ალექსანდრე ლუკაშენკო რუსეთის 33 დაკავებული მოქალაქის საქმესთან დაკავშირებით რუსეთისა და უკრაინის გენერალური პროკურატურის წარმომადგენლებს ბელარუსში იწვევს

ბელარუსში დაკავებულ მებრძოლებთან დაკავშირებული სიტუაციის შესასწავლად რუსეთისა და უკრაინის გენერალური პროკურატურის წარმომადგენლები ქვეყანაში უნდა მოვიწვიოთ, - სააგენტო BelTA-ს ინფორმაციით ამის შესახებ ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ განაცხადა.

„გენერალურ პროკურატურას უნდა დავავალო, რომ ბელარუსში დაკავებულ 33 მებრძოლთან დაკავშირებული სიტუაცია რუსეთისა და უკრაინის გენერალური პროკურატურის წარმომადგენლებთან ერთად განიხილონ. ამ საკითხთან დაკავშირებით გუშინ უკრაინის პრეზიდენტთან ხანგრძლივი საუბარი მქონდა,“- აღნიშნა ლუკაშენკომ.

მისივე თქმით, გადაწყვეტილების მიღებისას მხარეებმა ბელარუსისა და საერთაშორისო კანონმდებლობითა უნდა იხელმძღვანელონ.

„ჩემი პოზიცია ცალსახაა: ბელარუსისა და საერთაშორისო კანონმდებლობით უნდა ვიხელმძღვანელოთ, თუმცა დიდი მნიშვნელობა აქვს ჰუმანურობის პრინციპს. კანონი ყველაფერს არ ადგენს. აუცილებელია, ადამიანური ფაქტორის გათვალისწინებითაც ვიმოქმედოთ,“- აღნიშნა ლუკაშენკომ.

მისივე თქმით, საკითხის გადაწყვეტა მისი პოლიტიზირების გარეშე უნდა მოხდეს.

„საკითხის პოლიტიზირება არ უნდა მოხდეს. არ გვჭირდება თეატრები, არც პოლიტიკური და არც ეკონომიკური. მათ არ უნდა დაგვაშინონ შედეგებით. ნუ გვემუქრებიან ამერიკელებით, ნატოთი. ეს 33 ადამიანი აქ არც ნატო-ს გამოუგზავნია და არც ამერიკელებს ”, - აღნიშნა ალექსანდრე ლუკაშენკომ.

მისივე თქმით, თუკი უკრაინა და რუსეთი შეთავაზებაზე უარს იტყვიან, ბელარუსი საკითხს მათ გარეშე გადაწყვეტს.

შეგახსენებთ, ბელარუსის დედაქალაქში რუსეთის 33 მოქალაქე 29 ივლისს დააკავეს. ბელარუსი სამართალდამცავები აცხადებენ, რომ დაკავებულები კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ წევრები არიან, რომლებიც ბელარუსში წინასაარჩევნოდ დესტაბილზიაციის მოსაწყობად ჩავიდნენ. მოსკოვში კი ამტკიცებენ, რომ მათ მოქალაქეებს კანონი არ დაურღვევიათ, ისინი ბელარუსიდან სტამბოლში გამგზავრებას აპირებდნენ და ყველა საჭირო დოკუმენტი თან ჰქონდათ.

დიმიტრი შველიძე - ახლა პოლიტიკური ელიტა იდეებისაგან დაცლილია, ფულის ფაქტორი გადამწყვეტია, სოციალური პოლარიზაცია უძლეველია და კაცმა არ იცის, ელექტორატის უმრავლესობა ვის უჭერს მხარს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.09.2021
თენგიზ ფხალაძე - საშიშ ფაზაში ვიმყოფებით, მსოფლიოში მიმდინარე პროცესები ყურადღების მიღმა გვრჩება, ყველაფერს ვაკეთებთ სახელმწიფოს ჩამოსაშლელად, მოწინააღმდეგეს მხოლოდ ისღა რჩება, რომ ამ პროცესში ხელი არ შეგვიშალოს
„კასტელო მარე“ ზაფხულის წარმატებული სეზონის შემდეგ საშემოდგომო სეზონისთვის ემზადება
„უმალი“ გაყინული თევზის ბაზარზე შესვლას გეგმავს
დიდი ფასდაკლება შერჩეულ პროდუქციაზე - სექტემბრის ტოპ შეთავაზება „მიჰაუსისგან“
კომპანია “ლისი რეკრეაცია” ლისის ტბასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს