ეროვნული ბანკი საკოლექციო მონეტების დიზაინზე განმეორებით კონკურსს აცხადებს

საქართველოს ეროვნული ბანკი ორი ახალი საკოლექციო მონეტის დიზაინის შექმნის მიზნით განმეორებით კონკურსს აცხადებს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ეროვნული ბანკიდან აცნობეს, კონკურსი შემდეგ თემებზე ცხადდება: საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პირველი კონსტიტუციის მიღებიდან 100 წელი; დედამიწის დღე; საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პირველი კონსტიტუციის მიღებიდან 100 წელი.

„1921 წლის 21 თებერვალს საქართველოს დამფუძნებელთა კრებამ საქართველოს პირველი რესპუბლიკის კონსტიტუცია მიიღო. კონსტიტუციით განისაზღვრა, რომ საქართველო თავისუფალი, დამოუკიდებელი და განუყოფელი სახელმწიფოა და პოლიტიკური წყობილების მუდმივი და უცვლელი ფორმა დემოკრატიული რესპუბლიკაა.

1921 წლის კონსტიტუცია გამოირჩევა ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების განმტკიცებით. კონსტიტუციის ტექსტი ერთ-ერთი პროგრესული იყო ევროპის კონტინენტზე.

2021 წელს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პირველი კონსტიტუციის მიღებიდან 100 წელი სრულდება და სწორედ ამიტომ, ეროვნულმა ბანკმა გადაწყვიტა გამოუშვას ამ თარიღის აღსანიშნავად საკოლექციო დანიშნულების 5 ლარის ნომინალის ვერცხლის მონეტა, რაც მიზნად ისახავს ამ მოვლენის მნიშვნელობის ხაზგასმასა და დემოკრატიული ღირებულებების მხარდაჭერას“, - აღნიშნულია ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, საკოლექციო დანიშნულების მონეტის დიზაინის ესკიზის შესაქმნელად ახალი კონკურსის პირობები განთავსებულია ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე.

რაც შეეხება დედამიწის დღეს, როგორც ბანკის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ის ყოველწლიურად მთელს მსოფლიოში 22 აპრილს აღინიშნება.

„ეს დღე გლობალურ ინიციატივაა, რომელიც გარემოს დაცვის მხარდასაჭერად მილიონობით ადამიანს აერთიანებს. გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 22 აპრილი დედამიწის საერთაშორისო დღედ 2009 წელს მიღებული რეზოლუციით გამოაცხადა და ამ გზით შეუერთდა სამოქალაქო საზოგადოების იმ ჯგუფებს, რომლებიც ამ თარიღს ადრეც აღნიშნავდნენ.

დედამიწის დღესთან დაკავშირებით, საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში შემეცნებითი ღონისძიებები იმართება.

გარემოსდაცვითი საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე ეროვნულმა ბანკმა მიიღო გადაწყვეტილება შეუერთდეს ამ გლობალურ ინიციატივას და 2021 წელს დედამიწის დღის აღსანიშნავად საკოლექციო დანიშნულების 5 ლარის ნომინალის ვერცხლის მონეტა გამოუშვას, რაც მიზნად ისახავს ამ აქტივობების ხელშეწყობასა და საქართველოს პოპულარიზაციას საერთაშორისო მასშტაბით“, - აღნიშნულია გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

საკოლექციო მონეტის დიზაინის ესკიზის შესაქმნელად ახალი კონკურსის პირობები განთავსებულია ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა