სოფო კილაძე ოპოზიაციაზე - როცა მათთვის არასასიამოვნო გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო, იწყება საუბრები კლანზე, ივანიშვილის გავლენებზე

როცა „ნაციონალური მოძრაობის" და ოპოზიციის სასარგებლოდ გამოიტანს სასამართლო გადაწყვეტილებას, მაშინ სამართალმა პური ჭამა?! - ასე ეხმიანება ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე ოპოზიციის კრიტიკას გიორგი რურუასთან დაკავშირებით სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე.

კილაძე ოპოზიციას ორმაგ სტანდარტში ადანაშაულებს, რადგან მისი თქმით, მათ მოსწონთ ბაჩანა შენგელიასთან დაკავშირებით სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, თუმცა არ მოსწონთ რურუას განაჩენი.

„ბატონი რურუას წარსული არის მჭიდროდ დაკავშირებული „მხედრიონთან“, კრიმინალებთან, თუმცა იმ პარტიას, რომელსაც თვითონ კრიმინალური წარსული ჰქონდა და ახლა კიდევ კრიმინალს თავის ლიდერად აცხადებს, არ უნდა გაუკვირდეთ შემდეგ, რომ მარცხი მარცხზე აქვთ ყველა არჩევნებში, რომელიც 2012 წლიდან ჩატარდა საქართველოში. ეს არის ლოგიკური შედეგი იმ არაგონივრული პოლიტიკისა, რომელსაც ჩემი აზრით, ოპოზიციის ეს ნაწილი ეწევა,"- განაცხადა კილაძემ.

კითხვაზე, რამდენად მართებულია როცა საჯაროდ აცხადებს რურუას „მხედრიონთან“ კავშირის შესახებ მაშინ, როცა მას ბრალი ამ მიმართულებით წაყენებულიც კი არ აქვს, კილაძე ამბობს, რომ ეს იყო მისი „პოლიტიკური შეფასება", ხოლო „სამართლებრივი შეფასება სასამართლომ გააკეთა."

„რაც შეეხება სასამართლოსთან პრეტენზიებს, „კლანი“, გავლენა და ა.შ. როცა „ნაციონალური მოძრაობის" და ოპოზიციის სასარგებლოდ გამოიტანს სასამართლო გადაწყვეტილებას, მაშინ სამართალმა პური ჭამა?! როცა პირიქით, მათთვის არასასიამოვნო გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო, იწყება საუბრები კლანზე, ივანიშვილის გავლენებზე და ა.შ. თავად ჩამოყალიბდეს ოპოზიცია, თუ მაგალითად, ბაჩანა შენგელიასთან დაკავშირებით მოსწონთ სასამართლოს გადაწყვეტილება, მაშინ იგივე სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება ბატონ რურუასთან დაკავშირებით და ეს მგონია, რომ არის ორმაგი სტანდარტი, რასაც სამწუხაროდ, ყოველდღიურად ვუყურებთ ოპოზიციის ნაწილის მხრიდან“,- განაცხადა კილაძემ.

ცნობისათვის, "მთავარი არხის"ერთ- ერთი მეწილე გიორგი რურუა სასამართლომ დამნაშავედ ცნო და მას თავისუფლების აღკვეთა 4 წლის ვადით შეუფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა გამოაცხადა. მოსამართლემ რურუა წარდგენილ ორივე მუხლში გაამტყუნა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა