ირაკლი კობახიძე - ოკუპაციას ჰყავს ორი თანაავტორი - პუტინი და სააკაშვილი

ოკუპაციას ჰყავს ორი თანაავტორი, ერთი არის პუტინი, რუსეთის ფედერაცია და მეორე არის მიხეილ სააკაშვილი, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, პარტიის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა ირაკლი კობახიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებას ჰააგის საერთაშორისო სასამართლოსთან.

კობახიძის თქმით, ამ პასუხისმგებლობას მიხეილ სააკაშვილი და „ნაციონალური მოძრაობა“ ვერ გაექცევა.

„დღეს არის ძალიან მძიმე დღე. ჩვენ ვიხსენებთ 12 წლის წინანდელ მოვლენებს, რამაც საბოლოოდ შედეგად მოგვცა ჩვენი ორი ისტორიული რეგიონის ოკუპაცია, ჩვენი ტერიტორიების 20%-ის ოკუპაცია და ეს იყო ძალიან მძიმე ქმედებების შედეგი, მე ვიტყოდი - ღალატის შედეგი.

ჩვენ გვახსოვს, როგორ ვითარდებოდა მოვლენები მაშინ და მე ვიტყოდი, რომ ამ ოკუპაციას ჰყავს ორი თანაავტორი, ერთი არის პუტინი, რუსეთის ფედერაცია და მეორე არის მიხეილ სააკაშვილი, რომელიც გვესაუბრებოდა ჩვენ ამათთან დაკავშირებით ჰააგიდან. ამ პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა მიხეილ სააკაშვილი და „ნაციონალური მოძრაობა“. გარდა იმისა, რომ მათ განახორციელებინეს პუტინს მისი სცენარი, შემდეგ გაუფორმეს რუსეთს ოკუპაცია, როდესაც ხელი მოაწერეს ევროსაბჭოს რეზოლუციას, სადაც პირდაპირ წერია, რომ ისინი იყვნენ ფართომასშტაბიანი კონფლიქტის ინიციატორები და ამას უპასუხა რუსეთმა“, - განაცხადა კობახიძემ.

მისი შეფასებით, „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან ეს იყო ღალატი.

„თქვენ გახსოვთ ალბათ პრეზიდენტობის კანდიდატმა, თავის დროზე, ორაზროვანი განცხადება გააკეთა და ამას მოაყოლეს მთელი კამპანია, რომ სალომე ზურაბიშვილი არის მოღალატე და აქ რა ხდება? აქ პირდაპირ ხელი მოაწერეს მათ ზუსტად იმას, რასაც ედავებოდნენ სალომე ზურაბიშვილს. სინამდვილეში, სალომე ზურაბიშვილის განცხადება იძლეოდა ინტერპრეტაციის საშუალებას და იქ არავითარ შემთხვევაში პირდაპირ არ იყო ნათქვამი ის, რაც თქვეს „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლებმა, როდესაც ხელი მოაწერეს ამ რეზოლუციას. ამას რა შეიძლება, დაერქვას გარდა ღალატისა? ეს იყო ღალატი, რითაც გაუფორმეს ოკუპაცია პუტინს, რუსეთის ფედერაციას და ამ პასუხისმგებლობას ვერასდროს გაექცევიან და ჩვენც მოგვიწევს მუდმივად ამ უმძიმესი დანაშაულის და ღალატის შეხსენება. თქვენ გახსოვთ ალბათ, როგორ გაიქცა ეს ადამიანი გორში ბრძოლის ველიდან. სიმბოლურად ასე შეიძლება დავინახოთ, როდესაც მიატოვა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელიც იდგა უშიშრად გორის ქუჩაზე და ჩვენმა საზოგადოებამ იხილა გაქცეული მთავარსარდალი“, - განაცხადა კობახიძემ.

მისი თქმით, ეს არის მთავარი გარანტი იმისა, რომ „მუდმივად შემცირდება ნაციონალური მოძრაობის“ რეიტინგი.

„ამ ღალატს ჩვენ მათ ვერ ვაპატიებთ. მუდმივად შევახსენებთ ამას და სწორედ ეს არის ერთ-ერთი მთავარი გარანტი იმისა, რომ არათუ ვერასდროს დაბრუნდება ხელისუფლებაში, არამედ მუდმივად შემცირდება მისი რეიტინგი და ეს არჩევნებიც იქნება ამის მორიგი დადასტურება“, - განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ჰააგის საერთაშორისო სასამართლოსთან განცხადება გააკეთა.

„სანამ პირში სული მიდგას, ვიბრძოლებ სიმართლის დასადგენად, ვიბრძოლებ საქართველოსთვის, ჩვენი ღირსების დასაცავად, ვიბრძოლებ რუსეთის დამქაშების და საქართველოს სიმართლის მტრების წინააღმდეგ. ჩვენი გზა არის სამართლებრივი, კანონიერი და ყველა საერთაშორისო ნორმის დაცვით. მე თვითონ ვარ საერთაშორისო სამართლის სპეციალისტი, მე თვითონ ამ ქალაქში, ჰააგაში ვსწავლობდი მათ შორის, საერთაშორისო სამართალს, მათ შორის, საერთაშორისო სისხლის სამართალს და, რა თქმა უნდა, ჩემთვის ეს არის ნაცნობი თემა“,- აღნიშნა სააკაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო