რომან გოცირიძე - ჩვენი მიდგომა მიგვიყვანს გამარჯვებამდე, დანარჩენი გზა არის უბრალოდ მანდატების განაწილებაში ვაჭრობა

ტექნიკურ დათვლაში და არითმეტიკაში ჩვენ მონაწილეობას არ მივიღებთ. სიხისტე რომ არ დაგვბრალდეს, შეიძლება ასე ვთქვათ - თითქმის ყველა რეგიონში ვაყენებთ საკუთარ კანდიდატს,- ამის შესახებ ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე რომან გოცირიძემ ჟურნალისტებთან „ევროპული საქართველოს“ შეთავაზების კომენტირებისას განაცხადა.

მისი თქმით, მაჟორიტარის მიერ წარმართულ კამპანიას დიდი მნიშვნელობა აქვს პროპორციული სიით გამარჯვებაში, რაც საწინდარი იქნება მაჟორიტარულ ოლქში მეორე ტურში გამარჯვებისაც, თუმცა, გოცირიძის განმარტებით, მაჟორიტარული ოლქის მოგება გამარჯვების ფორმულის მთავარი შემადგენელი არ არის, რადგან პროპორციული გზით მანდატების 80 პროცენტი ნაწილდება.

"რეგიონებთან დაკავშირებით არაერთხელ გვითქვამს, რომ გამარჯვებისთვის აუცილებელია რეგიონებში საკუთარი კანდიდატების დაყენება. ეს არის პრინციპი, რომელიც არ შეიცვლება. თუ იქნება ცალკეული გამონაკლისები, რაღაც მოსაზრებით და თუ დავინახავთ, რომ ეს საერთო გამარჯვებას შეუწყობს ხელს, ამაზე შეიძლება კონსულტაციების გამართვა, მაგრამ პრინციპი რომ არ შეიცვლება, ეს არაერთხელ გვქონდა გაცხადებული. თბილისთან დაკავშირებით გადავდგით უპრეცედენტო ნაბიჯი, ორი ოლქი - დიდუბე და საბურთალო დღემდე არის დაუკომპლექტებელი და ძალიან გვიშლის ხელს ეს საარჩევნო კამპანიაში. აბა ნახეთ, რა ხდება გლდანში, სამგორში, მიდის გამოცოცხლებული, ინტენსიური საარჩევნო კამპანია, ვინაიდან გვყავს მაჟორიტარი და მაჟორიტარს აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა საარჩევნო კამპანიის ამუშავებაში და შესაბამისად, პროპორციული სიის კუთხით გამარჯვებაში. ნუ გვავიწყდება, რომ მანდატების 80 პროცენტი ნაწილდება პროპორციული სიით. აქ გამარჯვება იქნება უკვე საწინდარი მეორე ტურში თითქმის ყველგან, ყველა მაჟორიტარული ოლქის მოგებისა. მაჟორიტარული ოლქი კი არ არის გამარჯვების ფორმულის მთავარი ნაწილი, არამედ პროპირციული სია, როცა გაერთიანებული ოპოზიცია იღებს იმაზე მეტ ხმას, ვიდრე "ქართული ოცნება" და მისი სატელიტი თუ სატელიტები. მარცხდები პროპორციულ სიაში? - მოდის ახალი ხელისუფლება და მეორე ტურში ფაქტობრივად, როგორც არაერთხელ გვინახავს, რჩება გამარჯვება იმ პოლიტიკურ გაერთიანებას, რომელიც იგებს პროპორციულ სიას. აი, ეს არის ჩვენი პრინციპი. ეს გზა მიგვიყვანს გამარჯვებამდე, დანარჩენი გზა არის უბრალოდ მანდატების განაწილებაში ვაჭრობა,"- განაცხადა გოცირიძემ.

ცნობისათვის, "ევროპული საქართველო" ნაციონალურ მოძრაობას“ საჯაროდ სთავაზობს ოპოზიციის მხრიდან შეთავაზებული ვირიანტები განიხილოს და შეჯერდნენ. გიგა ბოკერიას თქმით, „ევროპული საქართველო“ „ნაციონალურ მოძრაობას“ დიდ ქალაქებში კანდიდატებს უთმობდა, ხოლო ისინი მხარდაჭერას „ნაციონალურ მოძრაობას“ მხოლოდ 4 ოლქში თხოვდნენ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს