გენერალური პროკურატურა ირაკლი შოთაძისა და  თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრების შეხვედრის თაობაზე ინფორმაციას ავრცელებს

საქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრებს და ოჯახის ადვოკატს შეხვდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ გენერალური პროკურატურიდან აცნობეს, ირაკლი შოთაძემ თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრებს მოუსმინა და სისხლის სამართლის საქმის გამოძიების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

მათივე განმარტებით, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ 24 ივლისს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ საერთაშორისო სამართლებრივი დახმარების ფარგლებში, აშშ-ში კომპანია „ფეისბუქის“ ადმინისტრაციას მიმართა თამარ ბაჩალიაშვილის „ფეისბუქ“ მონაცემების შენახვის მოთხოვნით.

„მონაცემების შენახვა მოთხოვნილ იქნა „ფეისბუქ“ მომხმარებლის პროფილის შექმნის დღიდან 24 ივლისის ჩათვლით (ის რისი შენახვის მაქსიმალური შესაძლებლობა არსებობს). „ფეისბუქის“ ადმინისტრაციამ საერთაშორისო სამართლებრივი არხებით მოთხოვნის მიღება იმავე დღეს დაადასტურა და გვაცნობა, რომ მონაცემები შენახული იქნებოდა მოთხოვნის შესაბამისად.

27 ივლისს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ საერთაშორისო სამართლებრივი დახმარების ფარგლებში აშშ-ში კომპანია „ფეისბუქის“ ადმინისტრაციას ასევე მიმართა თამარ ბაჩალიაშვილის „ინსტაგრამ“ მონაცემების შენახვის მოთხოვნით.

27 ივლისს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ასევე საერთაშორისო სამართლებრივი დახმარების ფარგლებში აშშ-ში კომპანია „გუგლის“ ადმინისტრაციას მიმართა თამარ ბაჩალიაშვილის „გუგლის“ მომსახურებების (ელექტრონული ფოსტა, ინტერნეტში შესვლის ისტორია, იუთუბი) მონაცემების შენახვის მოთხოვნით. აღნიშნული მოთხოვნის შესრულება „გუგლმა“ პროკურატურას 31 ივლისს დაუდასტურა.

28 ივლისს (ფეისბუქ ანგარიშის წაშლის დღე) საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ კვლავ მიმართა აშშ-ში კონპანია „ფეისბუქს“ 25 ივლისიდან 28 ივლისის ჩათვლით მონაცემების შენახვის მოთხოვნით. „ფეისბუქმა“ იმავე დღეს დაადასტურა, რომ შეინახა მონაცემები, იმის მიუხედავად, რომ მომხმარებელი აღარ იძებნებოდა საჯაროდ.

28 ივლისს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ კომპანია „ფეისბუქის“ სამართალდამცავებთან თანამშრომლობის რეგიონულ კოორდინატორს მიმართა განმარტებისთვის თუ რა შეიძლებოდა გამხდარიყო მომხმარებლის წაშლის მიზეზი. „ფეისბუქმა“ განმარტა, რომ გარდაცვლილი პირის მონაცემს კომპანიის ადმინისტრაცია არ შლის, არამედ ადებს „ხსოვნის“ წარწერას. ის თუ ვინ წაშალა (ან საჯაროდ ხელმიუწვდომელი გახადა) მომხმარებელი ამის შესახებ ინფორმაციას მოსამართლის განჩინების საფუძველზე მიიღებდა საქართველოს სამართალდამცავი ორგანოები“, - აღნიშნულია უწყების მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

რაც შეეხება მონაცემების გამოთხოვას, როგორც გენერალური პროკურატურის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, 5 აგვისტოს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ საერთაშორისო სამართლებრივი დახმარების ფარგლებში კომპანია „ფეისბუქის“ ადმინისტრაციას (რომელიც მდებარეობს ამერიკის შეერთებულ შტატებში) მიმართა „ფეისბუქ“ და „ინსტაგრამ“ მომხმარებლის არაშინაარსობრივი მონაცემების (თუ როდის და რომელი IP მისამართის გამოყენებით შევიდა მომხმარებელი პროფილზე, IP მისამართის დადგენის შემდეგ შესაძლებელია ინტერნეტის მომხმარებლის რეალური ვინაობის დადგენა) მოწოდების მოთხოვნით. გამოთხოვილი მონაცემები მოიცავს 1 თებერვლიდან 30 ივლისის ჩათვლით პერიოდს. მონაცემების გამოთხოვისთვის საქართველოს პროკურატურამ წარადგინა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გაცემული განჩინება.

5 აგვისტოს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ საერთაშორისო სამართლებრივი დახმარების ფარგლებში ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტს მიმართა „ფეისბუქ“ და „ინსტაგრამ“ მომხმარებლის შინაარსობრივი მონაცემების მოპოვების შუამდგომლობით. გამოთხოვილი მონაცემები მოიცავს 1-ლი თებერვლიდან 30 ივლისის ჩათვლით პერიოდს“, - ნათქვამია უწყების მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე ოჯახის წევრებს განემარტათ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება, ტარდება შესაბამისი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები.

საქართველოს პროკურატურა გამოთქვამს მზაობას, მომავალშიც საჭიროების შემთხვევაში, მიმართოს პარტნიორი ქვეყნების საგამოძიებო უწყებებს და უცხო სახელმწიფოს შესაბამის საექსპერტო დაწესებულებებს საქმისთვის მნიშვნელოვანი მტკიცებულებების მოპოვების თხოვნით.

საქართველოს პროკურატურა სისხლის სამართლის საქმის გამოძიების მიმდინარეობის ფარგლებში თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახს ინტენსიურად მიაწვდის სამართლებრივი გადაწყვეტილებების შესახებ ინფორმაციას. ასევე, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, პროკურატურა ოჯახთან კონსულტაციის შემდეგ მოახდენს საზოგადოების ინფორმირებას.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო