აშშ-ს ყოფილი მომლაპარაკებელი - თუ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ომი დაიწყო, საქართველო შესაძლოა, მისი უნებლიე მსხვერპლი აღმოჩნდეს

თუ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ომი დაიწყო, საქართველო შესაძლოა, მისი უნებლიე მსხვერპლი აღმოჩნდეს, - ამის შესახებ „ამერიკის ხმის“ ქართულ რედაქციასთან ექსკლუზიურ ინტერვიუში შეერთებული შტატების ყოფილი მომლაპარაკებელი რობერტ ბრადტკე აცხადებს.

როგორც რობერტ ბრადტკე ამბობს, თუ ერევანმა მოსკოვს დახმარება სთხოვა, რუსეთიდან შეიარაღების და ჯარის ტრანზიტმა პოტენციურად შეიძლება საქართველოზე გაიაროს.

„თუ ამ კონფლიქტის ესკალაცია მოხდა, საქართველოსთვის რისკები უზარმაზარია. მიჭირს იმის წარმოდგენა, თუ როგორ შეიძლება საქართველო მასში არ ჩაერიოს, თუ სომხეთმა და აზერბაიჯანმა გადაწყვიტეს კონფლიტში უფრო სერიოზული ნაბიჯები გადადგან. ასევე მიჭირს იმის წარმოდგენა, რომ რუსეთი არ ჩაერევა. სომხეთს და რუსეთს თავდაცვის შეთანხმებაზე აქვთ ხელი მოწერილი, რომელიც ყარაბაღის ტერიტორიას არ მოიცავს, რადგან რუსეთი მას აზერბაიჯანის ნაწილად აღიარებს. შეთანხმება ასევე არ მოიცავს იმ შვიდ ტერიტორიას, რომელიც ყარაბაღს ესაზღვრება. ესეც იმიტომ, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა ამ ტერიტორიას სომხეთის ნაწილად არ აღიარებს. მაგრამ, რუსეთთან შეთანხმება საკუთრივ სომხეთის მთელს ტერიტორიას იცავს. ბოლო პერიოდში აზერბაიჯანი დაიმუქრა, რომ დაარტყამს არა მთიან ყარაბაღს, არა მის გარშემო მდებარე შვიდ ტერიტორიას, არამედ სომხეთის ტერიტორიას. თუ ეს მართლაც ასე მოხდა, ეჭვი არ მეპარება იმაში, რომ სომხეთი ამ შეთანხმების საფუძველზე, მოსკოვს დახმარებას სთხოვს. ეს კი კატასტროფა იქნება.

რუსეთიდან შეიარაღების და ჯარის ტრანზიტმა პოტენციურად შეიძლება საქართველოზე გაიაროს. ამის შემდეგ თურქეთი იტყვის, რომ თუ რუსები სომხებს ეხმარებიან, ჩვენ აზერბაიჯანს დავეხმარებითო. იგივეს იტყვის, სავარაუდოდ, ირანიც. ეს კოშმარული სიტუაცია იქნება. მე არ ვამბობ, რომ ეს ასე მოხდება და რომ ეს გარდაუვალია. მაგრამ კარგად ვხედავ რისკებს საქართველოსთვის. შეიძლება მოხდეს შედარებით დაბალი ინტენსივობის ძალადობის ესკალაცია და აზერბაიჯანმა გადაწყვიტოს, რომ დარტყმა სომხეთის ტერიტორიაზე მიიტანოს. ვერავინ გათვლის იმას, თუ რა შეიძლება მოხდეს ამის შემდეგ. საქართველოსთვის რეგიონულ კონფლიქტში ჩათრევის საფრთხე დიდი იქნება“, - განაცხადა რობერტ ბრადტკემ.

მისივე თქმით, „საქართველოსთვის რთულია დიპლომატიურად მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს“.

„ცხადია, ქვეყანას შეუძლია მხარეებს შეახსენოს ის, რომ მშვიდობიანი გამოსავლისკენ იმუშაონ. საფრთხის სერიოზულობიდან გამომდინარე, საქართველომ ამ კონფლიქტს თვალი ყურადღებით უნდა ადევნოს.

საქართველოს მნიშვნელოვანი როლის თამაში გაუჭირდება, მიუხედავად იმისა, რომ სომხეთთან და აზერბაიჯანთან კარგი ურთიერთობა აქვს. ეს არ არის მარტივი. საქართველო მეზობელია, საქართველო რეგიონის ქვეყანაა, მაგრამ რთული დასანახია ის, რომ ქვეყანამ მნიშვნელოვანი როლის თამაში შეძლოს“, - აცხადებს რობერტ ბრადტკე.

კითხვაზე: რა იქნებოდა რეკომენდაციები, რომელთა გათვალისწინებაზეც საქართველო უნდა დაფიქრდეს? - რობერტ ბრადტკე აცხადებს: „ამის თქმა ჩემთვის რთულია, რადგან საქართველოში რამდენიმე წელია აღარ ვყოფილვარ და ყოველთვის თავს ვიკავებ ხოლმე იმაზე საუბრისგან, თუ რა უნდა გააკეთოს სხვამ“.

„შემიძლია ის ვთქვა, რომ საქართველო შეერთებულ შტატებთან ახლო კავშირში უნდა დარჩეს და კონსულტაციები გაიაროს მინსკის ჯგუფის ამერიკელ თანათავმჯდომარესთან. საქართველო ასევე ახლო კავშირში უნდა იყოს მის პარტნიორებთან აზერბაიჯანში და სომხეთში, კონფლიქტს თვალი დიდი ყურადღებით უნდა ადევნოს და მხარეებს ნაბიჯის უკან გადადგმისკენ და მშვიდობიანი გამოსავლისკენ მოუწოდოს. პატარა ქვეყნისთვის ეს მარტივი გასაკეთებელი არ არის და თავად საქართველოს საკუთარი დიდი პრობლემები აქვს საიმისოდ, რომ თქვას, რომ მოდი ახლა ამ სხვა ქვეყნებს დავეხმარებიო. საქართველო უდავოდ რთულ სიტუაციაშია“, - განაცხადა რობერტ ბრადტკემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა