რომან გოცირიძე - ვანო მერაბიშვილმა გადაწყვიტა, დარჩეს საზოგადოებრივად აქტიურ ადამიანად, პოლიტიკის გარეშე

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, რომან გოცირიძის განცხადებით, ახალციხეში კენჭისყრის შემთხვევაში, ვანო მერაბიშვილი გაიმარჯვებდა, თუმცა გადაწყვიტა, „დარჩეს საზოგადოებრივად აქტიურ ადამიანად, პოლიტიკის გარეშე“.

როგორც გოცირიძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, პოლიტიკის კეთება არ ნიშნავს მხოლოდ პარტიაში ყოფნას.

„უამრავი ჭორი იყო, რომ პოლიტიკაში ბრუნდებოდა ვანო მერაბიშვილი, „ნაციონალური მოძრაობის“ სიაში იქნებოდა ან ახალციხეში მიიღებდა მონაწილეობას. არ ასვენებდნენ ადამიანს, რომელსაც სრული უფლება აქვს, რომ დაბრუნდეს პოლიტიკაში და დარწმუნებული ვარ, მას რომ დაეყენებინა კანდიდატურა ახალციხეში, ის გაიმარჯვებდა. ვინაიდან, მას ჰქონდა გამარჯვების შანსი იქ, სადაც უგონებდნენ, რომ აპირებდა კენჭისყრას. არც თუ უსაფუძვლოდ მიუთითებდნენ რეგიონზე, მაგრამ მან როგორც ჩანს, გადაწყვიტა, რომ გააკეთოს პაუზა, დარჩეს საზოგადოებრივად აქტიურ ადამიანად, პოლიტიკის გარეშე. პოლიტიკის კეთება არ ნიშნავს მხოლოდ პარტიაში ყოფნას. შეიძლება ცალკეული პირების პოზიციამ გავლენა მოახდინოს პოლიტიკურ პროცესზე“, - განაცხადა გოცირიძემ.

მისივე თქმით, ვანო მერაბიშვილის მხრიდან პოლიტიკურ ვაჭრობასთან დაკავშირებით გაკეთებული კომენტარი დამაფიქრებელი შეძახილი იყო.

„ამ შემთხვევაში დამაფიქრებელი შეძახილი იყო, რომ მორჩით ოპოზიცია ერთმანეთში საქმეების გარჩევას, ოლქებში ადგილების გაცვლა-გამოცვლას, რომელიც მან ვაჭრობად მოიხსენია და დაიწყეთ საარჩევნო კამპანიაო. პოლიტიკაში ვაჭრობა რაღაცის სინონიმია. ვაჭრობა არის გარიგების სინონიმი, რომელიც პოლიტიკაში ნორმალური პროცესია, ასევე , შეთანხმების, დათმობების, კომპრომისის სინონიმი. ვაჭრობა შეიძლება ვუწოდოთ მეტაფორულად რაც მოხდა თბილისში, როდესაც პარტიები შეთანხმდნენ და ბუნებრივია, შეთანხმების პროცესი იყო რთული. როდესაც ვიღაცას შეიძლება ჰქონოდა სურვილი რვავე ოლქში დაეყენებინა კანდიდატი და ორში აყენებს, ბუნებრივია, რომ ამ შემთხვევაში სხვადასხვა ინტერესების შეჯერების თანმხვედრი პროცესი იქნებოდა“, - განაცხადა გოცირიძემ.

ცნობისთვის, საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ არ იქნება პარლამენტის წევრი და არ დაიკავებს რომელიმე თანამდებობას მომავალ მთავრობაში.

ამასთან, მისი თქმით, „სამწუხაროდ, ოპოზიციიდან უფრო ხშირად ისმის პოლიტიკური ვაჭრობა, მანდატებისა და სკამების გადანაწილებაზე საუბარი, ვიდრე საზოგადოებისთვის ალტერნატივის შეთავაზება“.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო