დევიდ კრამერი - ვფიქრობ, კონგრესმენებს სურდათ ძალიან მკაფიოდ განეცხადებინათ, რუსული გავლენის მასშტაბის შესახებ შეშფოთება

„ეს არის გზავნილი იმის შესახებ, რომ იმ კონგრესმენებისთვის, რომლებიც საქართველოს აკვირდებიან, არსებობს შეშფოთება სხვადასხვა საკითხზე: რუსეთის გავლენა და საქართველო, მოქმედი მთავრობის ურთიერთობა მოსკოვთან და ბატონი ივანიშვილის გავლენა”, - ასე ეხმაურება ფლორიდის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი და დემოკრატიისა და ადამიანის უფლებათა მიმართულებით სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე დევიდ კრამერი ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის მიერ 2021 წლის საგარეო ფინანსური დახმარების შესახებ კანონპროექტის დაამტკიცებას.

როგორც კრამერი „ამერიკის ხმის“ ქართულ რედაქციასთან ინტერვიუში აცხადებს, ეს არაა პირველი შემთხვევა, როდესაც კონგრესმენები საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე შეშფოთებას გამოთქვამენ. მისი თქმით, თუმცა ასიგნებათა კომიტეტის კანონპროექტში გამოყენებული ფორმულირება ერთ-ერთი ყველაზე მიზანმიმართული და კონკრეტულ საკითხებზე ორიენტირებულია, ამასთან, არაერთ განცხადებაში იყო გამოყოფილი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ბიძინა ივანიშვილის როლიც. შესაძლო პოლიტიკური დევნის, დემონსტრანტებისადმი ძალის გადამეტების თუ ბიძინა ივანიშვილის გავლენის შესახებ შეშფოთება, შემდეგ კი შეთანხმების შესრულებისკენ მოწოდებები ამერიკის დედაქალაქიდან ბოლო თვეების განმავლობაში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ისმოდა. ამერიკელი კანონმდებლები ყურადღებით ადევნებდნენ თვალს იმას, თუ როგორ ვითარდებოდა ქვეყანაში პროცესები.

„ამით უნდა გაიგზავნოს სიგნალი ყველასთვის საქართველოში: პირველი, რომ ამერიკა აქცევს [საქართველოს] ყურადღებას, მეორე, რომ ამერიკას სურს, საქართველოს წარმატება და რუსეთის გავლენის დამთავრება, და მესამე, ისინი, ვინც ამომრჩევლებისადმი ანგარიშვალდებულნი არიან, უნდა იყვნენ მთავარი გადაწყვეტილების მიმღებნი ქვეყანაში“, - განმარტავს კრამერი.

კითხვაზე: რატომ მიიჩნიეს კონგრესმენებმა საჭიროდ აქამდე საჯარო განცხადებებსა და წერილებში გამოთქმული შეშფოთების ან რეკომენდაციების ფინანსურ დახმარებასთან დაკავშირება? კრამერი აცხადებს, რომ ამერიკელი კანონმდებლები ხედავდნენ, როგორ წარუმატებლად მიმდინარეობდა მოლაპარაკებების პროცესი, როგორ არ იყო მოწოდებები „გაგონილი“და როგორ არ ხდებოდა შეთანხმების აღსრულება.

„მაგრამ ეს [კანონპროექტი] სცილდება კიდეც უბრალოდ საპარლამენტო არჩევნების თაობაზე შეთანხმებას და ასევე აფიქსირებს შეშფოთებას იმ როლისა და გავლენის შესახებ, რაც მოსკოვს აქვს საქართველოს საქმეებში. ქართველებმა ჩვენზე უკეთ იციან, თუ რა გავლენა აქვს რუსეთს საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიებზე ე.წ. ადმინისტრაციული ხაზის გადაწევის და მცოცავი ოკუპაციის კუთხით. ასევე რუსული პროპაგანდა და დეზინფორმაცია. ვფიქრობ, კონგრესმენებს სურდათ ძალიან მკაფიოდ განეცხადებინათ, რუსული გავლენის მასშტაბის შესახებ შეშფოთება. ეს ტექსტი, ფორმულირება საკანონმდებლო პროცესის ბოლოს, კანონად ქცეულ დოკუმენტში შეიძლება არ შენარჩუნდეს, მაგრამ ამით უნდა გაიგზავნოს სიგნალი ყველასთვის საქართველოში, რომ ამერიკა მიმდინარე მოვლენებს ყურადღებით აკვირდება“, - აცხადებს კრამერი.

ცნობისთვის, 224 ხმით 189 ხმის წინააღმდეგ - ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატამ 2021 წლის საგარეო ფინანსური დახმარების შესახებ კანონპროეექტი დაამტკიცა. საქართველოსთვის დახმარების სახით - 132 025 000 აშშ დოლარია გამოყოფილი. თუმცა, წინა წლებისგან განსხვავებით, ამჯერად ერთი დათქმითა და წინაპირობით: საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების პირდაპირი დახმარებისთვის გამოყოფილი თანხის 15% მხოლოდ იმ შემთხვევაში გაიცემა, თუკი სახელმწიფო დეპარტამენტის შეფასებით დადასტურდება, რომ ქვეყნის მთავრობა ეფექტურ ნაბიჯებს დგამს ქვეყანაში დემოკრატიული ინსტიტუტების გასაძლიერებლად.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს