ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე რომან გოცირიძე იმედოვნებს, რომ საერთაშორისო, ასევე ოპოზიციის და საზოგადოების ზეწოლის შედეგად, პრეზიდენტი გიორგი რურუას შემთხვევაშიც მიიღებს ისეთივე გადაწყვეტილებას, როგორიც მიიღო გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილთან დაკავშირებით.
წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორც გოცირიძე აცხადებს, ეს იქნება კიდევ ერთი ფაქტორი ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დასაწესებლად.
„გიორგი რურუასთან დაკავშირებით მორჩილმა, პოლიტიკურად მართულმა სასამართლომ მიიღო კიდევ ერთი უსამართლო გადაწყვეტილება, რაც ადასტურებს იმას, რომ ქვეყანაში კვლავ გრძელდება პოლიტიკური დევნა და კვლავ გვყავს პოლიტპატიმარები. ეს არის იმ ვალდებულებების შეუსრულებლობა, რომელიც აიღო საკუთარ თავზე ოპოზიციასთან ერთად ხელისუფლებამ. 8 მარტის შეთანხმებაში პოლიტიკური დევნის შეწყვეტა იყო ერთ- ერთი მთავარი მოთხოვნა და იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ საერთაშორისო ზეწოლისა და პოლიტიკური პარტიებისა და საზოგადოების ზეწოლის შედეგად, ისევე როგორც გიგი უგულავას და ირაკლი ოქრუაშვილის გათავისუფლება მოუწია პრეზიდენტს, იგი მიმართავს იგივე ზომას. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს კიდევ ერთი დამატებითი ფაქტორი იქნება ბიძინა ივანიშვილისთვის პერსონალური სანქციების დაწესებისა, რომლის პირდაპირ სურვილებს ასახავს სასამართლო გადაწყვეტილებებში,"- განაცხადა გოცირიძემ.
ცნობისათვის, „მთავარი არხის"ერთ- ერთი მეწილე გიორგი რურუა სასამართლომ დამნაშავედ ცნო და მას თავისუფლების აღკვეთა 4 წლის ვადით შეუფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა გამოაცხადა. მოსამართლემ რურუა წარდგენილ ორივე მუხლში გაამტყუნა.