ნათია თურნავამ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მიმდინარე სამუშაოები კელი დეგნანთან ერთად დაათვალიერა

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ახალი ტერმინალის მშენებლობა დასასრულს უახლოვდება, რამდენიმე თვეში უკვე გვექნება კომფორტული, ახალი ტერმინალი, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს საქართველოში აშშ-ს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან ერთად ესტუმრა. ნათია თურნავამ და კელი დეგნანმა აეროპორტში მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერეს.

ღონისძიებაში ასევე მონაწილეობა მიიღეს საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელმა თამარ არჩუაძემ, სახელმწიფო რწმუნებულმა იმერეთის რეგიონში ზვიად შალამბერიძემ და ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ერემეიშვილმა.

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ახალი სამგზავრო ტერმინალის სარემონტო სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება, მათი დასრულების შემდეგ კი იგივე პროცესი განხორციელდება არსებულ ტერმინალში, რის შემდეგაც ახალი და ძველი ტერმინალების შეერთების ფაზა დაიწყება. შედეგად, ქუთაისს ექნება განახლებული, თანამედროვე ტიპის აეროპორტი ერთი საერთო ტერმინალით, მოფრენისა და გაფრენის დარბაზებით და ყველა იმ აღჭურვილობით, რომელიც საერთაშორისო სტანდარტის აეროპორტის ოპერირებისთვის არის საჭირო.

„შემდეგში ჩვენ გავაერთიანებთ ძველ და ახალ ტერმინალს და გვექნება ყველა საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისი აეროპორტი, რომელიც, მათ შორის, ითვალისწინებს უსაფრთხოების ყველა სტანდარტს, რაც „კოვიდთან“ ბრძოლის დროს გამოიკვეთა და დაადგინა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ. რასაკვირველია, ეს იქნება ჩვენი ერთ-ერთი ტურისტული მიზიდულობის წერტილი და სახე, ძალიან კომფორტული და მიმზიდველი როგორც მგზავრებისთვის, ასევე უცხოელი ტურისტებისთვის“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

უწყების ინფორმაციით, აღსანიშნავია, რომ აეროპორტში პარალელურად მიმდინარეობს მშენებლობის მესამე ეტაპით განსაზღვრული სამუშაოები, საინჟინრო-კომუნიკაციების გაყვანილობის ძირითადი ნაწილის მოწყობა დასრულებულია. ასევე, პოლონური კომპანია Dimark group-ის მიერ მიმდინარეობს ბარგის მართვის სისტემის მონტაჟი. დასრულებულია ფასადის, ვიტრაჟებისა და სახურავის მოწყობის სამუშაოები. მოეწყო ახალი სამგზავრო ტერმინალის ტერასა და სასეირნო ბილიკები უნიკალური მწვანე გადახურვით.

სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ, განახლებულ აეროპორტს 7 გასასვლელი (ე.წ. Gate) ექნება და საათში 1200 მგზავრის შეუფერხებლად გატარებას შეძლებს, რაც აეროპორტის გამტარუნარიანობას ოთხჯერ გაზრდის.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა