კვლევა - 2019 წელს, პარლამენტში 46-ჯერ დაიბარეს ანგარიშვალდებული პირები, 21 შემთხვევაში თანამდებობის პირი არასაპატიო მიზეზით არ დაესწრო კომიტეტის სხდომას

2019 წელს, 46-ჯერ დაიბარეს ანგარიშვალდებული პირები, მათგან 21 შემთხვევაში თანამდებობის პირი არასაპატიო მიზეზით არ დაესწრო კომიტეტის სხდომას, - ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა -საქართველოს” მიერ საქართველოს პარლამენტის 2019 წლის საქმიანობის შეფასებაშია აღნიშნული.

კვლევის თანახმად, 2019 წელი პოლიტიკურად დაძაბული და აქტიური წელი იყო, რამაც გავლენა მოახდინა საკანონმდებლო ორგანოს ნორმალურ ფუნქციორებასა და საქმიანობის განხორციელებაზე.

„პარლამენტის მონიტორინგის ფარგლებში „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ” 2019 წლის 1 იანვრიდან 2019 წლის 31 დეკემბრამდე პერიოდში საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობა შეაფასა.

2019 წელი პოლიტიკურად აქტიური და დაძაბული იყო. წლის განმავლობაში რამდენიმე მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა, რამაც საზოგადოებაში პროტესტი გამოიწვია, საპარლამენტო საქმიანობა კი აქციების ფონზე მიმდინარეობდა. პოლიტიკური დაპირისპირებების მიზეზით ცვლილებები საპარლამენტო შემადგენლობამაც განიცადა, დეპუტატების ნაწილმა უმრავლესობა დატოვა, რამაც რეგლამენტის შესაბამისად უმცირესობის დაშლა გამოიწვია. გარდა ამისა, საპარლამენტო ოპოზიციამ საშემოდგომო სესიის ფარგლებში აქტიურად გამოიყენა ბოიკოტის მექანიზმი. ყველაფერმა ამან, გავლენა მოახდინა საკანონმდებლო ორგანოს ნორმალურ ფუნქციორებასა და საქმიანობის განხორციელებაზე.

საანგარიშო პერიოდში შემდეგი პოზიტიური ტენდენციები გამოიკვეთა: გაიზარდა დეპუტატების მიერ ინიციატივების წარდგენის მაჩვენებლები - 2019 წელს 118-მა პარლამენტის წევრმა ისარგებლა საკანონმდებლო ინიციატივის უფლებით, (2018 წელს ეს მაჩვენებელი 93 იყო);

შემცირდა დაჩქარებული წესით განსახილველი ინიციატივების რაოდენობა; კომიტეტების სამოქმედო გეგმები და ანგარიშები, მეტწილად, სისტემატიზებული და ერთიანი სტანდარტით მუშავდება და ქვეყნდება ვებგვერდზე; კანონპროექტებზე, დეპუტატებისა და კომიტეტების მხრიდან, უფრო მეტი შენიშვნა გამოითქვა.

ახალმა რეგლამენტმა დადებითი გავლენა მოახდინა საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების გაძლიერებაზე, შეიქმნა ახალი ინსტრუმენტები და გაუმჯობესდა არსებული; ამოქმედდა საპარლამენტო კონტროლის ახალი მექანიზმები - ინტერპელაცია და „მინისტრის საათი“, მთავრობის წევრები აქტიურად ესწრებოდნენ პლენარულ სხდომებს და პასუხობდნენ დასმულ შეკითხვებს: 5-ჯერ ინტერპელაცია, ხოლო „მინისტრის საათი“ 9-ჯერ ჩატარდა. ინტერპელაციაზე ყველაზე მეტჯერ პრემიერ-მინისტრი წარსდგა პარლამენტის წინაშე; წინა წლებთან შედარებით, მნიშვნელოვნად გაიზარდა სადეპუტატო კითხვის გამოყენება, 2019 წელს პარლამენტის 41-მა წევრმა გაუგზავნა 925 წერილობითი კითხვა აღმასრულებელ ხელისუფლებას და სხვა ანაგრიშვალდებულ პირებს; არსებითად გაუმჯობესდა და ქმედითი გახდა ფრაქციების მიერ თანამდებობის პირთა დაბარების მექანიზმი, თუმცა რჩება პრობლემებიც. 2019 წელს, 46-ჯერ დაიბარეს ანგარიშვალდებული პირები, მათგან 21 შემთხვევაში თანამდებობის პირი არასაპატიო მიზეზით არ დაესწრო კომიტეტის სხდომას; 21 თემატური მოკვლევის ჯგუფი შეიქმნა, რომლებიც ამზადებენ ანგარიშებსა და რეკომენდაციებს”,- ნათქვამია კვლევაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს