ახალგაზრდებში ინფიცირების შემთხვევების ზრდა, შესაძლოა, კორონავირუსის შემთხვევების ბოლოდროინდელი მატების განმსაზღვრელი იყოს, - ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონალურმა დირექტორმა ჰანს კლუგემ განაცხადა.
„გავრცელების ადგილობრივი კერები და კოვიდ-19-ის მზარდი შემთხვევები უფრო და უფრო მეტ ქვეყანაში ფიქსირდება. ვიცით, რომ ეს ადამიანთა ქცევაში ცვლილებების შედეგია. ჩვენ რამდენიმე ჯანდაცვის უწყებიდან მივიღეთ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ახლად ინფიცირებულების დიდი ნაწილი ახალგაზრდები არიან“, – განაცხადა კლუგემ.
მისივე თქმით, როგორც ორი შვილის მამას მას კარგად ესმის, რომ ახალგაზრდებს „ზაფხულის გაცდენა არ სურთ“, მაგრამ მათ პასუხისმგებლობა უნდა გამოიჩინონ.
„მათ საკუთარი თავის, თავის მშობლების, ბებიებისა და ბაბუების, ასევე საზოგადოების წინაშე პასუხისმგებლობა აკისრიათ, ახლა უკვე ვიცით, როგორ უნდა ვიმოქმედოთ სწორად და მოდით, ეს ცოდნა გამოვიყენოთ,“- აღნიშნა ჯანმო-ს წარმომადგენელმა.
ცნობისათვის, ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსის 16 923 279 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან გამოჯანრმთელებულია 10 486 331 და დაღუპულია 664 193 ადამიანი.