ვანო მაჭავარიანი - გიორგი რურუამ საკმარისი დრო გაატარა ციხეში იმ დანაშაულისთვის, რომელიც მას რეალურად არ ჩაუდენია

ექსპერტ ვანო მაჭავარიანის განცხადებით, „მთავარი არხის“ ერთ-ერთი მეწილის, გიორგი რურუასადმი გამამტყუნებელი განაჩენის მისჯით, „ქართულ ოცნებას“ აქვს ორი არჩევანი- ან იყოს დასავლელ და ამერიკელ პარტნიორებთან კონფრონტაციისა და კინკლაობის რეჟიმში ან დიალოგებისა და კომპრომისების ფორმით დაამკვიდროს ქვეყანაში ნორმალური პოლიტიკური ვითარება.

როგორც ვანო მაჭავარიანმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, მცდარია „ქართული ოცნების“ შეხედულება, რომ მხოლოდ ერთეული პოლიტიკოსები ფიქრობენ და ითხოვენ გიორგი რურუას გათავისუფლებას.

„ეს არის ის ტენდენცია, რომელიც ბოლო პერიოდში გამოიკვეთა. ამერიკელ და ევროპელ პოლიტიკოსებს აწუხებთ, რომ საქართველოში არის პოლიტიკურად მოტივირებული და შერჩევითი სამართალი, რომელიც არჩევნების წინ, მითუმეტს, მიუღებელია. გიორგი რურუამ საკმარისი დრო გაატარა ციხეში იმ დანაშაულისთვის, რომელიც მას რეალურად არ ჩაუდენია, არ არსებობს მყარი მტკიცებულებები, ამაში ჩახედულები არიან დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები. ვფიქრობ, რომ სალომე ზურაბიშვილმა, ორი ფაქტორიდან გამომდინარე, ის ხარვეზი, რომელიც არსებობს სასამართლო სისტემაში და რომელზეც საუბრობენ ჩვენი პარტნიორი ქვეყნები, ასევე პოლიტიკური მოტივაციიდან გამომდინარე, რომელიც საარჩევნოდ სიტუაციას განმუხტავს, ეს გადაწვეტილება უნდა მიიღოს და გიორგი რურუა შეიწყალოს. გიორგი რურუას გამოშვება მხოლოდ და მხოლოდ წაადგება ქართული დემოკრატიის განვითარების პროცესს, ვიდრე ხელს შეუშლის“, - განაცხადა ვანო მაჭვარიანმა.

მისივე თქმით, ამ განცხადებებით, პარტნიორ ქვეყნებს, ისევე როგორც ქართულ საზოგადოებას იმ ტენდენციის თავიდან აცილება სურს, რომლითაც დღეს გიორგი რურუაა დაკავებული და ხვალ შეიძლება სხვა იყოს.

„ეს არის „ქართული ოცნების“ არჩევანი, რომელსაც აქვს ნეგატიური გამოხაურება. „ქართული ოცნების“ გადასაწყვეტია რამდენად უნდა იმ ქვეყნებთან კონფრონტაციაში შესვლა, რომლებიც საქართველოს სუვერენტიტეტისა და დამოუკიდებლობის გარანტი არიან რუსეთის ღია აგრესისა და ოკუპაციის პირობებში. არჩევანი მათზეა, არამგონია გიორგი რურუას გამოშვება კატასტროფული იყოს. „ქართულ ოცნებას“ არჩევანი აქვს იყოს კონფრონტაციაში ჩვენს დასავლელ და ამერიკელ პარტნიორებთან, კინკლაობაში, სიტყვის ბანზე აგდების რეჟიმში, რომელიც საქართველოს ზომისა და მასშტაბის ქვეყანას ნამდვილად არ მოუტანს კარგს ან უბრალოდ გარკვეული დიალოგისა და კომპრომისების ფორმით ქვეყანაში ნორმალური პოლიტიკური წინასაარჩევნო ვითარება დაამკვიდროს და არა ეს რადიკალიზმი - ან თქვენ ან ჩვენ. ეს არის მცდარი, ეს არ არის ევროპული, ეს არის რუსული, პოსტსაბჭოთა რესპუბლიკების პოლიტიკა. არჩევანი სწორედ ეს არის რუსულ და ევროპული მმართველობის სტილსა და წინასაარჩევნო გარემოებს შორის“, - განაცხადა ვანო მაჭავარიანმა.

ცნობისთვის, გიორგი რურუასთვის ოთხწლიანი პატიმრობის მისჯას, შეერთებული შტატების სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, ჯიმ რიში გამოეხმაურა. როგორც მან „ამერიკის ხმას“ უპასუხა, სასამართლო სისტემა არ უნდა იქნას გამოყენებული პოლიტიკური მიზნებისთვის. რიში პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მოუწოდებს, ირაკლი ოქრუაშვილისა და გიგი უგულავას მსგავსად, გიორგი რურუაც შეიწყალოს. ამასთან, გიორგი რურუას დაკავებასთან დაკავშირებით, ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსიც აცხადებს, რომ საქართველოში მართლმსაჯულების პოლიტიზირება გრძელდება.როგორც კუბილიუსი საკუთარ Twitter- წერს, ის იმედოვნებს, რომ პრეზიდენტი ზურაბიშვილი ჩაერევა და დაიცავს 8 მარტის შეთანხმების სულისკვეთებას.

შეგახსენებთ, რომ გუშინ თბილისის საქალაქო სასამართლომ გიორგი რურუას 4-წლიანი პატიმრობა შეუფარდა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს