლევა - შეუძლია აქედანვე მოემზადოს.

მაშ ასე, - შენ კადრულობ და საუბრობ, რომ დავით ზეიკიძეს კარგად უნდა ახსოვდეს, თუ რა კაპიტალს ფლობდა მისი ოჯახი შენს მიერ „ლიდერფუდის“ დაარსებამდე და განვითარებამდე. უნდა ახსოვდეს, რა მოცულობის თანხები აქვს შენი წილიდან მიღებული და რის ხარჯზე გახდნენ იმ ქონების მფლობელნი რასაც დღეს ფლობენ. - სასაცილოა - დუმბაძე თავისივე ბოდვებში იხლართება, - მისი თქმით, ხან დავით ზეიკიძე კორუმპირებული გზით ნაშოვნი თანხებით არის გამდიდრებული, ხან კი მისი, ირაკლი დუმბაძის წყალობით. მართლაც სასაცილოა - როგორც ჩანს, უტიფრობას სახელი აქვს და მას ირაკლი დუმბაძე ჰქვია... ახლა კი გვიპასუხე, როდის, რომელ წელს და რა პოზიციაზე დასაქმდით ჩვენი ოჯახის კომპანიაში შენ და მამაშენი? რა ხელფასი გქონდათ, რა უძრავ ქონებას ფლობდით.

თუ „გიჭირს“ გახსენება, მოგეხმარები - ეს იყო მაშინ, როცა შენ ტარიელის ქუჩაზე ერთ ოთახიანი ნაქირავები ბინიდან, როგორც საბოლოოდ აღმოჩნდა, ჩვენს ოჯახში ანგარებით შემოხვედი. მაშინ მოგანდო დავით ზეიკიძემ ვაგზლის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩვენი წარმოების ძეხვის მიწოდება, ხოლო მამაშენი 2009 წლამდე კომპანია „ზეიკიძეში“ საწყობში მუშაობდა, ხოლო 2009-დან ჩვენი წარმოების მიერ ნაქირავები მაღაზიიდან ახდენდა ჩვენივე კომპანიის - „ზეიკიძის“ ძეხვის რეალიზაციას. სხვათა შორის, ის ამას 2018 წლამდე აკეთებდა და ამ ფაქტს ქვემოთ კიდევ დავუბრუნები.

ახლა, კიდევ მეტი კონკრეტიკა - მინდა გკითხო - რა გქონდა, რას ფლობდი სანამ ჩვენი სიძე გახდი? - და რისი პატრონი შეიქმენი ინგა ზეიკიძის ცოლად შერთვის პირველსავე წლებში? - ვინ გაჩუქა, ვინ შეიძინა შენთვის სამსართულიანი სახლი ვორონცოვზე, ოთხოთახიანი ბინა ვაკეში, ვინ გიყიდა შენს ცხოვრებაში პირველი ავტომობილი, ვინ გაჩუქა მიწა წავკისში და ვინ მოგცა ფული იქ სახლის ასაშენებლად.

შენ კადრულობ, ამბობ და შენსავე სარჩელში აღნიშნავ, რომ 2008 წელს შენ გქონდა იდეა ახალი ბიზნესი დაგეწყო და შენი ცოლის ოჯახის წევრებმა შენი ეს იდეა არ გაიზიარეს. ამიტომ შენ თავად დაიწყე მარტომ ეს ბიზნესი, ანუ ნულიდან - „ლიდერფუდზე“ ლაპარაკობ.

ანუ, გამოდის, რომ გახდი ჩვენი ოჯახის კონკურენტი ხორცპროდუქტების წარმოებაში. მაშინ, ახსენი, გინდა ლოგიკურად, გინდა დოკუმენტურად, ჩვენს კონკურენტს, თუნდაც სიძეს, ჩვენივე კომპანის ფულით რატომ უნდა გვეყიდა შენთვის 2 მილიონი ლარის და მეტის დანადგარები და ტექნოლოგიები. დოკუმენტურად დადასტურებეულ ფაქტებზე ვსაუბრობ.

ან იქნებ იმას ახსნი, 2008 წელს დაგიფუძნებია და აგიყვავებია „ლიდერფუდი“, და ამ დროს, მამაშენი 2018 წლამდე, ისევ ჩვენს ძველ კომპანიაში, კომპანია „ზეიკიძეში“ აგრძელებს მუშაობას და ვაგზალზე ჩვენი კომპანიის მიერ ნაქირავები მაღაზიიდან ყიდის ჩვენს პროდუქციას. ელემენტარული კითხვაა - შენს ბიზნესში რატომ არ წაიყვანე მამა და ბიძაც, რატომ დატოვე კონკურენტ კომპანიაში სამუშაოდ?

ან იქნებ ის დაამტკიცო, როცა კომპანიის შენებას ნულიდან იწყებდი, რა სახსრებით ააშენე ქარხანა, საიდან მოიყვანე კვალიფიციური კადრები, სად მუშაობდნენ მანამდე. ვისთან, რომელ კომპანიებთან აწარმოებდი მოლაპარაკებებს 2008 წელს მანქანა დანადგარების და ტექნოლოგიების შემოტანაზე. იქნებ ელექტრონული მიმოწერები მაინც წარმოადგინო, ვის ელაპარაკებოდი ამ საკითხებზე. ან რატომ, რა ლოგიკით დაკომპლექტდა „ლიდერფუდის“ პერსონალის 80% კომპანია „ზეიკიძის“ თანამშრომლებით.

მოყევი, ვინ იყვნენ ის ადამიანები, ვინც უცხოელ და ადგილობრივ სპეციალისტებს ეთანამშრომლებოდა. შენ ხომ ნულიდან გაქვს 2008 წელს ეს ბიზნესი დაწყებული, შენ ხომ ზუსტად იცოდი ეს ყველაფერი. თქვი, დაასახელე ეს კომპანიები და ეს ადამიანები.

ფაქტი ის არის, რომ შენ ვერაფერს დაასახელებ. ჩვენ დავასახელებთ, შენგან განსხვავებით დოკუმენეტურადაც დავადასტურებთ და მაშინდელი პარტნიორი კომპანიები და პიროვნებებიც დაგვიდასტურებენ ამას.

ის მაინც მოუყევი საზოგადოებას, ბიზნესის ნულიდან დამწყებო, 2008 წელს რომელ ადგილობრივ და უცხოურ კომპანიასთან თანამშრომლობით შექმენი პროდუქციის ბრენდირება. ვის დაუკვეთე პირველი სარეკლამო რგოლი შენს ნულიდან დაწყებულ კომპანიაში.

დაასახელე ადამიანები, სპეციალისტები, ტექნოლოგები, ვისთან ერთადაც 2008 წელს განიხილავდი პროდუქციის მახასიათებლებს, მარკეტინგული კამპანიის გეგმებს და სხვა უმნიშვნელოვანეს საკითხებს, რომ კომპანიას ხორცპროდუქტების სრული პაკეტი გამოეშვა.

ან იქნებ ის ახსნა, 2010 წელს ტექნოლოგიების მომწოდებელი ერთ-ერთი მსხვილი უცხოური კომპანია თავის იუბილეზე გამართულ ბანკეტზე, „ლიდერფუდის“, როგორც საუკეთესო პარტნიორი კომპანიის დაჯილდოებისას, ჯილდოს რატომ გადასცემს დიმიტრი ზეიკიძეს, (რომელიც ამ დროს ოფიციალურად კომპანია „ზეიკიძეს“ წარმოადგენს) და არა შენ? შენ ხომ „ლიდერფუდის“ ნულიდან დამწყები და ამწყობი კაცი ხარ, როგორც ამბობ...

იქნებ ის ახსნა, სარჩელში რომ ამბობ, დათო ზეიკიძეს ვესესხე ფული 2012 წელს, მერე დავუბრუნე და მადლიერების ნიშნად, მის ვაჟს, დიმიტრის 50% -ის ოდენობით წილი, ჩემს ბიზნესში, „ლიდერფუდში“ სიმბოლურ ფასად 150 000 ლარად მივყიდეო? - გეკითხები, რითი ამტკიცებ ან სესხებას, ან რამდენის სესხებაზე საუბრობ, ან დაბრუნებაზე. ან საერთოდ რა თანხებზე ლაპარაკობ?

ეს კითხვებია, რომელიც ჩვენს ოჯახში შენი შემოსვლის და 2016 წლამდე პერიოდს მოიცავს და რომლებსაც აუცილებლად უნდა უპასუხო. ისევე როგორც, უნდა უპასუხო კითხვებს, რომელიც უკვე ახალი ქარხნის პერიოდს, ანუ 2016 წლის შემდგომ პერიოდს უკავშირდება. იქნებ გაიხსენო და მოყვე, ამ ახალი ქარხნის მშენებლობისას მაინც ვისთან აწარმოებდი მოლაპარაკებებს პროექტირებაზე, სამშენებლო პროცესზე. ამას ხომ შენ მარტო აკეთებდი, როგორც „ლიდერფუდის“ პატრონი და ნულიდან შემქმნელი. - ასე არ ამბობ? აქვე ისიც თქვი, მიწა, რომელზეც ქარხანა აშენდა მცხეთაში, ვისი იყო მიწაც და შენობა-ნაგებობაც, - დაასახელე კომპანია, კომპანიის მფლობელი პიროვნება დაასახელე.

საერთოდაც, იქნებ უარყო, რომ დავით ზეიკიძე და ჩვენ მისი ვაჟები, კომპანიის განვითარებისთვის ვახდენდით ინვესტირებას და ვაგვარებდით მიმართულებებს, სადაც კონკურენციის დაძლევა იყო საჭირო - კერძოდ: მარკეტინგი; ტექნოლოგიური პროცესი და ამ პროცესის განვითარება უცხოელ სპეციალისტებთან ერთად; ადგილზე და საზღვარგარეთიდან სპეციალისტების მოზიდვა; საქართველოში და უცხოეთში ნედლეულის ბაზრებზე ოპერირება; მომწოდებლებთან გლობალური მოლაპარაკების წარმოება; გასაღების ბაზრის შესწავლა და მისი მუდმივი მონიტორინგი; პროდუქციის რენტაბელობისა და ხარისხის კონტროლი და სხვა. ეს ყველაფერი დოკუმენტურად დადასტურებადია და ჩვენ ამის ყველაფრის დადასტურება შეგვიძლია - შენ? - ზოგადი ფრაზების ბრახა-ბრუხის და „ლიდერფუდიდან“ ფულის მითვისების გარდა, რა შეგიძლია, რისი დადასტურება შეგიძლია?

ფაქტი ის არის, რომ მაშინ, როცა შენ დირექტორი გერქვა, გლობალურ გადაწყვეტილებებს ერთპიროვნულად ვერ იღებდი. მხოლოდ აწარმოებდი მოლაპარაკებებს ბანკებთან და სახელმწიფო პროგრამებთან. შენ კურირებდი ბუღალტერიას, იყავი ხელმომწერი და აღმოჩნდა, რომ უბრალოდ ბოროტად სარგებლობდი ჩვენი ნდობით და თაღლითი და მიმთვისებელი გამოდექი. კონკრეტულ ფაქტებზე სისხლის სამართლის საქმეებია აღძრული, - ამ ტერმინებს უბრალოდ არ ვიყენებ.

საზოგადოებას, ვისაც აინტერესებს ამ საქმის რეალური და არსებითი მხარე, მინდა მოვუყვე, რომ 2017 წელს, როცა უკვე გაჩნდა უტყუარი ინფორმაცია, რომ ფინანსები იფლაგებოდა, ანუ დავით ზეიკიძეს ფულს პარავდნენ, მან გადაწყვიტა, რომ ფინანსებში ბოლომდე ჩაეხედა. ამიტომ დე ფაქტო ვითარება აქცია რეალობად და შემდეგ სრულად გაიფორმა „ლიდერფუდის“ წილი და დაინიშნა დირექტორად.

ამის შემდეგ შენ, 4-5 თვე ისევ ასრულებ შენს ფუნქციას, ანუ კურირებ ფინანსებს. ამ ფაქტს, სხვათა შორის, შენსავე ჩვენებაში ადასტურებ. მაგრამ, როგორც კი იწყება ბუღალტერიის გამოკვლევა, შენ უბრალოდ დგები, ანებებ თავს კომპანიაში სიარულს და მუშაობას და გარბიხარ. რატომ? იქნებ ახსნა შენი საქციელი? - შენ ვერ ახსნი - „დაგეხმარები“ - ამ მოკლე პერიოდშიც კი მოახერხე და ბუღალტერთან ერთად 500 000 ლარი კიდევ მიითვისე. თუ ეს მხოლოდ ბუღალტრის დანაშაულია, მაშინ სად არის შენი განაცხადი კომპანიაში დატაცების შესახებ?!.

და აი, სწორედ ამის მერე, რაც ჩვენ ყოველდღიურად უფრო და უფრო საფუძვლიანად ვერკვეოდით შენი ფინანსური მაქინაციების სიღრმეებში, და მას მერე, რაც დავით ზეიკიძემ დაიწყო იმის გამოკვლევა, თუ სად წავიდა მის მიერ კომპანიაში განვითარებისთვის შემოტანილი რამდენიმე მილიონი, შენ უკვე მიხვდი, რომ ჩვენს მოტყუებას და ძარცვას ვეღარ გააგრძელებდი, შეგეშინდა და საბოლოოდ გაიქეცი.

პარალელურად შენთვის უკვე ცხადი გახდა, რომ ბუღალტრის, ლადო გაბრიჩიძის გარშემო, რომელიც ასევე იყო შენი მაქინაციების მონაწილე, წრე შევიწროვდა. საბოლოოდ ის, დააკავეს და 9 წელი და 6 თვე აქვს მისჯილი 2 მილიონ 200 ათასი ლარის მითვისებაზე. შენ საჯაროდ, პრესკონფერენციაზე თქვი, რომ გაბრიჩიძე შენს დროს არ ქურდობდა. მოიტყუე, როგორც გჩვევია. - სწორედ შენს დროს, შენი დირექტორობის პერიოდში აქვს გაბრიჩიძეს ქურდობა დაწყებული და აგრძელებს მას შემდეგაც, რაც შენ დირექტორი აღარ ხარ და მხოლოდ არაფორმალურად კურირებ ფინანსებს. ეს ყველაფერი ქრონოლოგიურადაა დამტკიცებული. ეს დამტკიცებული ფაქტია. რატომ იტყუები?

ჰოდა, ახლა გეკითხები - შენ, ასეთი ძლიერი იურისტი და ბიზნესმენი. საუკეთესო საწარმოს ნულიდან ამწყობი, როგორ ხდება, რომ შენივე მთავარი ბუღალტერი ორწელიწადნახევარი გპარავს მილიონს და ამას ვერ იგებ?!.. და შენი გაქცევიდან რამდენიმე თვეში, ჩვენ ვახერხებთ მითვისების ამ და სხვა ფაქტების გამოვლენას. ანუ, რა გამოდის, შენ ამბობ, რომ კომპანია შენი აწყობილი და განვითარებულია ნულიდან და ამ კომპანიაში ფულს გპარავენ და არც კი ჩივი. როცა საჯაროდ გახდა ცნობილი ამ ფაქტის შესახებ, შენ არც მერე ჩივი. შენ ამბობ, რომ კომპანია განავითარე - ფაქტი სხვაა, - შენი დირექტორობის პერიოდში, უზარმაზარი დატაცებების ფონზე, კომპანია ფაქტობრივად გაკოტრდა.

ისე, ხომ კარგად ხვდები, რომ ბუღალტერ ლადო გაბრიჩიძის პატიმრობა შენს კისერზეა. იმასაც ხომ კარგად ხვდები, რომ ჩაგივარდათ გეგმა, შენი შექმნილი ფინანსური პირამიდა გაშიფრულია და რომ მალე შენი და შენი თანამზრახველების მიმართ უკვე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობები დადგება.

თუ არ იცი, გეტყვი, რომ შეკრებილი მტკიცებულებებით დგინდება, რომ კომპანიის ყოფილმა დირექტორმა ირაკლი დუმბაძემ, ანუ შენ, კომპანიის მფლობელის, ანუ დავით ზეიკიძის მოტყუებით, სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენებით, დოკუმენტების გაყალბების გზით, 2017 წლიდან 2018 წლის მაისის ჩათვლით მიითვისე კომპანია „ლიდერი ფუდის“ მესაკუთრის, ანუ დავით ზეიკიძის, კუთვნილი, საწარმოს განვითარებისთვის შემოტანილი თანხა, რამდენიმე მილიონი ლარი (პროკურატურაში მიმდინარე გამოძიებით, ჯერჯერობით, მხოლოდ ამ ერთ ეპიზოდზე 7 656 004 - შვიდიმილიონექვსასორმოცდათექვსმეტიათასოთხი ლარი არის დადასტურებული). ამ და კიდევ სხვა მითვისებულ უამრავ თანხებზე შენ სასამართლოში მოგიწევს პასუხის გაცემა.

შენ რომ ეს და კიდევ სხვა ფული არ მიგეთვისებინა, კომპანიას ბანკის და კიდევ სხვა ვალი არ ექნებოდა. გარდა ამისა, შენ ამბობ, რომ ჩვენ ვანგრევთ კომპანიას. მაშინ, ახსენი - შენი გაქცევიდან 2 წლის თავზე, როგორ მოხდა ის, რომ FSSC 22000, ანუ კვების მრეწველობაში უმაღლესი სერთიფიკატი, როგორ აიღო კომპანიამ და იმავდროულად როგორ გაზარდა კომპანიამ რეალიზაცია 100%-ით?! - როგორ და სწორი, თანმიმდევრული, მიზანმიმართული, თავდადებული და შენგან განსხვავებით, პატიოსანი შრომით, რამაც მოიტანა საწარმო პროცესის ხარისხი და ეს შედეგი.

ისე, მიუხედავად იმისა, რომ ერთი დღეც კი არ გიმუშავია შენი სპეციალობით (იურისტის დიპლომიც ჩვენი ოჯახის სიძეობის პერიოდში გაიფორმე, თუ გახსოვს), იმდენს ალბათ კი მიხვდები, სისხლის სამართლის რა პასუხისმგებლობას გულისხმობს მილიონობით ლარის მითვისების ფაქტის დამტკიცება... იფიქრე ამაზე.

იურისტი და ბიზნესმენი - ასე ცდილობ პოზიციონირებას თბილისის გლამურულ საზოგადოებაში. და ეს ამხელა იურისტი და ბიზნესმენი კაცი ამბობ, რომ XXI საუკუნეში ძალით წაგართვეს ბიზნესი. გეკითხები და კეთილი ინებე და დააკონკრეტე - როგორ მოხდა ეს, ვინ მონაწილეობდა ამაში, სად მოხდა. როგორ წაგართვეს. თქვი და მერე დაამტკიცე ეს ყველაფერი. დადე მტკიცებულებები - როგორ წაგართვეს ძალით ბიზნესი.

უკვე მერამდენე თვეა იმუქრები, პროკურატურაში ვიჩივლებო. დაგიშალა ვინმემ? - იჩივლე, ნამდვილად საინტერესო იქნება იმის გაცნობა, ტყუილების მორიგ კასკადში ხელახლა როგორ გაიხლართები. ისე, პრესკონფერენციაზე რომ განაცხადე, დავით ზეიკიძე დრონებით დამსდევს და მითვალთვალებსო, ვიჩივლე უკვე პროკურატურაშიო - არ ვიცით, ჩვენთვის შენს ნაჩივლზე დღემდე არავის დაუძახნია. ახლა რომ იქადნები ვიჩივლებო, ეგეც იმ სერიიდან იქნება, ორი წელია რომ იმუქრები, ჩემზე განხორციელებული ზეწოლების ფაქტები მაქვსო - მოიტანე ფაქტები, იჩივლე, გელოდებით.

შენი თაღლითური ბუნება იქამდე მივიდა, რომ უკვე ცდილობ ინგა ზეიკიძის ზურგს ამოფარებულმა სცადო თავის გადარჩენა პასუხისმგებლობისგან. გირჩევ, ინგას ხსენებას და მის მდგომარეობაზე აპელირებას, საერთოდ დაანებო თავი. რეალობა ის არის, რომ ინგა ისევეა მოტყუებული შენს მიერ, როგორც წლების მანძილზე მამაჩემი და ჩემი ძმა გყავდა მოტყუებული. იმედი მაქვს, ინგა ოდესმე გაიაზრებს ამას, დაინახავს რეალობას, სიმართლეს და დააღწევს თავს შენი ტყუილების სამყაროში ცხოვრებას.

და კიდევ - შენ ამბობ, რომ დავით ზეიკიძე უზენაეს სასამართლოზე ზეწოლას ცდილობს. ისევ გაღმა შეედავეს პრინციპია - შენ გაქვს საქმე „გაიმასქნებული“ შენს ადვოკატ თაღლით პაატა სალიას მეშვეობით საქალაქო და სააპელაციო სასამართლოების ასევე თაღლით მოსამართლეებთან და ახლა იმაზე წუხხართ, რომ უზენაესი სასამართლოს კოლეგიაზე თაღლითების თქვენი ჯგუფი ვეღარ ახდენს ზეგავლენას და უზენაესი ინსტანცია სამართლიან ვერდიქტს გამოიტანს, შესაბამისად არ მოგეცემათ საშუალება განხილვის გარეშე, ხელის გადაგრეხვით დაეპატრონოთ ჩვენი ოჯახის შექმნილ ბიზნესს. შეუძლებელია უზენაესმა საკასაციო ინსტანციამ არ გაითვალისწინოს, რომ ჩვენ არ ვითხოვთ გამართლებას, - ჩვენ ვითხოვთ საქმის არსებითად განხილვას, რისი უფლებაც დღემდე არ გვეძლევა სწორედ თქვენი თაღლითური და დანაშაულებრივი მოქმედებეების გამო. აი, საქმის არსებითი განხილვა როცა დაიწყება, მაშინ მოგიწევს უკვე ამ და კიდევ სხვა კითხვებზე პასუხების გაცემა და შენ მათზე პასუხები უბრალოდ არ გაქვს.

რასაც ვამბობ, ყველაფრის თაობაზე არსებობს კონკრეტული მტკიცებულებები. მთელ რიგ ეპიზოდებზე, კარგად იცი, აღძრულია სისხლის სამართლის საქმეები და მიმდინარეობს გამოძიება. შენგან განსხვავებით, ჩვენ ფაქტების ინტერპრეტაციას არ ვახდენთ. დარწმუნებული ვართ, ძალიან მალე იზეიმებს სამართლიანობა“, - ნათქვამია განცხადებაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს