დავით ბაქრაძე - აშშ თავდაცვის ავტორიზაციის აქტში შესწორება არის გაფრთხილება ხელისუფლებისთვის და მხარდაჭერა ოპოზიციისთვის

„ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარის, დავით ბაქრაძის შეფასებით, აშშ -ს კონგრესის წარმომადგენელთა პალატის შესწორება აშშ თავდაცვის ავტორიზაციის აქტში, აშშ-ს მიერ საქართველოს დაფინანსებას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს.

როგორც ბაქრაძემ აღნიშნა, ეს არის კიდევ ერთი მიზეზი, რატომ არ უნდა აირჩიოს ამომრჩეველმა მოქმედი ხელისუფლება ოქტომბრის არჩევნებზე.

დავით ბაქრაძის განმარტებით, საქართველოს მოქალაქეებისთვის განკუთვნილი დახმარება „ქართული ოცნების“ და მათი ლიდერების პრორუსული პოლიტიკის მძევალი არასდროს აღარ უნდა გახდეს.

„ეს ბოლო ერთი თვის განმავლობაში უკვე მეორე შემთხვევაა, როდესაც ქართველი ხალხისთვის განკუთვნილი დახმარება ეჭვის ქვეშ დგება საქართველოს ხელისუფლების მოქმედებების გამო. რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ეს არ არის ცალკეული კონგრესმენების განცხადება, კომენტარი ან თუნდაც წერილი, ეს არის დოკუმენტი, რომელსაც აქვს სავალდებულო ძალა და მიღებულია მთლიანად წარმომადგენლობითი პალატის კენჭისყრით. ეს არის კონგრესის ოფიციალური დოკუმენტი. უკვე მეორე შემთხვევაა, როდესაც ქართველი ხალხისთვის განკუთვნილ დახმარებას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს საქართველოს ხელისუფლება და „ქართული ოცნების“ მოქმედება. ეს არის კიდევ ერთი მიზეზი, რატომ უნდა ვუთხრათ „არა“ ამ ხელისუფლებას ოქტომბრის არჩევნებზე - იმიტომ, რომ ქართველებისთვის, საქართველოს მოქალაქეებისთვის განკუთვნილი დახმარება არასდროს აღარ გახდეს „ოცნების“ და მათი ლიდერების პრორუსული პოლიტიკის მძევალი. ქართულ-ამერიკული ურთიერთობების განვითარება უნდა გაგრძელდეს ყოველგვარი კითხვის ნიშნების, პირობითობებისა და შეფასების გარეშე“, - განაცხადა ბაქრაძემ.

მისი თქმით, ეს არის უმძიმესი სიგნალი საქართველოს ხელისუფლებისთვის.

„ეს არის გაფრთხილება ხელისუფლებისთვის და მხარდაჭერა ოპოზიციისთვის, თითოეული იმ ადამიანისთვის, ვინც მიიჩნევს, რომ საქართველოში დემოკრატიული არჩევნები უნდა ჩატარდეს. ის ფაქტი, რომ ხელისუფლება არჩევნებამდე 3 თვით ადრე იღებს ასეთი ტიპის გაფრთხილებას, ეს რა თქმა უნდა, ცალსახად მიანიშნებს იმ უმძიმეს რეპუტაციაზე, რომელიც „ქართულ ოცნებას“ შეერთებული შტატების კონგრესში გააჩნია“, - განაცხადა ბაქრაძემ.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს