ესპანეთის პრემიერი ყოფილი მეფის ხუან კარლოს პირველის ქვეყნიდან წასვლის შესახებ სამეფო სახლის გადაწყვეტილებას, პატივისცემას უცხადებს

ესპანეთის პრემიერ-მინისტრის პედრო სანჩესის განცხადებით, ყოფილი მეფის, ხუან კარლოს პირველის ქვეყნიდან წასვლასთან დაკავშირებით, ის სრულ პატივისცემას უცხადებს სამეფო სახლის გადაწყვეტილებას.

მისივე თქმით, ყოფილი მეფის წასვლის გადაწყვეტილება შესაბამისობაში მოდის ძლიერ დემოკრატიასთან. სანჩესის განმარტებით, „ადამიანები სამართლდებიან და არა ინსტიტუტები“.

„პირველ რიგში, მთავრობას და მე, როგორც პრემიერ-მინისტრს, სრული პატივისცემა გვაქვს სამეფო სახლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიმართ. ასევე, ასამართლებენ ადამიანებს და არა ინსტიტუტებს. ამ შემთხვევაში ბატონმა ხუან კარლოსმა ნათლად გამოხატა, რომ თუკი საჭირო გახდება, ის სასამართლოს განკარგულებაშია ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა ესპანელი“, - განაცხადა პედრო სანჩესმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ არ ფლობს ინფორმაციას, იმყოფება თუ არა ხუან კარლოს პირველი პორტუგალიაში.

3 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ ესპანეთის ყოფილმა მეფემ ხუან კარლოს პირველმა ქვეყნის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. ზოგიერთმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ყოფილი მეფე პორტუგალიაში გადავიდა. ხუან კარლოსის განცხადებით, ის საჭიროების შემთხვევაში, პროკურატურასთან ითანამშრომლებს.

შეგახსენებთ, ბოლო პერიოდში 82 წლის ხუან კარლოს პირველის წინააღმდეგ კორუფციის ბრალდებებმა იჩინა თავი. „როიტერის“ ინფორმაციით, ესპანეთის უზენაესმა სასამართლომ გამოკვლევა დაიწყო მონაწილეობდა თუ არა ხუან კარლოს პირველი ჩქაროსნული რკინიგზის ხელშეკრულების საქმეში, რომელიც საუდის არაბეთთან გაფორმდა. მანამდე შვეიცარულმა გაზეთმა დაწერა, რომ ხუან კარლოსმა ამ საქმეში მონაწილეობისთვის საუდის არაბეთის აწ უკვე გარდაცვლილი მეფისგან 100 მილიონი აშშ დოლარი მიიღო.

ცნობისთვის, მონარქის სავარძელი ხუან კარლოს პირველმა 1975 წელს დაიკავა. 2014 წლის ივნისში იგი ტახტიდან ოფიციალურად გადადგა და ესპანეთის მეფე მისი ვაჟი, ფილიპე VI გახდა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო