დავით ბაქრაძე რურუაზე - „ქართულმა ოცნებამ“ გადაწყვიტა ამომრჩევლებს „სიძლიერე“ აჩვენოს - იმედი მაქვს, პრეზიდენტი გამოიჩენს  გონიერი გადაწყვეტილების მიღების უნარს

"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი დავით ბაქრაძე აცხადებს, რომ "მთავარი არხის“ ერთ-ერთი მეწილის გიორგი რურუას საქმე სტრასბურგის სასამართლოში გაგრძელდება და ასევე, გაძლიერდება პოლიტიკური ზეწოლა მის გასათავისუფლებლად.

როგორც ბაქრაძემ „პალიტრანიუსის“გადაცემაში "დღის ნიუსრუმი" განაცხადა, ხელისუფლებამ გადაწყვიტა, არჩევნების წინ საკუთარ მხარდამჭერებს „სიძლიერე“ აჩვენოს და გიორგი რურუა ამიტომაც დატოვა პატიმრობაში.

„არავის ეჭვი არ ეპარებოდა, რა განაჩენით დაასრულებდა მოსამართლე. ამის რამდენიმე პასუხია - პირველი გახლავთ ხელისუფლების გადაწყვეტილება, რომ აჩვენოს „სიძლიერე“ იმ ფონზე, როდესაც მას მოუწია 8 მარტის შეთანხმების შემდეგ, ირაკლი ოქრუაშვილისა და გიგი უგულავას გათავისუფლება. როგორც ჩანს, ხელისუფლებამ გადაწყვიტა, არჩევნების წინ საკუთარ მხარდამჭერებს სიძლიერე აჩვენოს. ამაში გამოიხატება სწორედ სიგნალი, რომ მიუხედავად საერთაშორისო ზეწოლისა, მიუხედავად ამ საქმის აშკარა გაყალბებისა, გიორგი რურუასთან მიმართებით ეს განაჩენი დადგა“, - აცხადებს ბაქრაძე.

მისი შეფასებით, სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილება აჩვენებს, რომ ხელისუფლება მზადაა, არა მხოლოდ საკუთარი თავი, არამედ პარტიული ინტერესიც დააზიანოს.

„ეს პოზიცია როგორც ჩვენ, ასევე საღად მოაზროვნე ამომრჩეველს აჩვენებს, რომ ხელისუფლება არის უაზროდ გაჯიუტებული, გადასულია იმ რეჟიმში, როდესაც მზად არის საკუთარი თავიც დაიზიანოს და სახელმწიფო ინტერესიც დააზიანოს მისი პარტიული ხედვიდან გამომდინარე“, - აცხადებს ბაქრაძე.

მის თქმით, გიორგი რურუას საქმე დღევანდელი განაჩენით არ დასრულდება. როგორც დავით ბაქრაძე აღნიშნავს, პოლიტიკური ზეწოლა და საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან მოწოდება გაიზრდება, რომ გიორგი რურუა შეიწყალონ.

„ეს საქმე აუცილებლად წავა სტრასბურგში იმიტომ, რომ უამრავი დარღვევაა, არა მხოლოდ პროცესუალური, შინაარსობრივ აბსურდთან გვაქვს საქმე. მე ვესწრებოდი პროცესებს და ვიცი. ჩვენ ასევე გავაგრძელებთ პოლიტიკურ ბრძოლას იმიტომ, რომ 8 მარტის შეთანხმება არ უკავშირდება მხოლოდ გიორგი რურუას. ქვეყანაში პოლიტიკური დევნისა და პოლიტიკური პატიმრების საკითხის არსებობა არის ის, რაც ჩვენს პოლიტიკურ გარემოს წამლავს. ამიტომ, ამ თემისგან ქართული პოლიტიკა ერთხელ და სამუდამოდ უნდა დაიცალოს“, - აცხადებს ბაქრაძე.

იგი იმედოვნებს, რომ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის მსგავსად, გიორგი რურუასთან დაკავშირებითაც „გონივრულ გადაწყვეტილებას“ მიიღებს.

„მიუხედავად იმისა, რომ ზოგადად, ჩემი დამოკიდებულება არასდროს დამიმალავს ქალბატონ ზურაბიშვილის მიმართ და ეს ძალიან კრიტიკულია, ვამბობდი და ყოველთვის ვიტყვი ღიად, მისი მხრიდან უგულავასა და ოქრუაშვილის შეწყალება იყო პასუხისმგებლიანი ნაბიჯი, რომელმაც საქართველოს მოუხსნა საერთაშორისო პრობლემისა და სართაშორისო ზეწოლის დიდი ნაწილი, რომელიც ამ პრობლემის გამო ქვეყანაში იყო. ამიტომ, მან როგორც პრეზიდენტმა გადადგა აბსოლუტურად სწორი ნაბიჯი შეწყალებით. შეიძლება, ვერ შევთანხმდეთ მოტივებზე, არასდროს დავეთანხმები მის შეფასებით ნაწილს, როდესაც ის საუბრობს უგულავასა და ოქრუაშვილზე, მათ პიროვნებაზე, საქმეზე და ასე შემდეგ. ამაში ვერ შევთანხმდებით, მაგრამ მან გადადგა პასუხისმგებლიანი ნაბიჯი, როდესაც საქართველოს ააშორა პრობლემა. იმედი მაქვს, რომ ამჯერადაც, „ქართული ოცნებისგან“ განსხვავებით, რომელმაც ბოლომდე მიიყვანა ეს საქმე და საკუთარი პარტიული ძალის ჩვენება უფრო წინ დააყენა ვიდრე, ჩვენი პარტნიორების მოთხოვნა, იმედი მაქვს, მათგან განსხვავებით ამჯერად ქალბატონი ზურაბიშვილი გამოიჩენს პასუხისმგებლიანი და გონიერი გადაწყვეტილების მიღების უნარს“, - განაცხადა ბაქრაძემ.

ცნობისთვის, "მთავარი არხის“ ერთ-ერთი მეწილე გიორგი რურუა დღეს სასამართლომ დამნაშავედ ცნო და მას თავისუფლების აღკვეთა 4 წლის ვადით შეუფარდა. გიორგი რურუას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე და 381-ე მუხლის პირველი ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას და ძალაში შესული განაჩენის, ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობას ანდა, მისი შესრულებისათვის ხელის შეშლას გულისხმობს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო