რეინჯერთა დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

ჩვენი ქვეყნის დაცულ ტერიტორიებს, საქართველოს უნიკალურ ბუნებრივ საგანძურს, 20 ადმინისტრაციულ ერთეულში გადანაწილებული400-მდე რეინჯერი იცავს. მათ საქმიანობებში შედის ბრაკონიერობის ფაქტის აღკვეთა, ბუნებრივ და დაუდევრობით გამოწვეულ ხანძრებთან გამკლავება, ბიომრავალფეროვნების მონიტორინგი, სისუფთავეზე ზრუნვა და საჭიროების შემთხვევაში, ვიზიტორთა დახმარება. ჩვენი რეინჯერების დაცვის ქვეშ საქართველოს ტერიტორიის 667 000 ჰექტარია.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოს ორგანიზებით, თბილისის ეროვნულ პარკში, საბადურის ტყის მონაკვეთზე, რეინჯერთა დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა, გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში, ლუიზა ვინტონმა, გერმანიის ელჩმა, ჰუბერტ კნირშმა, იაპონიის ელჩმა, ტადაჰარუ უეჰარამ და პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, ნინო წილოსანმა, რეინჯერებს პროფესიული დღე მიულოცეს.

„ყველა რეინჯერს ვულოცავ დღევანდელ დღეს. 400 რეინჯერი საქართველოს ყველაზე ლამაზ და უნიკალურ ტერიტორიებს იცავს. თითოეული მათგანი საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად ასრულებს მასზე დაკისრებულ მოვალეობას. სწორედ ამიტომ არიან ეს ადამიანები გმირები. კიდევ ერთხელ ვულოცავ ჩვენს რეინჯერებს და მადლობას ვუხდი ქვეყნისთვის გაწეული სამსახურისთვის”,-განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, დაცული ტერიტორიების სისტემის გაძლიერება და განვითარება სახელმწიფოს ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა, რისთვისაც არაერთი პროექტი ხორციელდება. ყოველწლიურად უმჯობესდება რეინჯერთა სამუშაო პირობები, გასულ 3 წელიწადში 100%-ით გაიზარდა მათი სახელფასო ანაზღაურება. რეინჯერები უზრუნველყოფილნი არიან სახელფასო და საკვები დანამატით, დაზღვევის მომსახურებით და სამუშაო ეკიპირებით, რაშიც დიდია დონორი ორგანიზაციების, გერმანიის მთავრობის, გერმანიის განვითარების ბანკის და ასევე, კავკასიის ბუნების ფონდის წვლილი.

უწყების ინფორმაციით, სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას გარდაცვლილი რეინჯერების ოჯახები ყოველთვიურ ფინანსურ დახმარებას იღებენ.

„კლიმატის ცვლილების, ჯანმრთელობის კრიზისებისა და ტექნოგენური კატასტროფების საუკუნეში ვაცნობიერებთ, რომ კაცობრიობა დაუფიქრებლად ხელყოფს ბუნების მიერ დაწესებულ ჩარჩოებს. დღეს ყოველი ჩვენგანი რეინჯერია, რომელსაც ჩვენი პლანეტის დაცვა და მომავალი თაობებისთვის მისი შენარჩუნება ევალება“,-აღნიშნა გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში ლუიზა ვინტონმა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, წელს, დაცული ტერიტორიების 20-ვე ადმინისტრაციაში, „წლის რეინჯერი“ გამოვლინდა, რომელთაც ფულადი ჯილდოები გადაეცათ. მათთან ერთად წახალისდა დაცული ტერიტორიების ხუთივე ქალი რეინჯერიც. კომპენსაციები გადაეცათ სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპულ რეინჯერთა ოჯახებს.

რეინჯერის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და შვედეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით, „დაცული ტერიტორიების სისტემის შესაძლებლობათა გაძლიერება სამუშაოს ეფექტიანობის გაუმჯობესებისა და ცნობიერების ამაღლების მიზნით“ ინიციატივის ფარგლებში განხორციელდა.

გაეროს განვითარების პროგრამა ათ წელზე მეტია უწყობს ხელს საქართველოში დაცული ტერიტორიების სისტემის განვითარებას. ღონისძიების მხარდამჭერები ასევე არიან გერმანიის მთავრობა, გერმანიის განვითარების ბანკი (KFW) და კავკასიის ბუნების ფონდი (CNF), რომელთა მიერ აქტიურად ხორციელდება რეინჯერთა წახალისება და სამუშაო პირობების გაუმჯობესება.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს