ლევან კობერიძე - გიორგი გახარიამ ჯერ მაკო გომურს ჩახედოს თვალებში და მერე ილაპარაკოს მსგავსი ტერმინებით მოსახლეობასთან

როდესაც პრემიერ-მინისტრი გახარია ამბობს, აბა, თვალებში ჩამხედონ, ვისაც ეს არ მოეწონებაო, ემოციურ დონეზე მე მას შემიძლია ვუპასუხო - ჯერ მაკო გომურს ჩახედოს თვალებში და მერე ილაპარაკოს მსგავსი ტერმინებით მოსახლეობასთან მიმართებაში, - ასე შეაფასა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა ლევან კობერიძემ მთავრობის მიერ დღეს გაცხადებული სოციალური დახმარებების ახალი პაკეტი.

როგორც კობერიძემ გადაცემაში აღნიშნა, მოსახლეობის, ბიუჯეტის ფულით და არა საკუთრი ფულით „თავმოწონება“ არ არის კარგი მოქმედი პრემიერ-მინისტრისთვის.

„სამწუხაროა, რომ დღეს ჩვენ ორმაგი ტრიუკების და ცოტა ტყუილის მოსმენა მოგვიწია. დასახელდა, რომ 410 მილიონი ძალიან კარგ მიზნებზე მიიმართება. ამას რა ჯობს, ეს მოსახლეობის ფულია, თქვენი, ჩემი, ეს არ არის მთავრობის საჩუქარი და ეს კარგია. გაგახსენებთ ციფრს, რამდენი იყო დასახელებული 6-თვიანი 200-ლარიანი პაკეტისთვის, მათთვის, ვინც სამუშაოს დაკარგავდა. პირველ ჯერზე, როდესაც ეს გაჟღერდა, ეს იყო 460 მილიონი ლარი. რა გვაქვს რეალობაში? - სამი თვე გავიდა და დახარჯულია მხოლოდ 70 მილიონი, უნდა დახარჯულიყო 230 მილიონი ამ სამ თვეში. 230-ს რომ 70 გამოვაკლოთ 160-ია, ანუ 160 მილიონი ლარი იმ თანხიდან არ დახარჯულა. დავამატოთ მეორე სამი თვე, სავარაუდოდ, იგივე ტენდენციით ან ცოტა ნაკლებით და გამოვა ჯამურად 320 მილიონი. 410 მილიონს რომ გამოაკელით 320 მილიონი და მიხვდებით, რომ ჩვენთან დასახელებული თანხის უდიდესი ნაწილი, უკვე მეორედ გაიმეორეს. საუბრის დროსაც კი გვატყუებენ. ან თავის დროზე დათვალეს არასწორად ის 460 მილიონი, ან არასეულყოფილად გასცეს. თავს რატომ იწონებენ ამ ციფრებით?“, - განაცხადა კობერიძემ.

რაც შეეხება კომუნალურ გადასახადებს, კობერიძის შეფასებით, მთავრობის მიერ ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება ამ პაკეტით მოსახლეობისთვის დახმარებაა. თუმცა, ზოგადი შეფასებისას კობერიძემ აღნიშნა, რომ „მთავრობის მიერ Covid-19-თან დაკავშირებით გაწეული ხარჯები, რომელშიც ძალიან დიდი კორუფციული გარიგებებია, მომავალი მთავრობებისათვის აუცილებლად უნდა გახდეს პროკურატურაში საქმეების აღძვრის და აუდიტის სამსახურის მიერ გამოძიების ჩატარების მიზეზი“.

მისივე თქმით, „ახლა რომ უხარიათ მაღალჩინოსნებს ხალხის გაჭირვების ფონზე ფულის შოვნა, ძალიან ბევრი აღმოჩნდება საბრალდებო სკამზე“.

„ვადასტურებ, რომ კომუნალური გადასახადების სუბსიდირება ნამდვილად არის კარგი და ეს იქნება მოსახლეობისთვის შეღავათი. მოსახლეობას მინდა, ვუთხრა, რომ ეს არ არის გახარიას და ივანიშვილის საჩუქარი. ეს არის ჩვენი საერთო ბიუჯეტი, მათივე გამომუშავებული თანხაა, თუმცა საინტერესოა ეროვნული ბანკის პოზიცია, როგორ აისახება ეს თანხა ინფლაციაზე. 410 მილიონი ისევ მოსახლეობას დაუბრუნდება გაზრდილი ფასებით. არ გამოვრიცხავ მსგავსი ტიპის თანხები წინასააწრჩევნო მოსყიდვად შეაფასოს სადამკვირვებლო მისიებმა და კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს არჩევნების შედეგები და მისი ლეგიტიმურობა. გვესმის, რომ მოსახლეობას უჭირს, მაგრამ ამას ჰქვია მოსყიდვა და სხვა არაფერი. ივანიშვილს თავისი ფულის დახარჯვაც აღარ უნდა და პირდაპირ ბიუჯეტის ფულით უნდა მოისყიდოს ამომრჩეველი. მივესალმები ნებისმიერ შეწირულობას, მაგრამ როგორც ჩანს, ივანიშვილი საკუთარი მთავრობის წევრებსაც არ ენდობა და ამიტომ 100-მილიონიანი შეწირულობა საბიუჯეტო თანხების განკარგვის ფორმით აპირებს დახარჯოს, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს თანხა აუდიტის სამსახურის კონტროლის ქვეშ მოხვდება“, - აღნიშნა კობერიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო