ხატია დეკანოიძე საკრებულოს ფრაქციის წარმომადგენლის ლილე ლიპარტელიანის ოჯახის წევრის დაკავების ფაქტს ეხმაურება

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, ხატია დეკანოიძე, პარტიის თბილისის საკრებულოს ფრაქციის წარმომადგენლის ლილე ლიპარტელიანის ოჯახის წევრის დაკავების ფაქტს ეხმაურება და ამბობს, რომ ეს კიდევ ერთი ფაქტია იმის, თუ როგორ ჩამოიშალა ქვეყანაში ინსტიტუციები და მიმდინარეობს პოლიტიკური ანგარიშსწორება.

„გრძელდება სახელმწიფო ინსტიტუციების ჩამოშლა და მართლმსაჯულების პოლიტიკური ნიშნით გამოყენება. გუშინ დააკავეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის საკრებულოს დეპუტატის ლილე ლიპარტელიანის ოჯახის წევრი. ესაა ადამიანი, რომელიც უამრავ კორუფციულ სქემას იძიებს. სწორედ იმიტომ, რომ ლილე ლიპარტელიანის პოლიტიკურ საქმიანობას ხელი შეეშალოს და მოქმედი რეჟიმი არავის პატიობს ასეთ აქტიურობას, მისი ოჯახის წევრს ედავებიან ძალიან მძიმე მუხლს. თუმცა, აქვე აღსანიშნავია, რომ საქმეს ჰყავს 20 მოწმე, რომელიც ღიად ადასტურებს დაკავებულის უდანაშაულობას. ყველაფერი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ამ ქვეყანაში სამართლის პოვნა ძალიან რთულია“,- ამბობს დეკანოიძე.

რაც შეეხება ინციდენტის არსს და ფაქტების მიმდინარეობას, როგორც თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი ლილე ლიპარტელიანი განმარტავს, საქმე მთლიანად შეთხზულია და სინამდვილეში მისი ოჯახის წევრის მხრიდან არანაირ ძალადობას ადგილი არ ჰქონია.

„პირველ რიგში „მადლობა“ შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომ ჩემი ოჯახის წევრი სადმე მოკლული არ ვიპოვეთ. საქმე იყო შემდეგნაირად - მოხდა სიტყვიერი შელაპარაკება და ამ ამბიდან ნახევარი საათის შემდეგ, ჩემი ოჯახის წევრი ბერდია ხაბულიანი თავის 3 მეგობართან ერთად ქუჩაში გადაადგილდებოდა და ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ყოფილი „მხედრიონელის“ ბონდო კალატოზიშვილისა და მისი მეუღლის თამარ ბახსოლიანის მხრიდან თავდასხმის ობიექტი გახდა. სიტყვიერი შელაპარაკება ნახევარი საათით ადრე ნამდვილად იყო ბონდოსა და ბერდიას შორის, თუმცა ფიზიკური შეურაცხყოფა არ მომხდარა. შემდეგ ბონდო თავს დაესხა და ბერდიამ მოიგერია ხელის კვრით. რაც შეეხება ქალბატონს, ის ბერდიას აგინებდა და იწვევდა, ეუბნებოდა როგორც კაცს ისე მოპყრობოდა და დაერტყა. რამდენეჯერმე სახეში სილა გააწნა. ამ დროს ბერდია უმოქმედოდ იდგა. ამას დაახლოებით 20 მოწმე ადასტურებს. თუმცა, არც მოწმეები და არც ბერდია გამოკითხული არაა. მხოლოდ ბონდოს და მისი ცოლის ჩვენების საფუძველზე დააკავეს ის. სინამდვილეში ბერდიას ფიზიკური ძალადობის ნიშნები ეტყობა სხეულზე“, - ამბობს ლიპარტელიანი.

აღნიშნულ ინფორმაციას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახური ავრცელებს.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს