მარინა ეზუგბაია - კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევიდან 2 შემოტანილია, ერთის წყაროს ძიება კი გრძელდება

თბილისის ცენტრალური ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსის 3 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან 2 შემოტანილია, ერთის წყაროს ძიება კი გრძელდება.

„სამი ახალი შემთხვევიდან, 2 შემოტანილი შემთხვევაა, მათ შორის 1 სატვირთო მანქანის მძღოლია. ხოლო ერთ შემთხვევაზე გრძელდება კონტაქტების ეპიდკვლევა წყაროს მოძიების მიმართულებით. ამ დროისთვის 241 კოვიდ დადასტურებული პაციენტი მკურნალობს კოვიდ ცენტრებში. გამოჯანმრთელებულების რაოდენობა კვლავ 81%-ზე მეტია და სიკვდილობის მაჩვენებელი უცვლელია“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

მისივე თქმით, ცენტრალური ინფექციური საავადმყოფოს მონაცემები უცვლელია და კვლავ 37 პაციენტი რჩება, რომელთა მდგომარეობა სტაბილურია.

ამასთან, მარინა ეზუგბაიას თქმით, ქვეყანაში კვლავ რჩებიან ინფიცირებულები, რომელთა მდგომარეობა მძიმეა.

„ჩვენს ცენტრში კრიტიკულად მძიმე პაციენტები არ არიან, თუმცა სხვა ცენტრებში იმყოფებიან პაციენტები, რომელთა მდგომარეობა მძიმეა, ჟანგბადდამოკიდებულები არიან. ვერ ვიტყვით კატეგორიულად, რომ დაავადება შემსუბუქდა. ეს დაავადება გართულებებს არა მარტო მძიმედ მიმდინარეობის შემთხვევაში ტოვებს. შეიძლება დაავადება მსუბუქი იყოს, მაგრამ პნევმონიის მიმდინარეობაში იყოს ისეთი გართულებები, როგორიცაა ფილტვის ფიბროზი, რაც არასასურველია არცერთ შემთხვევაში, ახალგაზრდა იქნება თუ ასაკოვანი. კიდევ განვმეორდები, დავიცვათ ერთმანეთი, დისტანცირება, პირბადის ტარება, თავშეყრის ადგილებიდან თავის შეკავება და რეგულაციების დაცვა აუცილებელია. რეგულაციები არ უნდა იყოს ფიქტიური“,-განაცხადა ეზუგბაიამ.

ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ჯამში, ინფიცირებულთა რაოდენობა 1182 -მდე გაიზარდა. რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, მათი რიცხვი 3-ით გაიზარდა და 962 -ს შეადგენს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა