ქართველმა გამომგონებელმა პატენტი მიიღო სერფინგის დაფაზე, რომლის გატანას ექსპორტზე გეგმავს

ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულმა ცენტრმა - „საქპატენტმა“ დამცავი დოკუმენტი გასცა სასარგებლო მოდელზე, რომლის ტექნიკური შედეგია სერფინგის დაფის უსაფრთხოებისა და მოხერხებულობის ერთდროული ამაღლება, როგორც წყლის ზედაპირზე სასრიალოდ, ასევე ტრანსპორტირების და შენახვის დროს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „საქპატენტიდან“ აცნობეს.

მათივე ცნობით, სასარგებლო მოდელი, რომლის ავტორი გამომგონებელი გივი კევლიშვილია, განეკუთვნება სპორტულ - გასართობ ინვენტარს და შეიძლება გამოყენებულ იქნეს, როგორც სპორტული შეჯიბრებისთვის, ისე კომფორტული დასვენებისთვის. შემოთავაზებული სერფინგის დაფა არის ნაკლებად დამღლელი მომხმარებლისთვის, გამოირჩევა მაღალი მდგრადობით და აქვს მაღალი სიჩქარის მიღწევის შესაძლებლობა.

„სასარგებლო მოდელის პატენტით დაცული მოწყობილობა შეიცავს: კორპუსს, შესრულებულს დაკეცვისა და გაშლის შესაძლებლობით, სახელურს ხმელეთზე დაფის ტრანსპორტირების მოხერხებულობისათვის, პედლებიან ფეხის ამძრავ მექანიზმს, მომხმარებლის ჩასაჯდომ ადგილს, რეგულირებად საზურგეს, დასაკეცი ქოლგისა და გამაგრილებელი სასმელის ჩასადგმელ ბუდეებს და გააჩნია სხვა სერფინგის დაფასთან გადაბმის საშუალებები ტანდემში ცურვის განსახორციელებლად“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

“იდეა თბილისის ზღვაზე ყოფნისას დამებადა. ჩემი სურვილი იყო ისეთი მოწყობილობა შემექმნა, რომლის საშუალებითაც დასვენებას და ტალღებზე სეირნობას შევძლებდი ისე, რომ არც მზე შემაწუხებდა და სატარებლადაც მარტივი იქნებოდა” , - განაცხადა გივი კევლიშვილმა.

გამომგონებელი ამჟამად მუშაობს კონსტრუქციაზე, რომლის წარმატებით გამოცდის შემდგომი ეტაპია სერფინგის დაფის წარმოებაში ჩაშვება. მოწყობილობა ექსპორტზე არის გათვლილი და რეალიზაციისთვის ზღვისპირა ქვეყნებია არჩეული.

„სასარგებლო მოდელი თავისი არსით არის მცირე გამოგონება და მას აქვს გამოგონებასთან შედარებით ნაკლებად მკაცრი მოთხოვნები პატენტუნარიანობის კრიტერიუმებთან მიმართებაში, თუმცა სასარგებლო მოდელის პატენტიდან გამომდინარე უფლებები ანალოგიურია გამოგონების პატენტით მინიჭებული განსაკუთრებული უფლებებისა. სასარგებლო მოდელის პატენტის მოქმედების ვადა საქართველოს ტერიტორიაზე 10 წელია“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

სერფინგის დაფაზე - სასარგებლო მოდელზე დეტალური ინფორმაცია, პატენტის აღწერილობა, იხილეთ შემდეგ ბმულზე: http://www.sakpatenti.gov.ge/media/fulltexts/models/2038.pdf

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა