ეკა ბესელია - კენჭს ვიყრი რეგიონში, რაც ოპოზიციური პარტიებისადმი არის ჩემი კომპრომისი - თბილისში კენჭისყრა უფრო გამიადვილდებოდა

პოლიტიკური პარტია „სამართლიანობისთვის“ თავმჯდომარე ეკა ბესელია მაჟორიტარ დეპუტატად რეგიონში იყრის კენჭს. ამის შესახებ ბესელიამ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.

მისივე თქმით, პარტიას „სამართლიანობისთვის“ რამდენიმე მაჟორიტარი ეყოლება.

„რეგიონში ვიყრი კენჭს და ეს იყო ჩემი კომპრომისი. თბილისში გაცილებით გამიადვილდებოდა, მაგრამ რთული გზით გადავწყვიტე სიარული. ეს თანდაყოლილი მაქვს, პოლიტიკაში სულ რთული გზით დავდივარ, მაგრამ ეს არის ჩემი არჩევანი იმიტომ, რომ კომპრომისი იყო, შეთანხმება შედგა თბილისში და არ მინდოდა ამ შეთანხმებაში ცუდი როლი მეთამაშა. ხვალ ოფიციალურად ვხსნით კამპანიას“, - განაცხადა ბესელიამ.

კითხვაზე, იცნობს თუ არა იმ ოლქის ამომრჩევლების განწყობას, რომელშიც კენჭისყრას აპირებს, ბესელიამ განაცხადა, რომ შემთხვევით არაფერს აკეთებს.

„შემთხვევით არაფერს ვაკეთებთ. ყველაფერში მაქვს ჩემი მყარი, ფუნდამენტური ლოგიკა. რთული გზით რომ მივდივარ, ეს არ ნიშნავს, რომ გაუაზრებლად მივდივარ. ის იდეა, რის გამოც იმ გზას ვირჩევ, რთულია, მაგრამ იქ არის მყარი ლოგიკა“, - განაცხადა ბესელიამ.

მან ასევე შეაფასა მოქმედი პარლამენტის საქმიანობა და აღნიშნა, რომ წინა მოწვევის პარლამენტი უფრო ძლიერი იყო.

„რეფორმები, რაც მე გუნდთან ერთად დავიწყე, ბოლომდე მივიყვანე იმ პარლამენტში. პარლამენტის კონტროლი რა არის, პარლამენტის ზედამხედველობა რა არის, ეს ყველაფერი მაშინ გაიგო საზოგადოებამ. სრულიად ახალი სტანდარტები შემოვიღეთ და მე პირადად ძალიან სერიოზულ რეფორმებს ვატარებდი. ის ძალიან ძლიერი პარლამენტი იყო, თან პოლიტიკოსები იყვნენ იქ. ეს პარლამენტი, პარლამენტი არ არის. ეს არის რაღაც პარტიული ოფისი და მე გული მწყდება იმიტომ, რომ საპარლამენტო ქვეყანაში პარლამენტი უნდა იყოს ძლიერი, თვითონ უნდა იყოს მოწოდების სიმაღლეზე, რომ ის აკონტროლებდეს შემდეგ სხვა ინსტიტუციებს. ახლა პარლამენტს ჰგონია, რომ მისი უფროსი მთავრობაა და ეს უკუსვლაა იმიტომ, რომ ეს ჩვენ წინა პარლამენტში შევცვალეთ და მთავრობამ გაიგო, რომ ის არ არის პარლამენტის უფროსი, პირიქით პარლამენტი აკონტროლებს მთავრობას. ეს მაშინ შევძელით. მე ახლა ვუყურებ რეგრესს და მიუხედავად იმისა, რომ ძალიან აქტიური ვიყავი იმ პარლამენტშიც და აქტიური ვარ ახლაც, გული მწყდება, რომ ახლა ეს პარლამენტი ძალიან სუსტია. კვლევებშიც ჩანს, რომ მოსახლეობას არ მოსწონს ეს პარლამენტი და დარწმუნებული ვარ, რომ მომავალი პარლამენტი უკეთესი იქნება“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა