შვეიცარიის პროკურატურამ ფიფა-ს პრეზიდენტის ჯანი ინფანტინოს წინააღმდეგ საქმე აღძრა.
მედიის ინფორმაციით, საქმე ეხება ჯანი ინფანტინოსა და შვეიცარიის გენერალურ პროკურორ მაიკლ ლაუბერს შორის შესაძლო უკანონო გარიგებებს.
აღსანიშნავია, რომ გასულ კვირას ლაუბერმა თანამდებობა დატოვა. მან გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც სასამართლომ დაადგინა, რომ იმ დროს, როცა პროკურატურა ფიფა-ში შესაძლო კორუფციასთან დაკავშირებით გამოძიებას აწარმოებდა, პროკურორი შეეცადა, ფიფა-ს პრეზიდენტთან გამართული შეხვედრების შესახებ ინფორმაცია დაემალა.
მედიის ინფორმაციით, ინფანტინო და ლაუბერი ერთმანეთს 2016 და 2017 წლებში სავარაუდოდ სამჯერ შეხვდნენ. ორივე მათგანი ბრალდებას უარყოფს.
ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტად 2016 წელს აირჩიეს. მან ამ პოსტზე ზეპ ბლატერი შეცვალა, რომელმაც თანამდებობა კორუფციასთან დაკავშირებული ბრალდებების ფონზე დატოვა.