ეკა ბესელია - პარლამენტი, როგორც მაკონტროლებელი ორგანო, შესუსტდა

დამოუკიდებელი დეპუტატის, პარტია „სამართლიანობისთვის” თავმჯდომარის ეკა ბესელიას განცხადებით, პარლამენტი, როგორც მაკონტროლებელი ორგანო, შესუსტდა. აღნიშნულით ბესელია გამოეხმაურა „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” მიერ პარლამენტის 2019 წლის საქმიანობის შეფასებას.

მისი თქმით, კომიტეტი არ იხილავს იმ კანონპროექტს, რომელიც არ მოსწონს.

„რაც გამოიკვეთა პრობლემებში ეს არის, რომ თუ არ მოსწონს კანონპროექტი კომიტეტს, საერთოდ არ იხილავს და უბრალოდ თაროზე შემოდებენ ამ ინიციატივას. მაშინ, როდესაც ვხედავთ ძალიან სწრაფად განხილულ კანონპროექტებს, რომელზეც უბრალოდ სხდომების ჩატარებას და წაკითხვასაც ვერ ასწრებენ დეპუტატები ისე აჭერენ ხელს ღილაკს. აქ ჩანს ხარვეზი, რომ პარლამენტი შესუსტდა როგორც მაკონტროლებელი ორგანო”,- განაცხადა ბესელიამ.

ბესელია ასევე გამოეხმაურა კვლევის იმ ნაწილს, სადაც აღნიშნულია, რომ გასულ წელს, პარლამენტში სიტყვით გამოსვლის უფლებით 21 დეპუტატს ერთხელაც არ უსარგებლია.

„პარლამენტი არის ორგანო, სადაც ყველაზე მეტად უნდა გამოდიოდეს პარლამენტის წევრი და საუბრობდეს იმ პრობლემებზე, რომელიც აწუხებთ ადამიანებს. ისინი არიან ხალხის მიერ არჩეული წარმომადგენლები, რომლებიც ახმოვანებენ ხალხის სათქმელს, ამიტომ მე ყოველთვის ვიყენებ ამ შესაძლებლობას ყოველ წელს. 2013 წლიდან 2019 წლის ჩათვლით, ყოველთვის ვსახელდებოდი ამ მხრივ როგორც ყველაზე მაღალი მაჩვენებლის მქონე დეპუტატი. პარლამენტში იმისთვის ხარ, რომ ილაპარაკო პრობლემებზე, მოამზადო კანონები და მიიღო კარგი გადაწყვეტილებები. მე მიკვირს იმ დეპუტატების, რომლებიც არ იყენებენ ამ შესაძლებლობას და არ გამოდიან თავისი სათქმელით და მაინც უნდათ პარლამენტში. სულ მიკვირს, მაშინ რა არის ის, რისთვისაც შეიძლება გინდოდეს პარლამენტში მუშაობა, თუ არ გამოდიხარ სიტყვით, თუ არ მუშაობ კანონპროექტზე და არ საუბრობ პრობლემებზე? მე ასე ვუყურებ ამ ინსტიტუტს, რომელიც საპარლამენტო ქვეყანაში ყველაზე მნიშვნელოვანი ორგანოა”,- განაცხადა ბესელიამ.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” პარლამენტის 2019 წლის საქმიანობის კვლევის მიხედვით, მთავრობის წევრები და პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული სხვა თანამდებობის პირები, სათანადო პასუხისმგებლობით არ ეკიდებიან პარლამენტის მიერ კონტროლის განხორციელებას. კვლევის თანახმად, 2019 წელს, 46-ჯერ დაიბარეს ანგარიშვალდებული პირები, მათგან 21 შემთხვევაში თანამდებობის პირი არასაპატიო მიზეზით არ დაესწრო კომიტეტის სხდომას.

ამავე კვლევის მიხედვით, 2019 წელი პოლიტიკურად დაძაბული და აქტიური წელი იყო, რამაც გავლენა მოახდინა საკანონმდებლო ორგანოს ნორმალურ ფუნქციორებასა და საქმიანობის განხორციელებაზე.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო