ნათია თურნავა - სოციალური დახმარების დრო ადეკვატურად და სწორად არის შერჩეული

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, მთავრობის მიერ დაანონსებულ სოციალური დახმარების პაკეტს არჩევნებთან არავითარი კავშირი არ აქვს.

როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „დღის ნიუსრუმი" განაცხადა, ეს დახმარება აბსოლუტურად დროული და ადეკვატურია.

„კომუნალური გადასახადები და ბავშვების დახმარება ეს არის ურთიერთგადაბმული პაკეტი, რომელიც ერთიანად დაანონსდა და ამას არჩევნებთან არანაირი კავშირი არ აქვს“, - განაცხადა თურნავამ.

მინისტრის განმარტებით, ხელისუფლება ცდილობს, პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის შედეგები მაქსიმალურად შეამსუბუქოს.

„ჩვენ ვართ პასუხისმგებლიანი მთავრობა. რადგან გლობალური გამოწვევის წინაშე დავდექით და პანდემია მძვინვარებს, ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ მოსახლეობამ, რაც შეიძლება, ნაკლებად იგრძნოს ეს დარტყმა და რაც შეიძლება, მეტად შევარბილოთ პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის შედეგები. ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა და მოვალეობა.

რაც შეეხება დროს, დროც ადეკვატურად და სწორად არის შერჩეული. შეგახსენებთ, როგორც კი პანდემია დაიწყო და დავინახეთ, თუ როგორი დამანგრეველი ეფექტი აქვს ამას ეკონომიკისთვის, რა თქმა უნდა, ჯანმრთელობასთან დაკავშირებითაც ძალიან სწრაფი ნაბიჯები იყო გადასადგმელი. ჩვენ დავიწყეთ ანტიკრიზისული გეგმის მომზადება და განხორიელება, თან ვდგამდით ნაბიჯებს და თან შემდეგ ნაბიჯებს ვამზადებდით. ეს რამდენიმე ეტაპად წარიმართა, პირველი ეტაპი იყო მყისიერი რეაქცია, შემდეგ ამას მოჰყვა სოციალური პაკეტი,კომუნალურების სუბსიდირება. ახლა არის მესამე ეტაპი“, - განაცხადა თურნავამ.

მისი თქმით, ხელისუფლების ოპონენტებს სურთ, რომ ეს დახმარება არჩევნებს დაუკავშირონ. თუმცა, როგორც მინისტრი განმარტავს, მნიშვნელოვანია, რომ ხელისუფლება სასწავლო წლის დაწყებისთვის ბავშვებსა და სტუდენტებს დაეხმაროს.

„ჩვენ სხვა არაფრის თქმის საშუალება არ მივეცით და ერთადერთი სათქმელი რაც დარჩათ, ეს არის ის, რომ არჩევნებთან კალენდარულად ახლოს არისო. პროგრამასთან დაკავშირებით საგნობრივი კრიტიკა არ მომისმენია. არ არის დამთხვევა, რომ შემოდგომაზეა. შემოდგომაზე რამდენიმე მნიშვნელოვანი რამაა-ერთი ის, რომ სასწავლო წელი მოახლოვდა. ჩვენ ბოლომდე დარწმუნებულები არ ვიყავით, შევძლებდით თუ არა ნორმალურ რეჟიმში სასწავლო წლის დაანონსებას. ახლა ანტიპანდემიური ქმედება გვაძლევს საშუალებას ვთქვათ, რომ სასწავლო წელი შედგება. ამ დროს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დავეხმაროთ ბავშვებს და დავეხმაროთ სტუდენტებს. სასწავლო წელი მოდის და ძალიან ღირებულია, რომ ოჯახებს დავეხმაროთ, რათა ბავშვები სასწავლო წლისთვის გაამზადონ. ასევე სტუდენტებს დავეხმაროთ იმაში, რომ მათ სწავლის გაგრძელება შეძლონ. ასევე მოდის შემოდგომა-ზამთრის სეზონი და დამატებით ტვირთად დააწვათ ადამიანებს კომუნალური გადასახადები. ამიტომ, ეს დახმარება აბსოლუტურად დროული და ადეკვატურია“, - განაცხადა თურნავამ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა