რამაზ საყვარელიძე - დახმარებები რომ არ გაკეთებულიყო, ოპოზიცია იტყოდა, ხელისუფლება დაუნდობელია, ასეთი სიტუაციაა - „ჭრელო პეპელა, ნურც გაფრინდები, ნურც მოფრინდები“

„ქართული ოცნების“ რეიტინგი გაცილებით მაღალია, ვიდრე ოდესმე, მოსყიდვაზე ზრუნვა დამაჯერებლად არ გამოიყურება, - ამის შესახებ პოლიტოლოგმა რამაზ საყვარელიძემ განაცხადა.

როგორც მან „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, ხელისუფლება მოსახლეობას პანდემიის ფონზე რომ არ დახმარებოდა, ოპოზიცია მაინც იტყოდა, რომ მთავრობა საკუთარი მოქალაქეების მიმართ დაუნდობელია.

რამაზ საყვარელიძის თქმით, ოპოზიცია ხელისუფლების ანტიკრიზისულ ღონისძიებებს იმის გამო აკრიტიკებს, რომ შემდგომ საერთაშორისო არენაზე არჩევნების ლეგიტიმურობა ეჭვქვეშ დააყენოს.

„არჩევნებამდე დიდი ხნით ადრე რამდენი კვლევაც ჩატარდა, „ქართული ოცნების“ რეიტინგი უფრო მაღალი იყო, ვიდრე იმ ოპოზიციის, რომელიც დღეს ხელისუფლების მხრიდან მოსყიდვაზე საუბრობს, მათ შორის ბოლო ხანებში გაცილებით მაღალი იყო ხელისუფლების რეიტინგი ისეთ კვლევებშიც კი, რომელიც ოპოზიციის დაკვეთით ჩატარდა. გარდა კვლევებისა, ოპოზიციამ ვერცერთ არჩევნებში საკმარისი ადგილი ვერ მოიპოვა და „ქართული ოცნება“ თავის პოლიტიკურ მიზანს აღწევს. ამ ფონზე, თან წელს, როდესაც „ქართული ოცნების“ რეიტინგი გაცილებით მაღალია, ვიდრე არჩევნებამდე ოდესმე იყო, მოსყიდვაზე ზრუნვა დამაჯერებლად არ გამოიყურება. მითუმეტეს, კოვიდ-19-ის ფონზე არის ეს დახმარებები და ეს რომ არ გაკეთებულიყო, მაშინ ოპოზიცია იტყოდა, რომ „ხელისუფლება მოსახლეობის მიმართ დაუნდობელიაო“. „ჭრელო პეპელა, ნურც გაფრინდები, ნურც მოფრინდები“- ასეთი სიტუაციაა. ამიტომ, ჩემი აზრით, ასეთი განცხადები ძირითადად უცხოელებისთვის კეთდება, რომ მათ არჩევნების ლეგიტიმურობაში ეჭვი შეიტანონ. ვფიქრობ, ასეთი განცხადებები უფრო სამარცხვინოა იმ პირობებში, როდესაც ქვეყანას და ადამიანებს ძალიან უჭირთ. იმის თქმა, რომ თუ ამ ადამიანებს რაიმე დახმარებას მისცემენ, თავიანთ პოლიტიკურ მრწამსსა და კრედოს უღალატებენ, უპირველეს ყოვლისა, ამ ადამიანების შეურაცხყოფაა“, - განაცხადა საყვარელიძემ.

მისი განმარტებით, 2012 წელს ამომრჩეველი მოისყიდეს, დააშინეს კიდეც, თუმცა, მოქალაქეებმა მაინც „ქართულ ოცნებას“ მისცეს ხმა.

„2012 წელს დარიგებითაც დაურიგეს, დაშინებითაც დააშინეს და ხალხმა მაინც ხელისუფლების ოპონენტ პარტია „ქართულ ოცნებას“ მისცა ხმა. ასე რომ, ხალხს მკაფიო პოლიტიკური გადაწყვეტილება აქვს მიღებული, მათთან ამ ტიპის მეთოდები არ ჭრის. ყველამ გაიხსენოს, რომ 2012 წელს ხელისუფლების ვერავითარმა ძალისხმევამ მოსახლეობის პოლიტიკური ნება ვერ შეაჩერა. თუკი არსებობს პოლიტიკური ნება იმისა, რომ „ქართული ოცნება“ ხალხს არ უნდა და „ნაციონალური მოძრაობა“ უნდა, ამას ვერაფერი შეაჩერებს. თუმცა, ძალიან კარგად იციან ამ რეპლიკების ავტორებმა, რომ საქმე სულ პირიქითაა. ხალხს თუ რაიმე არ უნდა, ჯერ „ნაციონალური მოძრაობაა“. მეორე, მესამე რიგში თუ „ნაციონალური მოძრაობა“ პოლიტიკურ არენაზე აღარ იქნება, მერე დაფიქრდება იმაზე, „ქართული ოცნებაც“ ხომ არ არის გასაშვებიო, მაგრამ სანამ ამ რეპლიკების ავტორები არიან, რომლებიც ადამიანებს შეურაცხყოფას აყენებენ, ისინი ამ ადამიანებზე ვერასდროს გაიმარჯვებენ, ეს თვითონაც იციან“, - განაცხადა საყვარელიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა