ნუნუ მიცკევიჩი აჭარის რეგიონში სამეცნიერო წრეების წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ნუნუ მიცკევიჩმა, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრთან მაია ხაჯიშვილთან და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორთან მერაბ ხალვაშთან ერთად აჭარის რეგიონში სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტები დაათვალიერა და მათ მიღწევებს გაეცნო. ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს“ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, მინისტრის მოადგილემ სამეცნიერო წრეების წარმომადგენლებთან იმ საჭიროებებზე იმსჯელა, რაც მეცნიერების განვითარებისთვის აუცილებელია.

„სამეცნიერო წრეებთან გამართულ შეხვედრებზე საუბარი შეეხო საქართველოში მეცნიერების განვითარების ხელშეწყობას, ახლო მომავალში გადასადგმელ ნაბიჯებს და მეცნიერების მენეჯმენტის სრულყოფის საკითხებს.

როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, მეცნიერების განვითარების პოლიტიკის შემუშავების პროცესში სამინისტროს ერთ-ერთ მთავარ მიზანს პრიორიტეტული მიმართულებების განსაზღვრა და წარმატებული სამეცნიერო ჯგუფების გამოვლენა წარმოადგენს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი კი ნიჭიერი ახალგაზრდების ხელშეწყობაა, რაშიც ღვაწლმოსილ მეცნიერებს უზარმაზარი როლი და პასუხისმგებლობა აკისრიათ. ამიტომ, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ საერთაშორისო პროექტებში მათი ჩართულობა გაიზარდოს - სტრატეგიულად მნიშვნელოვან კვლევებს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის უზარმაზარი მნიშვნელობა აქვს.

ნუნუ მიცკევიჩმა სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების წარმომადგენლებს ინფორმაცია მიაწოდა ასევე უმაღლესი განათლების შედეგებზე ორიენტირებული დაფინანსების ახალ მოდელზე, რომელშიც მნიშვნელოვნად გაიზრდება მეცნიერთა დაფინანსების წილი. ამასთანავე, ევროკავშირის მომდევნო ჩარჩო პროგრამა Horizon Europe და მასში საქართველოს უნივერსიტეტებისა და სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების მონაწილეობის წარმატების მაჩვენებლის გაუმჯობესების მექანიზმებიც გააცნო.

მინისტრის მოადგილე ადგილზე გაეცნო აგრარული და მემბრანული ტექნოლოგიების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მუშაობას, რომელიც საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინიტროს მხარდაჭერით გარემონტდა და აღიჭურვა. აღსანიშნავია, რომ ის ერთადერთი ინსტიტუტია რომელიც მუშაობს მემბრანული ტექნოლოგიური პროცესების სხვადასხვა მიმართულებაზე: მაღალსელექტიური პოლიმერული მემბრანების შექმნაზე, შესწავლაზე, სრულყოფაზე, მემბრანული დანადგარების დამზადებასა და მათ დანერგვაზე სხვადასხვა დაწესებულებაში (სამედიცინო, ქიმიურ-ფარმაცევტულ ქარხნებში, გადამამუშავებელი მრეწველობის, აგროსამრეწველო სფეროს ცალკეულ დარგებსა და ფირმებში), თუ ინდივიდუალური მოხმარებისათვის. ინსტიტუტის არსებობის მანძილზე, აგრარული მიმართულებით შემუშავებულია 100-ზე მეტი ტექნოლოგია ციტრუსოვანთა ნაყოფის სასაქონლო და სამრეწველო გადამუშავების მიმართულებით.

მინისტრის მოადგილემ ქობულეთში ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტის ახლადდასრულებული კორპუსი დაათვალიერა, რომელიც 5 ჰექტარ მიწის ნაკვეთზეა განთავსებული. სამსართულიანი კორპუსი სრულად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს და სრულადაა გათვალისწინებული კვლევითი სფეროს სპეციფიკისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა. ინსტიტუტში, რომელიც 1959 წელს დაარსდა, მცენარეთა დაცვისა და სურსათის უვნებლობის მიმართულებით ქვეყნისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის კვლევები ხორციელდება. მათ ბაზაზე კი განათლებას იღებენ ბაკალავრები, მაგისტრები და დოქტორანტები, რომლებიც უმნიშვნელოვანეს პროექტებში ცნობილ მეცნიერებთან ერთად მონაწილეობენ.

შეხვედრის დასასრულს, ნუნუ მიცკევიჩმა ხაზი გაუსვა, რომ სამეცნიერო წრეებთან შეხვედრები სისტემატურად გაგრძელდება, რადგან მეცნიერების რეფორმის ფარგლებში, მათი გამოცდილების გაზიარება უმნიშვნელოვანესია”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა