შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ახალი სახელმწიფო მინისტრი - ომის შემდგომაც არაჰუმანურმა საოკუპაციო რეჟიმმა არაერთი ჩვენი მოქალაქის სიცოცხლე შეიწირა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ახალმა სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა გორში რუსეთ - საქართველოს ომში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგო და მემორიალი ყვავილებით შეამკო.

სახელმწიფო მინისტრის განცხადებით, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი ყველაზე ტრაგიკულ თარიღად ჩაიწერა საქართველოს უახლეს ისტორიაში.

„ჩვენ დავკარგეთ, როგორც მშვიდობიანი მოსახლეობა, ასევე მებრძოლი ჯარისკაცები, რომელთა სიმამაცე და პატრიოტული სულისკვეთება დარწმუნებული ვარ, კიდევ არაერთხელ შეიტანდა მნიშვნელოვან წვლილს ჩვენი ქვეყნის მშვიდობის და დამოუკიდებლობის განმტკიცებაში. დიდ პატივს მივაგებ მათ ხსოვნას და ვუსამძიმრებ მათ ოჯახებს, ისევე როგორც მთლიანად ქართულ საზოგადოებას. სამწუხაროდ, ომის შემდგომაც არაჰუმანურმა საოკუპაციო რეჟიმმა არაერთი ჩვენი მოქალაქის სიცოცხლე შეიწირა, განსაკუთრებით გამოვყოფდი არჩილ ტატუნაშვილს, გიგა ოთხოზორიას, დავით ბაშარულს, ირაკლი კვარაცხელიას, რომელთა ხსოვნას ძალიან დიდ პატივს მივაგებ დღეს. ასევე, გამყოფი ხაზების ორივე მხარეს მცხოვრები ადამიანების ფუნდამენტური უფლებების უხეში დარღვევა გრძელდება და მიმდინარეობს კვლავაც ომით დაშორიშორებული საზოგადოების იზოლაცია და გახლეჩა.

მინდა განსაკუთრებული მადლობა გამოვთქვა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისა და საერთაშორისო საზოგადოების მიერ დღემდე გაწეული თანადგომისა და გამოხატული მტკიცე მხარდაჭერისთვის და რწმენას გამოვთქვამ, რომ მათთან მომავალი ინტენსიური კომუნიკაციის შედეგად, შევძლებთ შერიგების პოლიტიკის ფარგლებში დასახული მიზნების მიღწევას"- განაცხადა თეა ახვლედიანმა.

აღნიშნულ ინფორმაციას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი ავრცელებს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა