ლერი სულაბერიძის ადვოკატი - ყველა საგამოძიებო მოქმედებაში მივიღეთ მონაწილეობა, მაქსიმალურად მოწადინებული ვართ, ობიექტური რეალობა დადგინდეს

ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი ვიცე - პრეზიდენტის ლერი სულაბერიძის ადვოკატის შოთა მანელიძის განცხადებით, მათ სურთ, რომ წყნეთის გზაზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით სიმართლე დადგინდეს. როგორც ადვოკატმა ჟურნალისტებს განუცხადა, საქმეზე კონკრეტული სახელი და გვარი გაჟღერდა, თუმცა, მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირისთვის უცნობია, თუ ვინ გაისროლა წყნეთში მისი ავტომობილის მიმართულებით.

„ამ ეტაპზე, რაც დაგეგმილი იყო, ყველა საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობა მივიღეთ. მაქსიმალურად მოწადინებული ვართ, რომ ამ ყოველივესთან მიმართებით ობიექტური რეალობა დადგინდეს. როგორც ბატონმა ლერიმ განაცხადა, მას პიროვნების სახელი და გვარი არაფერს ეუბნება. ამ ეტაპზე დღის წესრიგში ამოცნობის საკითხი არ დგას. ალბათ, იქედან გამომდინარე, რაც ბატონმა ლერიმ განაცხადა“,-აცხადებს შოთა მანელიძე.

ადვოკატის თქმით, მას საქმის მასალებზე წვდომა ჯერჯერობით არ აქვს, რადგან ლერი სულაბერიძეს ჯერჯერობით ოფიციალურად დაზარალებულის სტატუსი მინიჭებული არ აქვს. ადვოკატისთვის ასევე უცნობია, საქმეში ფიგურირებს თუ არა ვიდეოჩანაწერი.

ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი მზადააა, საჭიროების შემთხვევაში კვლავ გამოცხადდეს საგამოძიებო უწყებაში. ამასთან, შოთა მანელიძისთვის უცნობია, შესაძლოა, თუ არა მომხდარი „დინამოსთან“ დაკავშირებულ დავასთან იყოს დაკავშირებული.

„ვაფიქსირებ იმას, რომ გუნდ „დინამოსთან“ მიმართებით სამართლებრივი დავა ფაქტობრივად ბოლო ეტაპზეა, თუმცა რაიმე სახით დაკავშირებულია თუ არა ეს საკითხი ამ გუნდის შემდგომ ბედთან, ეს ჩემთვის უცნობია“,-აცხადებს შოთა მანელიძე.

ცნობისთვის, ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი ვიცე - პრეზიდენტის, ლერი სულაბერიძის ავტომანქანას წყნეთის გზაზე გუშინ საღამოს ესროლეს. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 19 –108 მუხლით, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს, ასევე 236-ე მუხლით, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა, შენახვა, ტარებას გულისხმობს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა