ეკა ლალიაშვილი ჭავჭავაძის გამზირზე - ამ ტიპის გზის დაგეგმარებით, სივრცე მოძრაობის ყველა მონაწილეზე თანაბრად გადანაწილდა - ვთვლი, რომ სხვა დიდი გამზირებიც ჭავჭავაძის მსგავსად უნდა დაგეგმარდეს

„ამ ტიპის გზის დაგეგმარებით, სივრცე მოძრაობის ყველა მონაწილეზე თანაბრად გადანაწილდა - ვთვლი, რომ სხვა დიდი გამზირებიც ჭავჭავაძის მსგავსად უნდა დაგეგმარდეს“, - ამის შესახებ „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ გამგეობის თავმჯდომარემ, ეკა ლალიაშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ჭავჭავაძის გამზირის ახალი დაგეგმარების განხილვისას მნიშვნელოვანია ზოგადად, გზის მოწყობის თანამედროვე პრინციპის გათვალისწინება.

„გზა თანაბრად უნდა იყოს გადანაწილებული საგზაო მოძრაობის სხვადასხვა მონაწილეზე, იქნება ეს ფეხით მოსიარულე, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მომხმარებელი, კერძო ავტომობილები თუ ველოტრანსპორტი. ყველა მათგანი უფლებამოსილია, გზით თანაბრად ისარგებლოს. ჩვენთან ათწლეულების განმავლობაში ქუჩის მოწყობის პრინციპი ცოტა სხვაგვარი, კერძო ავტომობილებზე ორიენტირებული იყო და უმცირეს მდგომარეობაში რჩებოდნენ ქვეითად მოსიარულეები, ველოტრანსპორტის გზა საერთოდ არ არსებობდა, საზოგადოებრივი ტრანსპორტიც ასე ვთქვათ, დისკრიმინაციულ მდგომარეობაში იყო. ამან კერძო ტრანსპორტის წახალისება გამოიწვია და შედეგად, მისი მკვეთრი ზრდა მივიღეთ. მოკლე მანძილებზე ავტომობილებით სიარულსაც შევეჩვიეთ, ამან თავის მხრივ, იმ სივრცეების კიდევ უფრო შემცირება გამოიწვია, რომელიც ისედაც შეზღუდული იყო - მივიღეთ ტროტუარების გაქრობა და მათი პარკირების ადგილებად ქცევა, პრაქტიკულად, ქვეითების კუთვნილი სივრცეების კიდევ უფრო დავიწროვება. იგივე ჭავჭავაძეზე მხოლოდ ვიწრო ბილიკებიღა რჩებოდა, ბავშვის გასეირნება შეუძლებელი იყო, გადასასვლელები პრაქტიკულად არ იყო, იყო მიუწვდომლად მაღალი ხიდები, რომლით სარგებლობაც რთული იყო ეტლიანი მშობლებისთვისთვის, შშმ პირებისთვისა და ასაკოვნებისთვის. ასეთია პრეისტორია, რომელიც ჩვენ გვავიწყდება“, - აღნიშნა ლალიაშვილმა.

მისი თქმით, ჭავჭავაძის გამზირის დაგეგმარება რადიკალურად შეიცვალა და საგზაო მოძრაობის ყველა მონაწილეზე გახდა ორიენტირებული.

„შეიძლება ითქვას, სივრცე სამართლიანად გადანაწილდა. გასაგებია, რომ ამან გარკვეული სირთულე გამოიწვია, რადგან დასაწყისში ადაპტირება არ არის მარტივი - ჯერ ერთი, ეს შეჩვევის საკითხია, თუნდაც ქვეითებისთვის. ის ავტობუსის ზოლიც, რომელიც შუაში მდებარეობს, დიდი სიახლეა. ახალი დაგეგმარებით აგრესია მივიღეთ მძღოლებისგან, რადგან პრაქტიკულად, მათთვის გზა განახევრდა. თუმცა, ეს, ისევე როგორც სხვა ქვეყნებში, დალაგდება, ჯერ საწყის ეტაპზე ვართ და ასეთი გაუვალი საცობები გასაგებია. ეს საცობებიც მხოლოდ დღის კონკრეტულ მონაკვეთშია და ისიც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჭავჭავაძეს პიკურ საათებში საცობი ისედაც არ აკლდა. თუმცა ის, რომ ჭავჭავაძის გამზირი ისე გამოიყენებოდა, როგორც ტრანზიტული გზა, ეს მგზავრობები სხვა გზებზე გადანაწილდება. ასევე, როდესაც საუბარი მოკლე მანძილზეა, ნელ-ნელა, ადგილობრივი მცხოვრებლების ქცევის შეცვლაც დაიწყება. ამ ტიპის გზის დაგეგმარება მიმართულია იმისკენ, რომ ხელი შეუწყოს უფრო ჯანსაღი ტიპის ტრანსპორტის, ეკოტრანსპორტის განვითარებას - ველოსიპედსაც ვგულისხმობ, საზოგადოებრივ ტრანსპორტს და ფეხით სიარულსაც, რაც ასევე ძალიან გვაკლია ყოველდღიურობაში“, - განაცხადა ეკა ლალიაშვილმა.

„საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ გამგეობის თავმჯდომარე სხვა დიდი გამზირების დაგეგმარების საჭიროების შესახებაც ისაუბრა.

„ვხედავ სხვა დიდი გამზირების ჭავჭავაძის მსგავსად დაგეგმარების საჭიროებას, რუსთაველი იქნება ეს, ვაჟა-ფშაველა, ყაზბეგი, თამარაშვილი თუ სხვა. ეს ქუჩები ჭავჭავაძის გამზირის დაგეგმარების გაგრძელება იქნება, რაც მთავარია, ეს მოკლე დროში უნდა მოხდეს, რათა წრე შეიკრას და საზოგადოებრივ ტრანსპორტს შეუფერხებელი მოძრაობა ჰქონდეს, ამასთანავე, ფეხით მოსიარულეებისთვის გადასასვლელები და ტროტუარები სხვა ქუჩებზეც უფრო ხელმისაწვდომი გახდეს“, - დასძინა მან.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო