მაიკლ კარპენტერი საქართველოზე - ჩვენ ვხედავთ კულისებიდან ოლიგარქიულ გავლენას ეკონომიკაზე, ასევე ზოგიერთი მოსამართლის გადაწყვეტილებას, რომლებიც სავარაუდოდ, გარედანაა ნაკარნახევი

„პენ-ბაიდენის ცენტრის“ მმართველი დირექტორის და რუსეთის, უკრაინის, ევრაზიისა და ბალკანეთის მიმართულებით თავდაცვის მდივნის ყოფილი მოადგილის, მაიკლ კარპენტერის განცხადებით, ლოგიკურია, ამერიკელი გადასახადის გადამხდელების თანხები გამოკვეთილად იმ ქვეყნებზე გაიცეს, რომლებიც „სწორი მიმართულებით ვითარდებიან“. ამის შესახებ კარპენტერმა „ამერიკის ხმის“ ქართულ რედაქციასთან ინტერვიუში განაცხადა.

როგორც კარპენტერი აცხადებს, „ვხედავთ კულისებიდან ოლიგარქიულ გავლენას ეკონომიკაზე“.

„ჩვენ ვნახეთ ზოგიერთი შემაშფოთებელი ტენდენცია და კონგრესის წევრებმა ეს ნახეს, როგორც - ყველა სხვამ. არ ვიტყოდი, რომ ეს ოპოზიციური პარტიების თუ ბიზნეს ინტერესების გამტარებელი ლობისტების საქმიანობასთანაა დაკავშირებული. ვფიქრობ, ჩვენ ვხედავთ კულისებიდან ოლიგარქიულ გავლენას ეკონომიკაზე. ვხედავთ ზოგიერთი მოსამართლის გადაწყვეტილებას, რომლებიც სავარაუდოდ გარედანაა ნაკარნახევი და პოლიტიზებულად გამოიყურება. ასევე ვხედავთ ზოგჯერ ზედმეტად მკაცრ რეაგირებას სამოქალაქო პროტესტზე“, - მიიჩნევს კარპენტერი და დასძენს, რომ 15 %-ის შეკავება მართალია არსებულ შეშფოთებას უკავშირდება, მაგრამ არ ნიშნავს, რომ კანონმდებლები საქართველოს მიმართ პესიმისტურად არიან განწყობილნი.

„ვფიქრობ, მთლიანობაში, თუკი საქართველოს მხარდამჭერთა ჯგუფის წევრებს თუ სხვა კონგრესმენებს გამოკითხავთ, მათი უმეტესობა საქართველოს კვლავ დემოკრატიად მიიჩნევს. მათ აქვთ ოპტიმიზმის მიზეზი, რომ არჩევნები თავისუფლად და სამართლიანად ჩატარდება. მე ვიმედოვნებ, რომ ქვეყანა წინ წავა ამ რთულ დროსაც კი რუსეთთან და მის აგრესიულ ქმედებებთნ დაკავშირებული გამოწვევების, ისევე როგორც კორონავირუსის პანდემიისა თუ ეკონომიკური რეცესიის პირობებში”, - განაცხადა კარპენტერმა.

მისივე თქმით, ამერიკისა და საქართველოს მრავალწლიანი სტრატეგიული პარტნიორობა საერთო ღირებულებებს ეფუძნება და ქვეყანა ამ ორმხრივი თანამშრომლობით წლების განმავლობაში მნიშვნელოვან დახმარებას იღებდა სწორედ იმიტომ, რომ იმედს აჩენდა და დემოკრატიის განვითარების კუთხით გამუდმებით წინ მიდიოდა.

„ჩვენ გვინდა ვნახოთ, რომ ეს გრძელდება. თუკი ეს ასე მოხდება, ურთიერთობაც განაგრძობს აყვავებას. ვიმედოვნებ შევძლებთ პარტნიორობის გაღრმავებას, განსაკუთრებით კი ეკონომიკური კუთხით, სადაც კვლავ გრძელი გზა გვაქვს“, - ამბობს კარპენტერი და იმედოვნებს, რომ სენატის მიერ დამტკიცებულ და შემდეგ უკვე კანონად ქცეულ დოკუმენტში ახლა არსებული ფორმულირება შენარჩუნდება.

მისივე თქმით, სასამართლო რეფორმის, მედიის თავისუფლების და ეკონომიკის გამჭვირვალობის კუთხით ქვეყანაზე დაკვირვება გაგრძელდება.

„უნდა ვნახოთ, რომ ის საკითხები, რომელზეც სამოქალაქო საზოგადოება ან ოპოზიცია წუხს, არის აღქმული და მათ გამოსასწორებლად არის ძალისხმევა და რეფორმები“, - განაცხადა კარპენტერმა.

ცნობისთვის, 224 ხმით 189 ხმის წინააღმდეგ - ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატამ 2021 წლის საგარეო ფინანსური დახმარების შესახებ კანონპროეექტი დაამტკიცა. საქართველოსთვის დახმარების სახით - 132 025 000 აშშ დოლარია გამოყოფილი. თუმცა, წინა წლებისგან განსხვავებით, ამჯერად ერთი დათქმითა და წინაპირობით: საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების პირდაპირი დახმარებისთვის გამოყოფილი თანხის 15% მხოლოდ იმ შემთხვევაში გაიცემა, თუკი სახელმწიფო დეპარტამენტის შეფასებით დადასტურდება, რომ ქვეყნის მთავრობა ეფექტურ ნაბიჯებს დგამს ქვეყანაში დემოკრატიული ინსტიტუტების გასაძლიერებლად.

კორნელი კაკაჩია - ხელისუფლებამ უნდა შეძლოს ქვეყნის გადაყვანა დაპირისპირების რელსებიდან კონსტრუქციულობის ფორმატში, თუმცა ამის რესურსს მმართველ გუნდში ვერ ვხედავ
დიმიტრი შველიძე - რუსული ოკუპაციის 100 წლისთავზე მთავარია გვახსოვდეს - ყოფილი მეტროპოლია ფარული ჩარევით, მშვიდად უყურებს საქართველოში პოლიტიკური ბანაკების გაუთავებელ ომს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.02.2021
კომპანია "სილქნეტი" განცხადებას ავრცელებს
როგორ შეუძლიათ ბიზნესებს თანამშრომელთა სამუშაო საათები ავტომატურად აღრიცხონ?
ბაკურიანის მსოფლიო თასის ეტაპებისთვის რეგისტრაცია დასრულებულია
ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან არსებულმა დაზარალებულთა ნდობის ფონდმა საქართველოსთვის დახმარების პროგრამა დაამტკიცა
ლაბორატორია „მეგალაბში“ კორონავირუსის ე.წ. ბრიტანული შტამის დადგენაა შესაძლებელი