საოკუპაციო ხაზთან, სოფელ მერეთში უტა ბერიას ფილმის - „უარყოფითი რიცხვები“, ჩვენება გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული კინოცენტრი ავრცელებს. მათი ცნობით, ღონისძიება პროექტ „ზაფხულის კინოსკოლის“ ფარგლებში შედგა და ჩვენებას რეჟისორი უტა ბერია ფილმში ერთ-ერთი მთავარი როლის შემსრულებელთან - თედო ბექაურთან ერთად დაესწრო.
„უარყოფითი რიცხვები“ ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით შექმნილი ფილმია. იგი არასრულწლოვან ვაჟთა კოლონიაში განვითარებული მოვლენების შესახებ მოგვითხრობს, სადაც რაგბის ვარჯიშები ინიშნება და პატიმრებში როგორც ფიზიკური, ასევე მენტალური გამოჯანსაღება იწყება. ფილმის მთავარ გმირს, ნიკას, მოუწევს არჩევანი გააკეთოს მოპოვებულ ავტორიტეტსა და შინაგან თავისუფლებას შორის.
მერეთის გარდა „უარყოფით რიცხვების“ ჩვენებები გაიმართება შემდეგ სოფლებში: ჯვარი, შუაფხო, ხობი, საჯიჯაო, ახუთის თემი, ზოდი და მეჯვრისხევი.
„ზაფხულის კინოსკოლა“ პირველად 2015 წელს განხორციელდა ეროვნული კინოცენტრის ინიციატივითა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით. 2016 წლიდან კი პროექტის მხარდამჭერებს ევროკავშირის პროგრამა “შემოქმედებითი ევროპა” შეუერთდა. პროექტის მიზანია საქართველოს რაიონებში კულტურულ-საგანმანათლებლო ცხოვრების გაცოცხლება და ადგილობრივი კულტურული სექტორის გაძლიერება“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.